ამბები

19:23 | 11.05.2012 | ნანახია 2177 - ჯერ

“ავჭალაში”, ოთხი საათით

ქართული რაგბის გულშემატკივრებს, 12 მაისს, თბილისის “ავჭალის” სტადიონზე ოთხსაათიანი სიამოვნება ელის. ამ დღეს, ერთმანეთის მიყოლებით, ქართული რაგბის ოთხი ფლაგმანი საგაზაფხულო ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩებს გამართავს და მაყურებელიც ლამაზი სანახაობით, დაძაბული ორთაბრძოლებით დატკბება.
თასის ნახევარფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც გასული წლის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშეს, წყვილებიც წინანდებურად დალაგდა, ოღონდ, ამჯერად სისტემა განსხვავებულია და გუნდებს რევანშის აღების, ან საკუთარი უპირატესობის კიდევ ერთხელ დამტკიცების შანსი ეძლევათ. ავსტრალიური პლეი ოფისგან განსხვავებით, ნახევარფინალში გუნდები შინ და გარეთ ორ მატჩს გამართავენ, რომლის ჯამში გამარჯვებულები 27 მაისს ერთმნატჩიან ფინალში, საგაზაფხულო ტურნირის თასისათვის იბრძოლებენ.
პირველად, 16:00 საათზე, მოედანზე ორი თბილისური გუნდი, “ლოკომოტივი” და “ლელო” გავა, რომელთათვისაც სტუმარ-მასპინძლობა პირობითი იქნება. “ლოკომოტივმა” ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ოთხი თამაში მოიგო, მერე ქუთაისში “აიას” ესტუმრა და 14:39 დამარცხდა, თუმცა, მის შედეგს ნახევარფინალში გასვლის კუთხით აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და თვითმხილველები ამბობენ, თბილისელებმა ძალები დაზოგეს და შემადგენლობაც დაასვენესო.
ისე, საგაზაფხულო ტურნირს ყველა გუნდი სექტემბრიდან დასაწყები ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს და ახალ მორაგბეებს ამოწმებს. ამ ფონზე “ლოკომოტივს” “აიამდე” ერთ თამაშშიც გაუჭირდა, როდესაც მე-3 ტურში “ჯიქებთან” 15:0 კი დაწინაურდა, მაგრამ მერე მეტოქემ მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა მოახერხა, ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა და ბოლოში ორიდან ერთი ჯარიმა მაინც რომ გაეტანა, გამარჯვებულიც ის დარჩებოდა. მაშინ “ჯიქებს” რომ გამართლებოდათ, ახლა ნახევარფინალური წყვილი ეგებ სხვაგვარიც ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, “ლოკომოტივს” ერთი კვირის წინ ქუთაისში “გასეირნება” აღარ ექნებოდა.
“ლელომ” ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე მატჩი მოიგო, აქედან ოთხში პრემიალური ქულაც აიღო, გამორჩეული ბრძოლა კი, ერთი კვირის წინ ქვეყნის ჩემპიონ და თასის მფლობელ “არმიასთან” გადაიტანა. კარგი სანახავი თამაშის მეორე ტაიმის დასაწყისში, არმიელები 9 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, ის 65-ე წუთამდე შეინარჩუნა, მერე “ლელომ” ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, საფინალო სასტვენამდე ორიდე წუთით ადრე კი, გადამწყვეტი ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა, ლევან მაისაშვილის გუნდმა 22:21 იმარჯვა და ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა.
შედეგად, მაყურებელმა თასის ნახევარფინალში ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული დერბის ორჯერ ხილვის საშუალება მიიღო. ბოლო რამდენიმე წელი (შარშანდლამდე), სწორედ “ლელოსა” და “ლოკომოტივს” შორის ირკვეოდა გამარჯვებულის ბედი, გასულ წელს კი, როდესაც ამ გუნდების დუელში “არმია” და “აია” ჩაერივნენ, მათი დაპირისპირება პლეი ოფის ნაადრევ ეტაპზე შედგა. მანამდე, რეგულარულ პირველობაში გუნდებმა თითო-თითო მოგება გაცვალეს, ჯერ ლელოელებმა იყოჩაღეს 27:19, მერე რკინიგზელებმა 25:20. რადგან გუნდებმა მესამე-მეოთხე ადგილი დაიკავეს, მათ ერთ მატჩში უნდა გაერკვიათ, თუ ვინ გააგრძელებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლას და იქ “ლოკომოტივმა” “ლელოს” ძალისმიერ სტილში აჯობა, ტაიმი 9:10 დათმო, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ინიციატივას დაეუფლა, ლელოთი დაწინაურდა, უპირატესობა საფინალო სასტვენამდე აღარ დაუთმია და ჯამში 22:13 იმარჯვა. მაშინ “ლელო” მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა და 2007 წლიდან პირველად დარჩა პრიზიორებს მიღმა.
18:00 საათზე მოედანი შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტებს, თბილისის “არმიას” და ქუთაისის “აიას” დაეთმობა. არმიელთა გუნდი მხოლოდ შარშან დაარსდა, მაგრამ ქუთაისელებს მათგან საკმარისი “წყენა” ახსოვთ. რეგულარული პირველობის მიწურულს, 17:15 გამარჯვების შემდეგ, “აია” “არმიამ” ზედიზედ ხუთჯერ დაამარცხა. პირველად ეს რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში მოხდა (23:15), რომლის შედეგიც, პრინციპში, არაფერს წყვეტდა. მერე ავსტრალიური პლეი ოფის პირველ ეტაპზე თბილისელებმა ქუთაისში 24:16 მოიგეს, ხოლო “ბზის თასის” ფინალში “არმიამ” 29:22 იმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა, “აია” კი, მეორე ადგილს დააჯერა. ქუთაისელები რევანშს თასის ნახევარფინალში ელოდნენ, თუმცა, “არმიამ” “აია” ქუთაისში 18:12, ხოლო თბილისში 17:10 დაამარცხა და გასულ წელს რევანში არ შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელები საგაზაფხულო ტურნირს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ, მათ ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ განვლეს, ხუთივე მატჩი მოიგეს, ყველა შემთხვევაში აიღეს მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის დაწესებული პრემიალური ქულა და “აია” ერთადერთ გუნდი გახდა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა. “არმიამ” მხოლოდ ორჯერ შეძლო პრემიალური ქულის აღება, “არმაზთან” და “ბათუმი XV”-თან კი, იგივეს გაკეთება ვერ მოახერხა. ბათუმში არმიელებმა სულაც მცირე სხვაობით, 12:6 იმარჯვეს, აი დასკვნით ტურში კი, “ლელოსთან” 21:22 დამარცხდნენ.
მოკლედ, მაყურებელს ორი საინტერესო ბრძოლა ელის. გუნდები სასურველი ფორის შექმნას უნდა შეეცადონ, რათა განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც 22 მაისსაა დანიშნული, ფინალში მოხვედრის კარგი შანსი შეინარჩუნონ.

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
ნახევარფინალები. პირველი მატჩები
12 მაისი
თბილისი. ავჭალა. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. ავჭალა. 18:00 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
განმეორებითი ნახევარფინალები. 22 მაისი
ფინალი. 27 მაისი


ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127724