ამბები

11:01 | 8.05.2012 | ნანახია 1923 - ჯერ

მეოთხედფინალში სამი გავიდა

Pro D2-ში აღსაზავებელი პლეი ოფის პირველი ეტაპი, მერვედფინალში გასული ქართველი ლეგიონერების ხუთი გუნდიდან სამმა დაძლია. მეორე ელიტურ დივიზიონში ასასვლელ მეოთხედფინალებში, 13-20 მაისს “მასი”, “ვალანს დაჟენი” და “ლილი” იბრძოლებენ.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასის” “ლანგონთან” გასვლითი შეხვედრა ფრედ, 19:19 ჰქონდა დასრულებული, საპასუხო მატჩში კი “მასიმ” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 25:6 დაამარცხა. შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა სუთიაშვილმა, აშვეთია პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 59 წუთი ითამაშა, ხოლო კობაური განაცხადში ვერ მოხვდა. მასპინძლებმა ანგარიში არეკნით გახსნეს, შესვენებამდე კიდევ სამი ჯარიმა გაიტანეს, ერთი თავადაც გაუშვეს და ტაიმი 12:3 მოიგეს.
მეორე ნახევრის მე-4 წუთზე “მასიმ” ლელო გაიტანა, მერე ჯარიმა გაუშვა, მე-60 წუთზე ჯარიმა თავად გაიტანა, ხოლო 65-ე წუთზე ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეოთხედფინალში ქართველთა გუნდი “კასტანეს” შეხვდება, რომელმაც “ლიმოჟს” 25:10 და 32:10 მოუგო. “მასი” პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
დავით ბოლღაშვილის “ლილმა” “ლავორთან” სტუმრად 11:16 წაგების შემდეგ, შინ 30:20 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. “ლილმა” თამაში აქტიურად დაიწყო, 20:0 დაწინაურდა, ტაიმი კი, 20:3 მოიგო. 68-ე წუთზე ანგარიში უკვე 30:6 იყო, რის შემდეგაც მასპინძლები მოეშვნენ, დასკვნით ორ წუთში ორი ლელო გაუშვეს, ორივე გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ “ლილმა” თამაშის სასურველი სხვაობით დასრულება მაინც მოახერხა და მეოთხედფინალში “ტიროსს” შეხვდება.
“ტიროსმა” გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინი”, რომელსაც პირველ მატჩში 22:18 აჯობა, ამჯერად 19:10 დაამარცხა. შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა მაისურაძემ, ბელქანია შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა, ლაბაძე კი, განაცხადში არც ამჯერად იყო. ქართველთა გუნდმა ტაიმი 0:6 დათმო, მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ 71-ე წუთისთვის უკვე 3:19 აგებდა. საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე, “ლა სეინმა” ლელო გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, რითაც ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა” “ბრესანთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა. პირველი მატჩი “ვალანს დაჟენს” 7 ქულის სხვაობით ჰქონდა მოგებული (25:18), საპასუხო შეხვედრაში კი თავად დამარცხდა 7 ქულით - 11:18 და მეოთხედფინალში მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გავიდა. “ვალანს დაჟენმა” ორივე მატჩში თითო ლელო გაიტანა, საკუთარი ჩათვლის მოედანი კი, ხელუხლებელი შეინახა. ნემსაძემ ერთი კვირის წინ წითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციას იხდის და ბუნებრივია, განაცხადში არ იყო. შერკინების მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშა ბასილაიამ, ოღონდ, მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა.
მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-19 წუთზე მასპინძლები 9:3 იგებდნენ, მაგრამ “ვალანს დაჟენმა” 30-ე წუთზე ლელოთი სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეძლო. გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე “ბრესანმა” ერთი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 12:8 მოიგო. “ვალანს დაჟენმა” ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე 44-ე წუთზე დაიყვანა, 10 წუთში ჯარიმა თავად გაუშვა, ხოლო 67-ე წუთზე “ბრესანმა” ჯარიმითვე ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. “ვალანს დაჟენმა” დარჩენილი 13 წუთი გაძლო და მეოთხედფინალში “ნევერს” ეთამაშება, რომელმაც “ვანს” შინ 19:15 მოუგო, ხოლო სტუმრად მხოლოდ 18:21 დამარცხდა.
შოთა მელიქიძის “მაკონს” “კოლომიესთან” პირველი მატჩი 6:25 ჰქონდა წაგებული და მეტოქეს პრაქტიკულად უშანსოდ ეწვია. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი ამჯერად 11:16 დამარცხდა და Pრო D2-ის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089956