საქართველოს მორაგბეთა 2012 წლის საგაზაფხულო ტურნირის რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება. უკვე გარკვეულია იმ ოთხეულის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში თასისთვის იბრძოლებენ და დასკვნით, V რაუნდში, მხოლოდ ისღაა გასარკვევი, ჯგუფში რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს და როგორ დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალებში.
5 მაისს I ჯგუფის თამაშებია დანიშნული და მასში უმთავრესი 16:00 საათზე “ავჭალაზე” დაიწყება. საქართველოს ჩემპიონი “არმია”, ჯგუფის ლიდერ “ლელოს” ეთამაშება და მისთვის პირველი ადგილის ჩამორთმევას ეცდება. აქამდე ორივე გუნდმა ყველა თამაში მოიგო, მაგრამ “ლელომ” სამჯერ შეძლო პრემიალური ქულის აღება, ხოლო “არმიამ” მხოლოდ ორჯერ. ერთი კვირის წინ, არმიელებს ბათუმში დიდი ბრძოლა გადახდათ და მხოლოდ 12:6 იმარჯვეს, ხოლო “ლელომ” “არმაზი” 40:6 გაანადგურა. გასულ წელს “არმიამ” “ლელოს” ორივე თამაში მოუგო - პირველი 23:21, როდესაც ლელოელებმა მატჩის ბოლო წუთზე ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ლელოს გასატანად ითამაშეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, მეორე თამაში კი, 29:9 დასრულდა.
16:00 საათზე დაიწყება შეხვედრა შავიზღვისპირეთში, სადაც “ანგისაზე” “ბათუმი XV” ქუთაისის “ბაგრატს” უმასპინძლებს. ბათუმელებმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება გასულ წელს, პირველი ლიგის დაუმარცხებლად მოგებით მოიპოვეს და “ბაგრატს” 31:7 და 34:5 აჯობეს, მაგრამ წელს, უმაღლეს ლიგაში ერთი თამაშიც ვერ მოიგეს. მიუხედავად ამისა, სეზონის წინ გაძლიერებულმა “ბათუმმა” ყველა თამაში მცირე სხვაობით წააგო, ყველა მათგანში მოახერხა ერთი პრემიალური ქულის აღება და ჯამში 4 ქულა აქვს. ბათუმელებს პირველი გამარჯვების იმედი სწორედ ქუთაისელებთან ექნებათ, რომლებიც ლიდერებთან დიდი სხვაობით კი განადგურდნენ, მაგრამ საკუთარ მოედანზე “არმაზთან” მცირედით დამარცხდნენ, გასულ ტურში კი, სენსაციურად “აკადემია” დასცეს - 31:29. მიუხედავად ამ მატჩის შედეგისა, დებულების თანახმად, “ბაგრატს” სექტემბრიდან კვლავ პირველ ლიგაში მოუწევს თამაში.
18 საათზე დიდ დიღომში, “ვისოლის” სტადიონზე დაიწყება “არმაზისა” და “აკადემიას” დაპირისპირება. “არმაზმა” განვლილი ოთხიდან ორი თამაში მოიგო, “აკადემიამ” მხოლოდ ერთი. ერთი კვირის წინ, არმაზელები “ლელოსთან” 6:40 შერცხვნენ, აკადემიელები კი, ქუთაისში პირველ ლიგელ “ბაგრატს” დანებდნენ. საგაზაფხულო ტურნირის ბოლო მატჩში, ორივე გუნდი გამარჯვების მოპოვებას და სეზონის კარგ განწყობაზე დასრულებას ეცდება. გასულ წელს ამ გუნდებს შორის გამართული ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველი ფრედ 26:26 დასრულდა, მეორე წრეში კი, “არმაზმა” 18:12 იმარჯვა და ჯამში მეტოქეზე უკეთესი ადგილიც დაიკავა.
II ჯგუფის თამაშები კვირას, 6 მაისს, გიორგობა დღესაა დანიშნული და ცენტრალურ ჯახში ქუთაისში “დინამოზე” “აია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუხვდება. ქუთაისელებმა აქამდე ქულათა მაქსიმუმით მიაღწიეს და ოთხივე მატჩში შეძლეს პრემიალური ქულის აღება. “რკინიგზელებმა” ოთხივე შეხვედრა საკუთარ სასარგებლოდ დაასრულეს, მაგრამ პრემია მხოლოდ ორჯერ აიღეს - “ჯიქებთან” მარცხს სასწაულებრივად გადაურჩნენ (15:13), “ხარებს” კი, სამით მეტი ლელო ვერ გაუტანეს. გასულ წელს “აიამ” “ლოკომოტივს” თბილისში 21:18 აჯობა, ხოლო ფოთში 14:6. მერე გუნდები ერთურთს მცირე ფინალში გადაეყარნენ და აქ ქუთაისელთა უპირატესობა საგრძნობი იყო - 27:7, ეს თამაში იმ “დინამოზე” გაიმართა, სადაც მომავალი ჯახია დანიშნული.
16 საათზე, “ვისოლზე”, პირველლიგელი “თიბისი”, რომელმაც განვლილ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი პრემიალური ქულის აღება მოახერხა (“ყოჩებთან” 12:17 დამარცხდა), უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულ “ჯიქებს” ეთამაშება, რომელმაც ჩემპიონატს თავისებური ხიბლი შემატა. ეს გუნდი ყველასთან მუდამ ბოლომდე იბრძვის და ორჯერ აიღო პრემიალური ქულა, “ყოჩები” კი, 22:10 დაამარცხა. ყველაზე საინტერესო “ლოკომოტივთან” ჯახი იყო, სადაც 0:15-ის შემდეგ, მათ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით წუთებში ორიდან ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენეს და 13:15 დამარცხდნენ. გასულ ტურში ისინი “აიასაც” ბოლომდე ებრძოლნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ - 21:37. პირველ ლიგაში “ჯიქებმა” “თიბისის” ორივე თამაში მოუგო - 34:11 და 15:3.
“ავჭალაზე” თბილისის “ყოჩები” რუსთავის “ხარებს” დაუპირისპირდება. რუსთაველები ჯგუფის ფავორიტებთან - “აიასთან” და “ლოკომოტივთან” დამარცხდნენ, მაგრამ “ჯიქებს” და “თიბისის” თავად სძლიეს, ხოლო “ყოჩებმა” მხოლოდ “თიბისის” ძლევა შეძლო ისიც მცირე სხვაობით - 17:12. გასულ წელს რუსთაველებმა “ყოჩებს” ორივე თამაში მოუგეს - 20:13 და 23:3.
ამრიგად, 12-დან 8 გუნდისთვის, გაზაფხულის ტურნირი შაბათ-კვირას დასრულდება, მერე კი, ოთხი საუკეთესო ორრაუნდიან ნახევარფინალში ეცდება ფინალისტების ვინაობის გამოვლენას, ხოლო ფინალი მაისის ბოლოს გაიმართება.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
I ჯგუფი
V რაუნდი
5 მაისი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
ბათუმი. “ანგისა”. 16:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - ბაგრატი (ქუთაისი)
თბილისი. “ვისოლი”. 18:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
1. ლელო (თბილისი) 4 4 0 0 176-41 19
2. არმია (თბილისი) 4 4 0 0 167-46 18
3. არმაზი (თბილისი) 4 2 0 2 61-98 8
4. აკადემია (თბილისი) 4 1 0 3 77-120 5
5. ბათუმი XV (ბათუმი) 4 0 0 4 65-84 4
6. ბაგრატი (ქუთაისი) 4 1 0 3 55-212 4
II ჯგუფი
V რაუნდი
6 მაისი
ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ვისოლი”. 16:00 საათი
თიბისი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ყოჩები (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
1. აია (ქუთაისი) 4 4 0 0 174-34 20
2. ლოკომოტივი (თბილისი) 4 4 0 0 149-52 18
3. ხარები (რუსთავი) 4 2 0 2 77-86 9
4. ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 4 1 0 3 67-75 6
5. ყოჩები (თბილისი) 4 1 0 3 49-116 4
6. თიბისი (თბილისი) 4 0 0 4 26-179 1
12-13 და 19-20 მაისი. ორმატჩიანი ნახევარფინალები
I ჯგუფის გამარჯვებული - II ჯგუფის მეორეადგილოსანი
II ჯგუფის გამარჯვებული - I ჯგუფის მეორეადგილოსანი
26 ან 27 მაისს ფინალი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია