ამბები

19:19 | 13.05.2012 | ნანახია 3335 - ჯერ

Top 14-ის წითელ-ყვითელი ტური

საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში, რეფერებმა თავი გამოიდეს და ერთ-ერთმა მათგანმა ორ ქართველ ლეგიონერს ყვითელი ბარათები უჩვენა, ხოლო მეორემ, მამუკა გორგოძე “გააწითლა”.
დასკვნითი ტურის ცენტრალურ ჯახში, Top 14-ის გასული ჩემპიონატის ფინალისტები - “ტულუზა” და “მონპელიე” თამაშობდნენ. მასპინძელ ტულუზელთა განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული აქვსენტი გიორგაძე და ჯაბა ბრეგვაძე, ხოლო “მონპელიეს” განაცხადში ვერ მოხვდნენ გოდერძი შველიძე და მიხეილ ნარიაშვილი. სამაგიეროდ, სასტარტო შემადგენლობაში იყო მამუკა გორგოძე, ხოლო ჟღენტი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა.
გორგოძე, რომელიც წლეულს მაქსიმალური თავშეკავებულობით გამოირჩეოდა, 28-ე წუთზე ატეხილ ჯგუფურ ჩხუბში ჩაერთო, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეორეხაზელ იოან მაესტრის არაფერი დაუთმო და რეფერიმ ორივე მათგანს წითელი ბარათი უჩნევა. ამასთან, მსაჯმა “მონპელიეს” არგენტინელი პირველხაზელი აგუსტინ კრევიც გაასინბინა.
სადისციპლინო კომისიას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ გორგოძე “მონპელიეს” საჩემპიონო პლეი ოფოის პირველ შეხვედრაში, “კასტრის” წინააღმდეგ დააკლდება და ეს გუნდისათვის უდიდესი დანაკლისი იქნება. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მასპინძლები ადრეული ლელოთი დაწინაურდნენ, “მონპელიემ” ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, მერე 13-კაცა სტუმრები უკეთ ათამაშდნენ, სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს და 37-ე წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ ლელო გაუშვეს და ტაიმი 10:10 დასრულდა.
“ტულუზამ” ლელო-გარდასახვით უპირატესობა 51-ე წუთზე მოიპოვა, 64-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და მასპინძლებმა 20:13 იმარჯვეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ “ტულუზამ” რეგულარული პირველობა 87 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო “მონპელიე” 67 ქულით მე-5 პოზიციამდე დაეშვა და პლეი ოფში მასპინძლის უფლებით ვერ ისარგებლებს.
87 ქულით მეორე ადგილი დაიკავა დავით ზირაქაშვილის და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, რომელმაც დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და იური ნატრიაშვილის “ბრივს” შანსი არ დაუტოვა და 57:14 გაანადგურა. “კლერმონის” შემადგენლობაში სრულად ითამაშა ზირაქაშვილმა, კოლელიშვილი ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა, ისევე, როგორც სტუმართა რიგებში კაკოვინი და ხინჩაგიშვილი, ხოლო ნატრიაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.
“ბრივს” Top 14-ში დარჩენის შანსის შესანარჩუნებლად, სასწაულის მოხდენა მართებდა - მას “კლერმონი” მისსავე ბუდეში ისე უნდა დაემარცხებინა, რომ თან პრემიალური ქულაც აეღო და მერე კონკურენტი გუნდის შედეგს დალოდებოდა. სტუმრებმა საქმე კარგად დაიწყეს, 21-ე წუთამდე ჯარიმისა და ლელოს საპასუხოდ ორი ლელო გაიტანეს და 14:8 იგებდნენ, მაგრამ “კლერმონს” ორ წელიწადზე მეტია შიდა ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე თამაში არ წაუგია და არც ამჯერად გატყდა. მათ ტაიმი 22:14, სულ კი, 57:14 მოიგეს და ჯამში 8 ლელო გაიტანეს. ამრიგად, “ბრივი” 42 ქულით ბოლოსწინა, გასავადნ ადგილზე დარჩა და ახალ სეზონს Pro D2-ში დაიწყებს.
