სწორედ ჯანსაღი სულისა და სხეულის მქონე ქართველების აღზრდაა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” მიერ ამავე სახელწოდების ახალი სარაგბო კლუბის დაარსების მიზანი.
ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2007 წლიდან საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან (არა მარტო ქართველებთან) აქტიურად თანამშრომლობს და მისი პრიორიტეტები ახალგაზრდებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. “დავითიანნის” მიზანია, ახალგაზრდებში სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობის საშუალებით ეროვნული, სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების განვითარება-პოპულარიზაცია.
სპორტის სახეობებიდან, ზემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე ახლოს რაგბია და კლუბ “უნივერსიტეტის” ბაზაზე, 2012 წლის 4 მაისს ახალი სარაგბო კლუბის, “დავითიანნის” პრეზენტაცია შედგა. საწყის ეტაპზე, ამ გუნდში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 180 ბავშვია გაერთიანებული და ისინი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ სარაგბო ფესტივალებში მიიღებენ მონაწილეობას, სექტემბრიდან ამ სახელწოდების გუნდები უკვე ჭაბუკთა “ა” და “ბ” ლიგებში გამოჩნდებიან, სამომავლოდ კი, უფროსი ასაკის გუნდიც ჩამოყალიბდება, რომელიც თამაშს სავარაუდოდ პირველ ლიგაში, მომავალი წლიდან დაიწყებს.
ამ ეტაპზე გუნდში 2000 და მომავალ წლებში დაბადებული ბავშვები გაერთიანდებიან და დიდუბეში, ეგრეთ წოდებულ “სუკონკის” სტადიონზე ივარჯიშებენ. მსურველებს შეუძლიათ ბავშვები გუნდში გასაწევრიანებლად იქ, ან პირდაპირ ახალგაზრდულ მოძრაობა “დავითიანნში” მიიყვანონ. ამ გუნდს პირველი სარაგბი ფესტივალი, რომელიც “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, 5 მაისს ელის.
საგულისხმოა, რომ კლუბის მიზანია იზრუნოს მოთამაშეთა არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზე, რაც ამ პროექტს სრულიად ახლებურ ელფერს მატებს. გუნდის წევრები და მათი დამაარსებლები, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად, დღეს ილია II-ს შეხვდნენ, რომელმაც სტუმრები დალოცვა და ამ საშური საქმის შესასრულებლად კურთხევა მიიღეს.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “მრავალჯერ გვითქვამს, რომ ჩვენთვის რაგბი, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებიც, მხოლოდ სპორტი არაა. რაგბი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას მრავალი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში უნდა დაეხმაროს. ჩვენ “დავითიანნის” პროექტს პირველი დღიდან აღვუთქვით მხარდაჭერა. სარაგბო კლუბი “უნივერსიტეტი” არსებობას განაგრძობს და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან მას უდიდესი ტრადიცია აქვს, უბრალოდ, ნაწილი “დავითიანნად” გარდაიქმნება. ამ კლუბს დიდი პროექტები აქვს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და სულ მალე შეიტყობთ, თუ რა მიზნები ამოძრავებს ამ ხალხს”.
კოტე სვანაძე (ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” პრეზიდენტი): “კლუბ “უნივერსიტეტთან” რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას “დავითიანნის” დასაარსებლად. ახალგაზრდებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და გვწამს, ჩვენი პროექტით, სულ მალე ჯანსაღად მოაზროვნე, ფიზიკურად განვითარებულ ახალგაზრდებს მივიღებთ. ამ ეტაპზე საქმეს ენთუზიაზმით ვაკეთებთ, იმედია, მომავალში სპონსორიც გამოგვიჩნდება და უფროს ასაკში კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება”.
ამის შემდეგ შედგა “დავითიანნის” ფორმების პრეზენტაცია, რომელსაც მკერდზე გამოსახული აქვს ძველქართული “დ” და მასში ჩახატულია რაგბის სიმბოლო “ბორჯღალი”. “ბორჯღალი” რაგბის კავშირის კუთვნილი ლოგოა, მაგრამ ის იმდენად მოხიბლა ახალმა პროექტმა, რომ კლუბს მისი გამოყენების უფლება ოფიციალურად მისცა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია