საფრანგეთის მორაგბეთა მე-2 ელიტარული დივიზიონის - Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში, გათამაშების ლიდერის, “გრენობლის” შემადგენლობაში, 22 წლის ქართველი პირველხაზელის, გიორგი მენაბდიშვილის ფრანგული დებიუტი შედგა.
“გრენობლმა” პირველი ელიტარული დივიზიონის საგზური 3 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა და დასკვნით ტურში თავის გამოჩენის შანსი უახლოეს რეზერვსაც მიეცა. მათ შორის იყო ქართველი პირველხაზელიც, რომელიც თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. “გრენობლი” სტუმრად “ოიონაქსს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 2 ჯარიმით, მე-20 წუთისთვის, 6:0 დაწინაურდა, საბოლოოდ დამარცხდა.
შესვენებამდე, მასპინძლებმა 2 საპასუხო ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, დასკვნით ნახევარ საათში კი, 3 ლელო მიითვალეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და 23:6 იმარჯვეს. მიუხედავად მარცხისა, “გრენობლმა” რეგულარული პირველობა 105 ქულით პირველ საფეხურზე დაასრულა და მთელი 18 ქულით აჯობა უახლოეს მდევარ “პოს”.
Top 14-ის მე-2 საგზურისთვის, ოთხგუნდა პლეი ოფში ბრძოლას გააგრძელებს დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო”, რომელმაც გათამაშება, 87 ქულით, მე-2 ადგილზე დაასრულა და ერთმატჩიან ნახევარფინალში, “ლა როშელთან”, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.
დასკვნით ტურში, “პო” “ოშს” ეწვია და ტაიმი 14:6 მოიგო, საათის თავზე 17:11-ს იგებდა, მალე ჯარიმაც გაუშვა, მაგრამ დასკვნით 18 წუთში მეტოქეს ქულა არ ააღებინა და მდევრები ამ გამარჯვების წყალობით მოიტოვა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.
დასკვნით ტურში, “პოს” მომავალი მეტოქე “ლა როშელი”, ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა” 35:14 დაამარცხა.
ასეიშვილი განაცხადში არ იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა - დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მობურთალი ნაცარაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს.
“ორიაკმა” ტაიმი 6:7 დათმო, 49-ე წუთისთვის კი, 9:14-ს აგებდა. 53-ე და 64-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით, მასპინძლები 15:14 დაწინაურდნენ, ხოლო დასკვნით 8 წუთში, ჯარიმა, არეკნი, ორ-ორი ლელო გარდასახვა გაიტანეს და სოლიდური სხვაობით იმარჯვეს.
ჯამში, “ორიაკმა” 30 თამაშიდან 12 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 60 ქულა მოაგროვა და მე-13 ადგილი დაიკავა.
მამუკა მაგრაქველიძის და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა”, 13 მოგებითა და 61 ქულით, მე-12 საფეხური დაიკავა. დასკვნით ტურში, ის სტუმრად “ალბისთან” (სადაც მომავალი სეზონიდან ალექსანდრე თოდუა ითამაშებს) 29:35 დამარცხდა და მცირე სხვაობით აღებულმა ერთმა პრემიალურმა ქულამ, “ორიაკზე” უკეთესი ადგილის დაკავების საშუალება მისცა.
ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე მაგრაქველიძე, მირცხულავამ 53-ე წუთზე შეცვალა. მირცხულავასთვის ეს მე-4 მატჩი იყო Pro D2-ის გასულ სეზონში.
მასპინძლებმა მაყურებლებს ლელოზე ორიენტირებული თამაში შესთავაზეს და შესვენებამდე 3 ლელო მიითვალეს, რასაც ერთი ზუსტი გარდასახვა და ერთიც ჯარიმა შემატეს. ამასობაში, 2 ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ორიც ზუსტი ჯარიმა შეასრულა “ტარბმა” და ტაიმი 20:20 დასრულდა.
მე-2 ნახევრის დასაწყისში სტუმართა მიერ გატანილ ჯარიმას, “ალბიმ” ლელოთი უპასუხა, მაგრამ 65-ე წუთამდე “ტარბმა” კიდევ 2 ჯარიმა გამოიყენა და 29:25 დაწინაურდა. სტუმრებს გამარჯვება მაინც არ ეწერათ, რადგან მასპინძლებმა 67-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო მიითვალეს, ხოლო ბოლო წამზე ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
Pro D2-დან დაქვეითებულმა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგომ”, დასკვნით ტურში, “ექს-ან-პროვანსი” ერთი ქულით - 39:38 დაამარცხა, მაგრამ ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია.
ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ზიბზიბაძე იყო და ის 38-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. 38-ე წუთზე ჩაერთო თამაშში დადუნაშვილი, ხოლო მარგველაშვილი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დადუნაშვილი მოწინააღმდეგეს წაეჩხუბა და დარჩენილი დრო დასჯილთა სკამზე გაატარა.
თამაში “პერიგომ” ძალიან კარგად დაიწყო და მე-18 წუთისთვის უკვე 3 ლელო ჰქონდა გატანილი, 2 რეალიზაციაც გამოიყენა და რადგან 2 ჯარიმა თავადაც გაუშვა, 19:6- იგებდა.
მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 38-ე წუთზე მასპინძლებმა თავისი მე-4 ლელო გაიტანეს და გარდასახვით, უპირატესობა ოც ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ ლელო თავადაც გაუშვეს და ტაიმი 29:14 მოიგეს.
მატჩის განახლებიდან ექვს წუთში, “ექს-ან-პროვანსმა” 2 ლელოს გატანა შეძლო, ორივე გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 65-ე და 68-ე წუთებზე, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 70-ე წუთზე კი, “პერიგომ” ლელო მიითვალა და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. სტუმრებმა საპასუხო ლელო 77-ე წუთზე მიითვალეს და გარდასახვით ჩამორჩენა კვლავ ერთ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ დარჩენილ დროში ვეღარაფერი მოინაგრეს და “პერიგომ” 39:38 გამარჯვებით, კარი გაიჯახუნა.
ქართველთა გუნდმა, ჯამში, 30-დან მხოლოდ 7 თამაში მოიგო, 13 ქულა აიღო მცირე სხვეობებით მარცხისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 41 ქულით, ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობა. მომავალ სეზონს ის კვლავ ფედერალ 1-ში დაიწყებს, საიდანაც ამ სეზონის წინ ამოვიდა.
Top 14-ის საგზურის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები 19-20 მაისს გაიმართება. 19-ში, “პო” “ლა როშელს” მასპინძლობს, 20-ში, “მონ-დე-მარსანი” “დაქსს”, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა 27 მაისსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია