საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო ტურნირის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, თბილისის “ლელომ”, ტრადიციული მეტოქე “ლოკომოტივი” ათქულიანი უპირატესობით დაამარცხა და განმეორებითი ჯახის წინ, ფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვს.
თამაში დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა. “ლელო” მეტოქეზე უკეთ აღმოჩნდა მომზადებული და ფიზიკურად ძლიერ მეტოქეს ჯერ გაუძლო, მერე სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, დაწინაურდა და დასკვნით 10 წუთში რომ არ მოშვებულიყო, ეგებ, ფინალში გასვლა ნაადრევად დაებევებინა კიდეც. მაგრამ “ლოკომოტივმა” ბოლომდე იბრძოლა, ის ლელო გაიტანა, რომლითაც 22 მაისს გასამართ განმეორებით ჯახს ინტრიგა შეუნარჩუნა და მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ რეფერიმ ბოლო წუთზე “რკინიგზელთა” მეორე ლელოს გატანა ვერ დააფიქსირა.
“ლოკომოტივს” მნიშვნელოვანი თამაშებისთვის გუნდის ლიდერი, ბობა კვინიხიძე დაუბრუნდა, ოღონდ, ის ჩვეული 10 ნომრის პოზიციის ნაცვლად, შუამარბად თამაშობდა და ჯარიმებსაც კარში ვახტანგ კავთიძე ურტყამდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი აშკარად განიცდიდა საკადრო პრობლემებს, რაზეც სათადარიგოთა სკამზე სიხალვათეც მოწმობს. არასრული შემადგენლობით ითამაშა “ლელომაც”. თუნდაც ის რად ღირს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლექსო გუგავა, მხოლოდ თანაგუნდელებისთვის წყლის მიწოდებით შემოიფარგლებოდა, ხოლო გიგა კორკელია განაცხადშიც არ იყო.
შეხვედრის დასაწყისში, უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარეს იყო. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და უმეტესად, მეტოქის ნახევარზე თამაშობდნენ, მაგრამ “ლელო” კარგად იცავდა თავს და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. ანგარიში სწორედ ლელოელებმა გახსნეს, როდესაც ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმიდან ზუსტად დაჰკრა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ შერკინებაში “რკინიგზელები” უკეთ იდგნენ, მაგრამ სისწრაფეში “ლელო” უკეთესი იყო. მათ ცხრა ნომერს, გიორგი კაჭარავას სწორად მიჰყავდა თამაში, გრძელ თუ მოკლე გადაცემებს დროულად და ზუსტად აკეთებდა, ფეხითაც კარგად ირჯებოდა და რაც მთავარია, გადაწყვეტილებებს უსწრაფესად იღებდა, რის შემდეგაც, მეტოქეს კონტრშეტევების შეჩერება უჭირდა.
მთლიანობაში, პირველ ტაიმში მაინც “ლოკომოტივი” დომინირებდა და 33-ე წუთზე კავთიძეს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ 42 მეტრიდან ჯარიმა არაზუსტად შეასრულა. მერე, “ლოკომოტივმა” დარტყმებით მეტოქის დაცვის ხაზი არია და შეტევის ცენტრში მეტობა ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და ასპროცენტიანი ლელო ვერ დადო. სამაგიეროდ, ჯარიმის უპირატესობით იხეირეს და კავთიძემ 35-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლო წუთზე, “ლელომ” ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და ლამაზი ლელოც გაიტანა. ყველაფერი მარცხენა ფრთაზე ყიასაშვილის გაქცევით დაიწყო, მას ალექსანდრე თოდუა და ირაკლი გეგენავა მიჰყვნენ. იერიშში კაჭარავა ჩაერთო, მას სივრცე შეუზღუდეს და შებოჭეს, მაგრამ წაქცეულმა ბურთი ლაშა აზალაძეს ამოუგდო, რომელმაც სისწრაფეშივე ორ მცველს შუა დაუბრკოლებლივ გაიარა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა, გარდასახვით, ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 3:10.
