მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტურში “ბრივი” “ბორდოსთან” 9:23 დამარცხდა და ცხადი გახდა, რომ მომავალ სეზონს ქვედა, Pro D2-ში დაიწყებს, სპეციალისტები გუნდიდან ლიდერების წასვლის ალბათობაზე ალაპარკდნენ.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ სეზონის ბოლოს “ბრივს” ტოვებდა და ფრანგულ გრანდ “ტულუზაში” გადადიოდა ახალგაზრდა ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი. ახლახანს ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Midi Olympique-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი ქართველი ბურჯი, 29 წლის დავით ხინჩაგიშვილი კარიერას პარიზულ “სტად ფრანსეში” გააგრძელებს.
გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ფრანგული პრესაც ამ ტრანსფერზე როგორც სავარაუდოზე, ისე საუბრობს. გუნდში დარჩება ქართველი ჰუკერი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელსაც ზაფხულიდან ბექა ბიწაძე უნდა შეუერთდეს.
ხინჩაგიშვილი საფრანგეთში 2003 წლიდან თამაშობს, ჯერ “ბეზიეს” ღირსებას იცავდა, მერე - “ბურგონის”, “ბრივში” კი, 2007 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მან Top 14-ის 13 და “ჩელენჯ ქაფის” 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე ახლდა და კლუბისთვის არ ეცალა. ხინჩაგიშვილი “ბორჯღალოსანთა” ღირსებას 2003 წლიდან იცავს, ჯამში 39 კეპი მოუგროვდა და სამი ლელოც გაუტანია.
“სტად ფრანსე” მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბია - 1883 წელსაა დაარსებული. გუნდი 13-ჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი, ბოლოს - 2007 წელს და რვაჯერ ითამაშა ფინალში. ორჯერ აქვს ნათამაშები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ფინალი, შარშან კი, “ჩელენჯ ქაფის” ფინალში გააღწია. “სტად ფრანსეს” რიგებში თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ფელიპე კონტეპომი, დიმიტრი შარჟევსკი, როდრიგო რონსერო, სერხიო პარისე, მარტინ როდრიგესი, ჟულიენ დიუპიუ და სხვები.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია