ამბები

12:20 | 12.05.2012 | ნანახია 1989 - ჯერ

7-კაცა და 7-ქალა რომში წაივარჯიშებს

მომავალი კვირის მიწურულს საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები რომის პრესტიჟულ, საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
ვაჟთა გუნდს ივნის-ივლისში ევროპის გრან პრის სამი ეტაპი ელის და რომის გარდა, მოსამზადებლად ესპანეთის ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას. ქართული 7-კაცა რომში გასულ წელსაც იმყოფებოდა, იქ არცთუ ურიგოდ იბურთავა და ნახევარფინალში გააღწია, არადა, რომის ტურნირი 7-კაცა რაგბში ძლიერი მონაწილეებით გამოირჩევა და ის სიძლიერით მსოფლიოში მესამედაა მიჩნეული (მსოფლიო სერიის და ევროპის გრან პრის შემდეგ).
წელს, რომის რიგით მე-11 ტურნირზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად იბურთავებენ კენიის ნაკრები, რომელიც მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილეა, საფრანგეთის, არგენტინის, იტალიის და უკრაინის ნაკრებები, ასევე, “ჟენეველი ბარბაროსები”, რაც პრაქტიკულად შვეიცარიის ნაკრებია, ასევე, კლუბები: “კლანდენტინოსი” (არგენტინა), “ყუბანი” (რუსეთი), “რომა სევენი” (ზელანდიელი, ავსტრალიელი და ამერიკელი მორაგბეებით დაკომპლექტებული, დაპატიჟებული გუნდი), “ვიჯილ დელ ფუოკო” (იტალია), “უნიონე რუგბი კაპიტოლინა” (იტალია) და “პასიფიკ აილენდი” (ფიჯელი და სამოელი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი).
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ მოსამზადებელ ეტაპზე, ანუ რომის ტურნირზე სათამაშოდ უმეტესად საქართველოს ჩემპიონატში მობურთალ მორაგბეებს უხმო: დიმიტრი კალანდაძე, შალვა მახარაშვილი , იოსებ ცისკარიშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი კალმახელიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი გეგენავა, ბექა ბიწაძე. გუნდთან ერთად იქნებიან მწვრთნელი პავლე ჯიმშელაძე, რომელიც პარალელურად ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ექიმი უჩა ნებიერიძე და მენეჯერი გიორგი ასათიანი.
რომის ტურნირის გარდა, საქართველოს 7-კაცა ნაკრები მოსამზადებელ ეტაპზე ესპანეთში, ბენიდორმის ტურნირზე ითამაშებს, ევროპის გრან პრის პირველი, ლიონის ეტაპი კი, 2-3 ივნისს გაიმართება.
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ოდესის ტურნირზე უკვე ითამაშა და მეორე ადგილი დაიკავა, ახლა კი, რომში მიდის. ქართველი ქალები რომში შარშანაც იყვნენ, სადაც მუდამ ძლიერი ნაკრებები იყრიან თავს და იქ უდიდესი გამოცდილებაც შეიძინეს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში, ნახევარფინალში განცდილი მოულოდნელი მარცხის გამო, A დივიზიონში ვერ აღზევდნენ. წელს ერთი საფეხურით აღზევების გარდა, ქართველი ქალების მიზანი 2013 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გასვლაც იქნება, სადაც B ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოხვდება.
რომის ტურნირზე ქართველი ქალების მეტოქეები რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, იტალიის და შვედეთის ნაკრებებთან ერთად (ზემოთჩამოთვლილი ყველა ევროპული ნაკრები კონტინენტის ელიტარულ, 12-გუნდა დივიზიონში თამაშობს), ზელანდიური “აოტეაროა მაორი” და სამხრეთაფრიკული “ტაკიზ ვიმინს რაგბი” იქნებიან. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი 9-10 ივნისს ბელგიაში ელის.


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0834