მეორე ტაიმი “ლელოს” შეტევებით დაიწყო და მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, სწორედ ისინი ფლობდნენ უპირატესობას. საწყის 10 წუთში, ყიასაშვილს ჯერ მარჯვენა ფლანგიდან გაუფუჭდა დარტყმა, მერე კი, მარცხენა ფრთიდან ზუსტად დაჰკრა - 3:13. ერთ წუთში კავთიძემ სხვაობის შემცირების საშუალება მიიღო, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმა გაუფუჭდა. “ლელოს” იერიშების მთავარი შემოქმედი კაჭარავა, საოცარ თამაშს განაგრძობდა და 61-ე წუთზე, გიორგი ჭინჭარაულმა გუნდის უპირატესობა ლელოში ასახა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საკუთარი გუნდის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა.
დასკვნით წუთებში, “ლოკომოტივმა” ძალისმიერი თამაშის ხარჯზე სიტუაციის შეცვლა სცადა. დასარტყმელი ჯარიმა ჯერ აუტში გაიტანა, მერე შერკინება ირჩია და 70-ე წუთზე, შერკინებიდან ბურთი ზვიად მაისურაძემ გამოიტანა, 10 მეტრი ჭიდილში დაფარა და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ რეალიზაცია გამოიყენა. საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე, კავთიძემ გასატანი ჯარიმა ძელს გაარტყა, ბურთი “ლოკომოტივს” დარჩა და მანაც, დაახლოებით 5 წუთი, მოკლე დარტყმებით მძლავრად უტია, საბოლოოდ, ჩათვლის მოედნის ხაზიც გადაიკვეთა, მაგრამ ვერც რეფერიმ და ვერც გვერდითმა მსაჯმა ვერ დააფიქსირეს ბურთის დამიწება - შესაძლოა, შემტევს მცველი ჩაუწვა. ლელო არ ჩაითვალა და თამაშიც დასრულდა.
ბოლო წუთების დაძაბულობამ საფინალო სასტვენის შემდეგ პიკს მიაღწია და მოედანზე რამდენიმე წუთით გაწევ-გამოწევა გაიმართა, მაგრამ მორაგბეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნერვები მოთოკეს და საქმე გუნდურ ჩხუბამდე აღარ მისულა, რაც ასეთ კარგ სანახაობას აშკარად ცუდ დაღს დაასვამდა. ახლა, 22 მაისს, “ლოკომოტივი” “ლელოსთან” 10 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება, “ლელო” - შენარჩუნებას და თბილისელი მაყურებელიც, ამ საინტერესო დაპირისპირების კიდევ 80 წუთიანი მონაკვეთის მომსწრე გახდება.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
ნახევარფინალი. პირველი მატჩი
12 მაისი
თბილისი. ავჭალა. 1000 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 10:20 (3:10)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ქავთარაძე, 13. კობერიძე, 12. კვინიხიძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი (ელოშვილი 66), 2. გენებაშვილი (ნადირაძე 65), 3. ზარიძე, 4. გუჯარაიძე, 5. ნიშნიანიძე (გუნიავა 23), 6. ახვლედიანი (გეგია 72), 7. ბერიშვილი, 8. მაისურაძე.
1 ლელო: მაისურაძე
1 გარდასახვა: კავთიძე
1 ჯარიმა: კავთიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გეგენავა, 13. თოდუა, 12. ანდღულაძე (ხუციშვილი 41), 11. ზაალიშვილი (ხეცოიძე 41), 10. ჭინჭარაული, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (გოგიშვილი 58), 2. ხიდეშელი, 3. სუჯაშვილი (პატარაია 63), 4. ჭეიშვილი, 5. აზალაძე, 6. ქოიავა, 7. სურგულაძე, 8. ჭყოიძე (კოლელიშვილი 67).
2 ლელო: აზალაძე, ჭინჭარაული
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
2 ჯარიმა: ყიასაშვილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია