ინგლისის პრემიერშიპის მე-14 ტური ლელოუხვი აღმოჩნდა, ერთბაშად ექვსმა გუნდმა აიღო 4 და მეტი ლელოს გატანისთვის განკუთვნილი ბონუს-ქულა მაყურებლებმაც მაგრად ისიამოვნეს.
გუნდებმა მოისაკლისეს ექვსი ერის ტურნირისთვის ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები, მაგრამ ამით თამაშებს სანახაობრივი მხარე სულაც არ მოკლებია. ყველაზე საინტერესო შალვა მამუკაშვილის ყოფილი გუნდის, „სეილ შარქსისა“ და თბილისის „ლელო-სარასენსის“ მეგობრის, „სარასენსის“ შეხვედრა აღმოჩნდა. „სეილი“ გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ლიდერს მიმდინარე გათამაშებაში ქულები აართვა, პრემიალური ქულა კი, ორივეს შეხვდა, რადგან 5-5 ლელო გაიტანეს. სანამ უშუალოდ თამაშზე გადავალთ გეტყვით, რომ „სეილის“ რიგებში ერთბაშად ორმა მოლდოველმა (!) მორაგბემ ითამაშა.
სელფორდში გამართული თრილერი ტრიბუნებიდან ცოცხლად 6 ათასამდე მაყურებელმა იხილა და მათი უმრავლესობის გასახარად „ზვიგენებს“ საოცარი დასაწყისი ჰქონდათ. 15 წუთში მათი სამი, ხელდახელ შეტევა დასრულდა ლელოთი - თავი სემ ჯეიმსმა, ჯონი ლეოტამ და ტომ ერსკოტმა გამოიჩინეს, მაგრამ დები სიპრიანიმ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა (17:0). „სარასენსი“ პირველი ტაიმის დასკვნით 20 წუთში დაბრუნდა. კარგი მოლის შემდეგ პირველი ლელო ჯეიმს ჰამილტონმა გაიტანა, მერე კი, მარჯვენა ფლანგზე ამერიკელი კრის უაილსი ორჯერ გაიქცა, ბენ სპენსერმა და ჩარლი ჰოჯსონმა თითო-თითო გარდასახვა გაიტანეს, ამ უკანასკნელმა ერთხელ ჯარიმიდანაც იხეირა და სტუმრებმა ტაიმი 22:17 მოიგეს.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში სიპრიანიმ სამი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლებს უპირატესობა დაუბრუნა (26:22), მაგრამ მერე ლიდერის დრო დადგა, რომელმაც ორჯერ ისარგებლა მეტოქის შეცდომით და ნიკ ტომპინსკმა და მაიკლ ელარიმ კონტრშეტევაზე ორი ლელო გაიტანეს, სპენსერმა კი, ორივე გარდასახა - 26:36. აბა ვინღა იფიქრებდა მასპინძლებს რამე თუ ეშველებოდათ, მაგრამ 70-ე წუთზე ტიჯეი იოანმა მოლი ლელოთი დაასრულა, ხოლო 79-ეზე ერსკოტმა ფლანგზე შექმნილი მეტობა გამოიყენა და დუბლი შეასრულა. „სეილს“ ერთი გარდასახვა მაინც რომ გამოეყენებინა თამაშს მოიგებდა, მაგრამ სიპრიანის ორივე დარტყმა გაუცუდდა, ტაბლოზე 36:36 დაფიქსირდა და გუნდებმაც აქტივს 3-3 ქულა შემატეს.
ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ „ნორთჰემპტონს“ ეწვია და 18:38 დამარცხდა. ქართველი კვაჭი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა, ხოლო ინგლისის პასპორტის მქონე რაფავა-რუსკინმა პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა და პრემიერშიპის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა. ბრეგვაძემ ბურთით 3-ჯერ შეუტია და ჯამში 3 მეტრი გაიარა, ხოლო დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა. რაფავას სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია - 5 შეტევით 36 მეტრი, 1 მცველს დაუსხლტა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა.
„ვუსტერს“ „ნორთჰემპტონი“ პირველ წრეში დამარცხებული ჰყავდა და ამ მატჩშიც მეტოქეს 66-ე წუთამდე მაგრად ეომა. პირველი ლელო სტუმრებმა ქართველების კომბინაციის შედეგად გაიტანეს. ბრეგვაძემ დერეფანში ააგდო ბურთი, რაფავამ მოძრაობაში მიიღო პასი, გვერდითი ხაზის გასწვრივ შეუტია, მცველი გადააყარივა და ბურთი ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და „ვუსტერი“ 8:0 დაწინაურდა. მომდევნო 5 წუთში მასპინძლებმა ორჯერ შეძლეს ლელო გატანა, მაგრამ ზედ შესვენების წინ სტუმრებმა ხაზი გაჭრეს და ლელო-გარდასახვის შემდეგ ტაიმი 15:12 მოიგეს.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, რომელთა შორის „ვუსტერმა“ ჯარიმიდან იხეირა და 66-ე წუთისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდებოდა (24:18), მაგრამ მერე 21 წლის ტომ კოლინზმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდსაც პრემია გაუფორმა. სულ ბოლოს თავისი წილი ლელო კენ პისიმაც დადო და „ნორთჰემპტონმა“ 36:18 მოიგო.
„გლოსტერმა“ „ნიუკასლს“ ოთხი ლელო გაუტანა და 32:6 სძლია. მასპინძლებმა შესვენებამდე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი სამჯერ შეიტანეს, 25:6 დაწინაურდნენ და როგორც ჩანს, მოეშვნენ. ამიტომ მეოთხე, პრემიალური ლელო მხოლოდ 73-ე წუთზე დადეს.
„ექსეტერისა“ და „ბათის“ შეხვედრა ამ ტურში ერთადერთია, რომელიც პრემიალური ქულის გარეშე დასრულდა. სტუმრები პირველ ტაიმში უდისციპლინობისთვის სამჯერ დაისაჯნენ, 34-ე წუთზე ლელოც გაუშვეს და 0:16 ჩამორჩნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორი ლელოთი ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე კაი ჰორსტმანმა მასპინძელთა მეორე ლელოთი მატჩის ბედი გადაწყვიტა. გარეთ სტინსონმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა და პრემიერშიპში გატანილი ქულებით 1000-ქულიანი ზღვარი გადალახა.
„ლესტრემა“ აუტსაიდერ „ლონდონ აირიშს“ სამი ლელო გაატანინა, მაგრამ თავად 7 გაუტანა და 47:20 დაამარცხა. „ვეფხვებმა“ ამ მოგებით სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ „ლესტერმა“ 4 ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანა, 70-ე წუთისთვის 47:8 იგებდა და მეტოქეს ბოლოსღა მისცა ანგარიშის გალამაზების შანსი. „უოსპსმა“ „ჰარლექუინს“ თითო ტაიმში სამ-სამი ლელო დაუდო და 42:10 დაამარცხა.
ავივა პრემიერშიპი. XIV ტური
სეილი - სარასენსი 36:36
ნორთჰემპტონი - ვუსტერი 38:18
გლოსტერი - ნიუკასლი 32:6
ექსეტერი - ბათი 26:17
ლესტერი - ლონდონ აირიში 47:20
უოსპსი - ჰარლექუინსი 42:10
1. | სარასენსი | 14 | 11 | 1 | 2 | 372:246 | 52 | 6 |
2. | ექსეტერი | 14 | 10 | 0 | 4 | 343:210 | 49 | 10 |
3. | უოსპსი | 14 | 9 | 0 | 5 | 356:251 | 42 | 6 |
4. | ლესტერი | 14 | 9 | 0 | 5 | 290:263 | 40 | 4 |
5. | ნორთჰემპტონი | 14 | 7 | 0 | 7 | 295:231 | 37 | 9 |
6. | ჰარლექუინსი | 14 | 7 | 1 | 6 | 337:342 | 37 | 7 |
7. | გლოსტერი | 14 | 7 | 1 | 6 | 288:262 | 34 | 4 |
8. | სეილი | 13 | 6 | 2 | 5 | 260:260 | 34 | 6 |
9. | ბათი | 13 | 4 | 0 | 9 | 233:250 | 23 | 7 |
10. | ნიუკასლი | 14 | 4 | 1 | 9 | 220:358 | 20 | 2 |
11. | ვუსტერი | 14 | 3 | 0 | 11 | 261:364 | 18 | 6 |
12. | ლონდონ აირიში | 14 | 3 | 0 | 11 | 208:426 | 13 | 1 |
XV ტური. 4-6 მარტი
ნიუკასლი - ვუსტერი, სეილი ჰარლექუინსი, გლოსტერი - უოსპსი, სარასენსი - ნორთჰემპტონი, ბათი - ლონდონ აირიში, ლესტერი - ექსეტერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე მსოფლიო რაგბის თუ ექნა 1 ადგილი ფიფა უეფასავით უნდა ქნას, როცა ნაკრების თამაშებზე კლუბები ისევენებენ