ბრიველებს რომ გული არ დაწყდეთ, მათმა კონკურენტმა “ბაიონმა”, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან” სტუმრად ერთი პრემიალური ქულა აიღო და მეტოქის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. “კასტრმა” 31:29 იმარჯვა, თუმცა, ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. 22 წუთი თანაბარი ბრძოლის შემდეგ, მასპინძლებმა აიწყვიტეს, შესვენებამდე ორი ლელოს გაიტანეს და ტაიმი 23:9 მოიგეს. 63-ე წუთისთვის “კასტრი” უკვე 31:15 იგებდა, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვა, მხოლოდ ორი ქულით იმარჯვა და პრემიელური ქულის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, მათ 69 ქულით მეოთხე ადგილზე მაინც აინაცვლეს და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლები იქნებიან.
73 ქულით მესამე ადგილი დაიკავა დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, რომელმაც Pro D2-ში გავარდნილი გურამ კავთიძის და ტარიელ რატიანიძის “ლიონი” 29:5 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში კი დაიწყო, მაგრა 27-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მასპინძელთა რიგებში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად ბრძოლაში ჩართვა მე-5 წუთზე მოუხდა რატიანიძეს, ხოლო კავთიძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. აქ რეფერიმ რატიანიძე 55-ე წუთზე გააყვითლა, ხოლო შეცვლაზე შესულ კავთიძეს გახურებაც არ აცადა და სინბინში ერთ წუთში, 65-ე წუთზე გაუშვა.
“ტულონმა” ტაიმი სულ რაღაც 3:0 მოიგო, მაგრამ 56-ე წუთზე უკვე 16:0 იგებდა. “ლიონმა” საპასუხო ლელო მალევე გაიტანა, რაზეც “ტულონმა” ორი ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით უპასუხა. ტულონელები პლეი ოფის პირველ ეტაპზე “რასინგ მეტროს” იმასპინძლებენ, თუმცა, მანამდე “ჩელენჯ ქაფის” ფინალში “ბიარიცის” წინააღმდეგ ლონდონში უნდა ითამაშონ. “ლიონმა” Top 14-ის წლევანდელი გათამაშება 31 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, “რასინგ მეტროს” 25:22 აჯობა და ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 55 წუთი ითამაშა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თითქმის მთელი პირველი ტაიმი, სტუმრები ლიდერობდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ბოლოში გატანილი ჯარიმით საწყისი 40 წუთი 13:12 მოიგეს. 52-ე წუთზე “აჟენი” უკვე 19:12 იგებდა, თუმცა, საათის თავზე “რასინგ მეტროს” სამი ქულით ჩამორჩა (19:22). “აჟენმა” ჯარიმით წონასწორობა 68-ე წუთზე აღადგინა, 79-ეზე კი, გამარჯვების მომტანი სამი ქულა აიღო და ჯამში 52 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.
პლეი ოფში გასულ მესამე-მეექვსეადგილოსან გუნდებს, ახლა ერთი კვირა დასვენება აქვთ (“ტულონის” გარდა), 25 მაისს “კასტრი” “მონპელიეს” უმასპინძლებს, ხოლო 26-ში “ტულონი” “რასინგ მეტროს” დაუხვდება. “ტულუზა” და “კლერმონი” მთელი სამი კვირა ისვენებენ და ნახევარფინალში ზემოთნახსენები წყვილის გამარჯვებულებს 2-3 ივნისს დაუხვდებიან.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა 1. ტულუზა - 87, 2. კლერმონი - 87, 3. ტულონი - 73, 4. კასტრი - 69, 5. მონპელიე - 67, 6. რასინგ მეტრო - 64, 7. სტად ფრანსე - 58, 8. ბორდო - 53, 9. ბიარიცი - 52, 10. აჟენი - 52, 11. პერპინიანი - 49, 12. ბაიონი - 48, 13. ბრივი - 42, 14. ლიონი - 31.
 

 

ზურა ქსოვრელი

 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076842