საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის უფლება, “ტულუზასა” და “კლერმონის” კვალდაკვალ, ქართველი ლეგიონერების კიდევ სამმა გუნდმა მოიპოვა - “მონპელიემ”, “ტულონმა” და “კასტრმა”. რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის XXIV ტური იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ “კლერმონის” ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა “ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელ ვიტო კოლელიშვილს.
“ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალში ირლანდიურ “ლენსტერთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “კლერმონს” სეზონის უმთავრესი მიზანი - ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება - შეუსრულებელი დარჩა, მაგრამ დაისახა ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა - 2010 წლის ქვეყნის ჩემპიონს, ტიტულის დაბრუნება უნდა. გუნდს უკვე განაღდებული აქვს პლეი ოფში თამაში, თანაც, პირველ-მეორე ადგილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქროსთვის ბრძოლაში ნახევარფინალიდან ჩაებმება და პლეი ოფის საწყის ეტაპზე დაისვენებს.
ამასთან, მწვრთნელმა, გუნდის ლიდერებს, რომლებიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაღლილები არიან, დამატებითი დასვენების საშუალება მისცა და “ლენსტერთან” მატჩისგან განსხვავებით, “კასტრთან” სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში 14 ცვლილება განახორციელა. ამ ცვლილების ნაწილი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, 23 წლის ვიქტორ კოლელიშვილი, რომელიც აგერ უკვე 2 წელიწადია “კლერმონის” შემადგენლობაში ირიცხება, მაგრამ აქამდე მუდამ ესპუარებში თამაშობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ, ფრანგულ გრანდთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და აგერ პირველ გუნდშიც გამოჩნდა.
“23 წლის ქართველი მესამეხაზელი, რომელმაც განვლილი მსოფლიო თასის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და “კლერმონთან” პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებამდე საკუთარი გარჯით მყარი რეპუტაცია მოიპოვა, თავის კარიერაში პირველად გამოჩნდება ძირითად გუნდში და საშუალება ეძლევა, გვანახოს ის საუკეთესო თვისებები, რაც ჩვენ მასში უკვე დიდი ხანია დავინახეთ” - წერდა კლუბის ოფიციალური საიტი შემადგენლობის გამოქვეყნების შემდეგ.
მოგვიანებით, “კლერმონის” ოფიციალურ საიტზე ქართველ ლეგიონერებზე სტატია დაიდო:
“8 წლის განმავლობაში, კლუბის მაისურით 173 მატჩის ჩამტარებელმა დავით ზირაქაშვილმა, “ლურჯ-ყვითლების” შესახებ ყველაფერი ზეპირად იცის. ამ კვირაში ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, მაგრამ კიდევ ერთ ქართველს, “ლელოების” მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს, Top 14-ში დებიუტი ექნება.
“მე “კლერმონის” სასწავლო ცენტრში 3 თვით, სინჯებზე ჩამოვედი. აქ ჩემი პოტენციალის ირწმუნეს და მოხარულები იყვნენ, კლუბში რომ დავრჩი. ამან სიამაყე შემმატა, რადგან სასიამოვნოა მსგავსი დონის გუნდში თამაში და განვითარება. აქედან მოყოლებული, მთელი 2 წლის განმავლობაში მუდამ პროგრესს განვიცდიდი”, - თქვა “ვიტომ”, როგორც მას მეგობრები ეძახიან.
ორ წელიწადში კოლელიშვილი კიდევ უფრო გაიზარდა (191 სანტიმეტრი, 104 კილოგრამი) და “კავკასიის დაუმუშავებელი ალმასის” თამაში, ძლიერ შეიცვალა. ფიზიკური აღნაგობისა და დიდი თმების გამო, მას მეტსახელად “თოვლის კაცი” შეარქვეს. მსოფლიო თასზე ნაკრების შემადგენლობაში გატარებული ათეულობით წუთების შემდეგ, ის გუნდს კიდევ უფრო გაზრდილი დაუბრუნდა და კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა (2015 წლამდე გაგრძელების პერსპექტივით). როგორც ამბობს, მისთვის “დიდი პატივია და უზომოდ მოხარულია” “კასტრთან” თამაშის შანსი რომ მიეცა, მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ მცირე სტრესს განიცდის დუბლშემადგენლობიდან დიდ გუნდში აღზევების გამო.
დათო (ზირაქაშვილი) მას უფროსი ძმასავით ექცევა და პირველივე დღიდან ეხმარება კლუბში ადგილის დასამკვიდრებლად: “დათოს კლუბში ყოფნა, ძლიერ დამეხმარა - ის ჩემი იმედია. ზირაქაშვილი ყოველთვის დეტალურად მიხსნის ამა თუ იმ კომბინაციას და მარწმუნებს, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ. მოედანზე თუ მის გარეთ, მუდამ ერთად ვართ და ეს ძლიერ დამეხმარა გუნდში ინტეგრაციაში”. როგორც გოდერძი შველიძე დაეხმარა თავის დროზე ზირაქაშვილს გუნდში ადაპტაციაში, ისე ცდილობს ახლა დათო დაეხმაროს თავის თანამემამულეებს, რათა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი “ლურჯ-ყვითლებში”.
“ლამაზი ძმობა” ქართული ტრადიციაა, რომელიც ურთიერთპატივისცემისგან და თანადგომისგან შედგება - “კლერმონში” ქართველებს ჩემამდეც იცნობდნენ და ვიმედოვნებ, ჩემს შემდეგაც ასე გაგრძელდება, რათა აქ ერთგვარი ქართული საზოგადოება შეიქმნას. აქ მუდამ თავდაჯერებულად ვირჯებოდით და არა მგონია, რამის შეცვლა იყოს საჭირო”, - ამბობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი - დავით ზირაქაშვილი, რომელიც კოლელიშვილზე არანაკლებ ბედნიერია იმით, რომ ვიტოს Top 14-ში დებიუტი ექნება: “ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი გახარებული ვარ. ეს ჩემს პირველ თამაშს მახსენებს Top 14-ში (2005 წელს “ნარბონის” წინააღმდეგ), რომელშიც გაერთიანებული იყო სტრესი, ემოცია და სიხარული. ამის გადმოცემა შეუძლებელია და მესმის, რომ ვიტოს არ შეუძლია გამოხატოს თავისი გრძნობები, მაგრამ ამავდროულად, უზომოდ ბედნიერია”.
თამაშის დღეს, სასტვენიდან მოყოლებული, არ გამოტოვებს თანამემამულის არცერთ ნაბიჯს, ისევე, როგორც სპეციალისტები, რომლებსაც სწამთ ვიტოს ფიზიკური ძალისა და მეორე სართულზე ბრძოლის შესაძლებლობების”.
მოკლედ, ვიტო კოლელიშვილის დებიუტი შედგა და მან მოედანზე სრული, 80 წუთი გაატარა. თავიდან ის ცოტა დაბნეული გამოიყურებოდა, მაგრამ მერე სრულად ჩაერთო თამაშში და განსაკუთრებით დაცვაში ირჯებოდა საიმედოდ. 35-ე წუთზე, მან ჩვეული თავგანწირული თამაშით გუნდი აშკარა ლელოსაგან იხსნა, თუმცა, საბოლოოდ “კლერმონი” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან” მაინც დამარცხდა - 19:30.
მატჩის ბედი 33-ედან 43-ე წუთამდე გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა 21 უპასუხო ქულა მიიღეს (სამ-სამი ლელო-გარდასახვა). ამ დროს ანგარიში 24:7 გახდა და მალე მასპინძლებმა, ჯარიმით, უპირატესობა ოც ქულამდე გაზარდეს.
ზირაქაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო, აქტიური იყო და 52-ე წუთზე სალელოვე იერიშშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც მორგან პარას კარგად აუბა მხარი და ლელო სივივატუს გაატანინა. მერე სტუმრებმა ერთი ლელოც გაიტანეს, მაგრამ სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება ეგრეც ვერ მოახერხეს და უქულოდ დარჩნენ.
ისე, ეს მოგება უფრო მეტად სჭირდებოდა “კასტრს”, რომლის განაცხადში ფეიქრიშვილი არ იყო, მისმა გუნდმა კი, 7200 მაყურებლის გასახარად, 65 ქულა მოაგროვა, მე-5 ადგილზეა და მე-7 ადგილზე მყოფ “სტად ფრანსეს” უკვე 7 ქულით უსწრებს, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ ერთ მატჩში შეუძლებელია და შესაბამისად, “კასტრი” პლეი ოფში ითამაშებს. “კლერმონს” 82 ქულა დარჩა და მე-2 ადგილზეა.
მას ერთი ქულით უსწრებს აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, რომელმაც დავით ქუბრიაშვილის “ტულონთან” მცირე სხვაობით წააგო და ერთი პრემიალური ქულა აიღო. ტულუზელი ქართველები ტრავმირებული არიან და განაცხადში არ იყვნენ, ხოლო ქუბრიაშვილი შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა ტაიმი 16:8 მოიგეს, მერე “ტულონმა” ნელ-ნელა ჩამორჩენა შეამცირა და 65-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით, 25:19 დაწინაურდა, რაზეც “ტულუზამ” ოთხ წუთში ჯარიმით უპასუხა და მასპინძლებმა 25:22 იმარჯვეს.
ამ ქულამ “ტულუზა” პირველ ადგილზე აღაზევა, ხოლო “ტულონს” მოგების შემდეგ 69 ქულა დაუგროვდა, მე-3 საფეხური შეინარჩუნა და პლეი ოფში თამაშიც ოფიციალურად დაიბევა.
66 ქულით, მე-4 ადგილზეა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე”, რომელმაც “ბიარიცი” 21:16 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გორგოძე და ჟღენტი, პირველმა სრულად ითამაშა, მეორე 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში ვერ მოხვდნენ. “მონპელიე” მატჩის მსვლელობას სრულად აკონტროლებდა და ტაიმი 14:3 მოიგო, 49-ე წუთისთვის 21:6 დაწინაურდა და დარჩენილ ნახევარ საათში “ბიარიცმა” ისღა მოახერხა, რომ სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა.
სამწუხაროდ, Top 14-ში დარჩენის შანსი პრაქტიკულად დაკარგა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივმა”, რომელმაც მოახერხა და საკუთარ მოედანზე კონკურენტ “ბორდოსთან” 9:23 დამარცხდა.
ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა კაკოვინმა და ნატრიაშვილმა მიიღო, პირველმა მოედანზე 71 წუთი გაატარა, მეორე კი, შეცვლაზე სწორედ 71-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებმა ტაიმი 6:10 დათმეს, ხოლო 55-ე წუთზე, ჯარიმით, ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით ოც წუთში მაინც გატყდნენ.
რადგან კიდევ ერთმა კონკურენტმა - “ბაიონმა” თავის მატჩში იმარჯვა, 42-ქულიანი “ბრივი”, რომელიც გასავარდნ, მე-13 ადგილზეა, “ბაიონს” უკვე 5 ქულით ჩამორჩა და ძნელად დასაჯერებელია, სტუმრად “კლერმონს” მოუგოს და თანაც, პრემიალური ქულით.
“ბაიონმა” 31:10 დაამარცხა ბექა შეყლაშვილის “აჟენი”, რომლისთვისაც ეს თამაში პრაქტიკულად აღარაფერს წყვეტდა. “აჟენმა” ტაიმი 10:7 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევრის საწყის ოც წუთში გატყდა და 3 ლელო გაუშვა. ქართველი პირველხაზელი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ ვეღარაფრის შეცვლა მოახერხა და “აჟენი”, 48 ქულით, მე-10 ადგილამდე დაეშვა.
Top 14-დან დაქვეითებული გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონი”, “პერპინიანთან” 22:34 დამარცხდა. კავთიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო რატიანიძე - 64-ედან. “ლიონს” 31 ქულა აქვს და მე-14 ადგილს თავს ვეღარ დააღწევს.
სატურნირო მდგომარეობა XXV ტურის შემდეგ:
1. ტულუზა - 83, 2. კლერმონი - 82, 3. ტულონი - 69, 4. მონპელიე - 66, 5. კასტრი - 65, 6. რასინგ მეტრო - 63, 7. სტად ფრანსე - 58, 8. პერპინიანი - 49, 9. ბორდო - 49, 10. ბიარიცი - 48, 11. აჟენი - 48, 12. ბაიონი - 47, 13. ბრივი - 42, 14. ლიონი - 31.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია