ამბები

19:58 | 5.05.2012 | ნანახია 2793 - ჯერ

“ბარბაროსებმა” ნაბახუსევი “რკოები” მიმოფანტეს

თბილისში სტუმრად მყოფი ინგლისური სარაგბო კლუბი Sevenoaks (შვიდი მუხა) RFC ვეტერანთა გუნდი Acrons-ი, მეორე ქართულ სამოყვარულო კლუბთანაც დამარცხდა. ამჯერად მისი მეტოქე ახლად დაარსებული “ბარბაროსები” იყვნენ, რომლებმაც მოიგეს კიდეც - 22:3.
Acrons-ი თბილისში ლევან ვასაძის დამსახურებით გვეწვია, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008-2009 წლებში იცავდა და ორი დღის წინ ინგლისელები “დევებთან” 14:31 დამარცხდნენ, ახლა კი, მეტოქის ოთხ ლელოს მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს. კი ირწმუნებოდნენ ბრიტანელები, ჩვენი მთავარი მიზანი კარგი დროის გატარება და ბევრი სმა არისო, მაგრამ მათ რომ გამარჯვება ძალიან სურდათ, ეს თამაშმა ნათლად აჩვენა.
ისე, “რკოებს” ქეიფი და დროსტარება პირველივე დღიდან არ მოკლებიათ და “ბარბაროსების” წინააღმდეგ სათამაშოდ ნაბახუსევი გავიდნენ, შედეგად კი, საწყის წუთებში ორი ლელო მიიღეს. თბილისელებმა მეტოქის მიძალებას გაუძლეს და მალე მესამე ლელოც მიითვალეს, ხოლო ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს.
მეორე ნახევარში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ინგლისელმა მოწინააღმდეგე რაქში ისე დაწიხლა, რომ რეფერი იძულებული იყო, მისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა - ხუმრობა ხომ არაა, ამხანაგურ მატჩში დაწოლილ მეტოქეს თავში წიხლი რამდენჯერმე ჩაარტყა. მერე Acrons-მა ლელოს გასატანად ეშმაკობის გამოყენებაც სცადა, არც ეს ნომერი გავიდა. მოკლედ, ყველანაირად ეცადნენ ინგლისელები ლელოს გატანას და ეს რომ არ გამოუვიდათ, ჩხუბის ატეხვაც სცადეს, რაზეც სტუმართმაყოვარე მასპინძლებისგან თავშეკავებული პასუხი მიიღეს და ბოლოს მეოთხე ლელოც გაუშვეს.
ეს რაგბია და აბა მცირე შეხლა-შემოხლა ვის გაუკვირდენა. საფინალო სასტვენის შემდეგ, სტუმრებს სიურპრიზი ელოდათ. გუნდები ერთმანეთში აირივნენ, ქართველებმა ინგლისელებს სახელდახელოდ გააცნეს ტრადიციული, ქართული ლელობურთის წესები და მორაგბეებიც და მაყურებლებიც გულიანად გაერთნენ, მერე კი, ჯერ სტადიონზევე მიიღტვეს ლუდი და მერე საბანკეტოდ გაემგზავრნენ, სადაც ინგლისელებს ქართველებზე რევანშის აღება უკვე სმაში სწყურიათ.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.207967