ამბები

13:00 | 13.05.2012 | ნანახია 2373 - ჯერ

“აიასთვის” “არმია” კვლავაც უძლეველია

ძალიან სურდა ქუთაისის “აიას”, გასულ წელს დაწყებული უსიამოვნი სერია დაერღვია და ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “არმია” წაექცია, მაგრამ “ავჭალაში” გამართულ შეხვედრაში ქუთაისელებს არაფერი გამოუვიდათ და ეგ კი არა, ლამისაა ორრაუნდიან ჯახში, ფინალში გასვლის იმედი თბილისში დატოვეს.
30:12 - ასე მოიგეს არმიელებმა, 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, 22 მაისს, ქუთაისში დიდი ბრძოლა იქნება, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ ისეთი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, როგორიც “არმიაა”, ამხელა ფორა გაანიავოს და საქმე სათუოდ გაიხადოს. “აიამ” იბრძოლა და იყო ეპიზოდი, როდესაც სხვაობის შემცირების შანსი და ინტრიგის დაბრუნების ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ თბილესელები არ გატყდნენ და კარგად დაწყებული საქმე, მათთვის სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს.
თამაშის პირველ ნახევარში, ისე ჩანდა, რომ “აიას” ლელოს გატანის იმედი არც ჰქონდა და ქულების მოგროვებას მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე აპირებდა. ქუთაისელები პრაქტიკულად არ გაჰკარებიან არმიელთა 22-ს და ნებისმიერ სიტუაციაში, 3 ქულის აღებას ცდილობდნენ. ასე იყო შეხვედრის დებიუტშიც, მაგრამ გაგა სინაურიძეს 45 მეტრიდან დარტყმული გაუფუჭდა. ამას “არმიამ”, კარგი, დინამიური შეტევით უპასუხა, “აია” ხუთ მეტრში დაჯარიმდა, ბიძინა სამხარაძემ სწრაფად გაითამაშა ბურთი, სიჩქარეაკრეფილმა ალექსი ტუჩაშვილმა დაცვის ხაზი გაგლიჯა და მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ბახვა კობახიძემ კი, რეალიზაცია უშეცდომოდ დაარტყა.
სინაურიძემ ახლო ჯარიმით ჩამორჩენა კი შეამცირა, მაგრამ მე-12 წუთზე კობახიძემ 40 მეტრიდან საპასუხო ჯარიმა გაიტანა. ამას, ქუთაისელთა გარღვევის მცდელობა მოყვა, უნიკალური ბესიკ ხამაშურიძე, რომელიც ამჯერად შუამარბად მოგვევლინა, ყოფილმა თანაგუნდელმა - ირაკლი ჩხიკვაძემ ყელში შებოჭა და სინაურიძემ ოთხ წუთში ერთი ჯარიმაც გაიტანა.
მე-20 წუთზე, ხაზი უკვე სინაურიძემ გაჭრა, მას მხარი ხამაშურიძემ აუბა, “არმია” ისევ დაჯარიმდა და გაგამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (9:10), ხოლო 25-ე წუთზე, როგორც აღმოჩნდა, ქუთაისელებმა თავისი უკანასკნელი ქულა აიღეს – ამჯერადაც, სინაურიძის დარტყმა ზუსტი იყო და “აია” დაწინაურდა.
“არმია” ძალაში უპირატესობას გრძნობდა, მეტოქის გატეხა გადაწყვიტა და კარში დასარტყმელი ჯარიმები აუტში გაიტანა. ამან შედეგი მალე გამოიღო, 33-ე წუთზე, 5-მეტრა დერეფნის შემდეგ, დავით ჩიტიძემ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ რეალიზაცია გამოიყენა.
38-ე წუთზე, კობახიძემ 30 მეტრიდან ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რისი შემცირების შანსიც ზედ შესვენების წინ სინაურიძეს მიეცა, მაგრამ გასატანი პოზიციიდან შესრულებული მისი ჯარიმა ძელმა აისხლიტა. ამას არავინ ელოდა, არც შემტევები და არც მცველები, ორმა ქუთაისელმა ბურთს ისე ჩაუქროლა, მას ხელი ვერ წაატანა, თორემ ლელო გარდაუვალი იქნებოდა და ტაიმიც 20:12 დასრულდა.
მე-2 ტაიმი განათების ფონზე დაიწყო და საწყის ხუთ წუთში “აია” უტევდა, მაგრამ “არმიამ” კარგად დაიცვა თავი და მომხვდური საკუთარ ჩათვლის მოედნიდან 40 მეტრის სიახლოვეს არ მიაკარა.
შემდგომ თბილისელებმა შეუტიეს, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა, სადაც არმიელები მეტობაში იყვნენ და მამუკა ცხადაძემ მე-3 ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა. აქედან მოყოლებული, უმეტესად, “აია” უტევდა, მაგრამ ხიფათის შექმნას ნაკლებად ახერხებდა. “არმია” თავს საიმედოდ იცავდა და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე ელოდა.
ლელოს გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, მაგრამ 74-ე წუთზე, კობახიძემ 43 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად დაჰკრა და ანგარიში 30:12 გახადა.
“აიამ” ბოლომდე იბრძოლა, მას ლელო ჰაერივით სჭირდებოდა, რათა განმეორებითი შეხვედრისთვის შანსი შეენარჩუნებინა. ბექა ყურაშვილმა ხაზი კარგად გაჭრა, ის ლაშა თავართქილაძემ შებოჭა, შემდეგ კი, გადაცემა თამაშგარიდან განზრახ ჩაჭრა, რითაც სინბინით დაისაჯა.
ქუთაისელებმა მეტობით ვერ იხეირეს, მალე კი, რეფერიმ ყვითელი ბარათი ლევან გოგიასაც უჩვენა, რომელიც ხშირად გამოხატავდა მის გადაწყვეტილებებზე უკმაყოფილებას. ცოტა ხანში კი, თამაშიც დასრულდა.
22 მაისს, ქუთაისში, “დინამოზე”, “აიას” მთელი ქალაქის მხარდაჭერა ექნება და თუ 18 ქულის აღმოფხვრას ვერ მოახერხებს, “არმიასთან” ზედიზედ ექვსმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტას მაინც ეცდება.

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
ნახევარფინალი. პირველი მატჩი
12 მაისი
თბილისი. ავჭალა. 1000 მაყურებელი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 30:12 (20:12)
არმია:
15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. მჭედლიძე, 12. ი. ჩხიკვაძე, 11. გაბროშვილი, 10. ნინიძე, 9. სამხარაძე; 1. კაკოვინი, 2. მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 39), 3. დონაძე (ხოსიტაშვილი 68), 4. ცხადაძე (არჩუაშვილი 63), 5. ჩიტიძე, 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. თავართქილაძე.
3 ლელო: ტუჩაშვილი, ჩიტიძე, ცხადაძე
3 გარდასახვა: კობახიძე
3 ჯარიმა: კობახიძე
1 სინბინი: თავართქილაძე
აია: 15. ძნელაძე, 14. გოშაძე (ფრუიძე 51), 13. ხამაშურიძე, 12. კუხიანიძე (ზვიადაძე 65), 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9 გოგია; 1. არაბიძე (ლომიძე 41), 2. მატკავა (თხელიძე 41), 3. ტ. ჩხიკვაძე, 4. შალამბერიძე, 5. მარდალეიშვილი (ჩიტაიშვილი 51), 6. რევიშვილი, 7. შაშიაშვილი (ცირეკიძე 69), 8. ყურაშვილი.
4 ჯარიმა: სინაურიძე
1 სინბინი: გოგია

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104308