ქართულმა სამოყვარულმა კლუბმა “დევებმა”, “შევადენის” სანაკრებო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, თბილისში სტუმრად მყოფ ინგლისურ სარაგბო კლუბ შევენოაკს (შვიდი მუხა) RFC ვეტერანთა გუნდ “Acrons”-თან ამხანაგური მატჩი გამართა და მომხვდური 31:14 დაამარცხა (5:2 ლელოებით).
“Acrons-ი თბილისში ლევან ვასაძის დამსახურებით გვეწვია, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008-2009 წლებში იცავდა. რაგბის სამშობლოს წარმომადგენლები გამართულ რაგბის თამაშობდნენ, მაღალ დონეზე ჰქონდათ პასის კულტურა და კარგი თამაშიც აჩვენეს, მაგრამ ქართველებმა მონდომების და ახალგაზრდული ენერგიის წყალობით, სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს. რადგან ინგლისელთა გუნდი ვეტერანებისა იყო და მასში მხოლოდ იმ მორაგბეს ეძლევა თამაშის უფლება, რომელმაც 35 წელს გადააბიჯა, “დევებმაც”, შეძლებისდაგვარად, ვეტერანთა გუნდი გაიყვანა მოედანზე.
მიუხედავად ამისა, “დევების” შემადგენლობაში ახალგაზრდა მორაგბეებიც ბურთაობდნენ და მათმა სწრაფმა გარღვევებმა მატჩის ბედი გადაწყვიტეა. ტაიმი თბილისელებმა 14:7 მოიგეს, მეორე ნახევარში კიდევ სამი ლელო გაიტანეს და 31:7 დაწინაურდნენ, სულ ბოლოს კი, ინგლისელებმა ჩამორჩენა შეამცირეს. უნდა ითქვას, რომ მატჩის მსვლელობისას, ქართველთა შემადგენლობა პრაქტიკულად სრულად შეიცვალა, რადგან ვეტერანებმა მთელი 80 წუთი ვერ გაძლეს, ინგლისელი ვეტერანები კი, უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ.
“დევების” რიგებში, საწყის 30 წუთში განსაკუთრებით გამოირჩეოდა 9 ნომერი, ახალზელანდიელი ლეგიონერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რომელსაც ტრიბუნებიდან მეუღლე და ორი ქალიშვილი ქომაგობდა. შესვენებისას, “acrons”-ის მორაგბეებს სიურპრიზი ელოდათ. მათ “დევების” ორმა მორაგბემ, რომელთაც სათამაშო ფორმაზე სმოკინგი ჰქონდათ შემოცმული და ბაფთა ეკეთათ, ცივი შამპანური მიართვეს, რომელიც შესვენებისას ქართველმა მორაგბეებმაც დააგემოვნეს, მოწინააღმდეგეს რომ არ ეთქვა, დაგვათვრეს და ისე მოგვიგესო. ეს ტრადიცია სტუმრებს ისე მოეწონათ, რომ სამომავლოდ, მსგავსი რამის თავიანთ გუნდში დანერგვა გადაწყვიტეს.
საფინალო სასტვენის შემდეგ იყო რაგბისათვის ტრადიციული დერეფანი, სამახსოვრო ფოტოსესია და რა თქმა უნდა, ცივი ლუდი, რასაც გაგრძელება, უკვე მოედნის მიღმა მოჰყვა. 5 მაისს, “acrons”-ი თბილისური ტურნეს მეორე თამაშს გამართავს და ამჯერად, “ავჭალაზე” მეორე თბილისურ სამოყვარულო გუნდს, “ბარბაროსებს” დაუპირისპირდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია