ამბები

21:17 | 14.05.2012 | ნანახია 1557 - ჯერ

ნახევარფინალის შანსს სამივე ინარჩუნებს

საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მე-3 ლიგის, ფედერალ 1-ის პლეი ოფის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩებში, ქართველი ლეგიონერების 3 გუნდიდან ორმა გაიმარჯვა, ხოლო ერთი გასვლით მატჩში ფრეს დასჯერდა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა”, რომელმაც მარვედფინალური ეტაპი მეტოქისთვის, მიღებულზე მეტი ლელოების გატანით დასძლია, “ნევერს” უმასპინძლა და განმეორებითი ჯახის წინ 17-ქულიანი ფორა მოიპოვა, თანაც, 2 უპასუხო ლელო გაიტანა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზევე, ლელოთი გახსნეს და რეალიზაციაც გამოიყენეს, ხოლო 35-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, 10:0 დაწინაურდნენ. ზედ შესვენების წინ, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და “ვალანს დაჟენი” შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მე-2 ტაიმის საწყის 13 წუთში, “ნევერმა” ჯარიმიდან ორჯერ იხეირა, 61-ე წუთამდე გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 64-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად დაარტყეს და 23:12 დაწინაურდნენ.
70-ე წუთზე, “ვალანს დაჟენი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ თავი კარგად დაიცვა და 2 ჯარიმაც გაიტანა, ხოლო საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე, პირველი ტაიმის მსგავსად, გუნდებმა კვლავ თითო-თითო ჯარიმა მიითვალეს და მასპინძლებმა 32:15 იმარჯვეს.
ორივე ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ნემსაძე, რომელმაც წინა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მოედანზე 52 წუთი გაატარა, ხოლო ბასილაია მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეცვალა. “ვალანს დაჟენს” განმეორებითი მატჩი 20 მაისს ელის და თუ 17-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ნახევარფინალში, “მონტობანსა” და “კოლომიერსს” შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველ მატჩში “კოლომიერსმა” სტუმრად 18:14 იმარჯვა.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ”, მერვედფინალის მსგავსად, მეოთხედფინალის პირველი ჯახიც სტუმრად ფრედ დაასრულა - ამჯერად 23:23. “მასი” “კასტანეს” ეთამაშებოდა და პირველ ნახევარში მეტოქის ორ ჯარიმას 3 ჯარიმით, ერთი ლელოთი და ერთი გარდასახვით უპასუხა - 16:6.
55-ე წუთისათვის, სტუმრებმა 3 ჯარიმა მიიღეს და ათქულიანი უპირატესობა მინიმუმამდე დავიდა, 64-ე წუთზე კი, “მასიმ” თავისი მე-2 ლელო გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა.
“კასტანემ” ერთი საპასუხო ლელო 70-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და 77-ე წუთზე გამოყენებული ჯარიმით, მხოლოდ წონასწორობის აღდგენა მოახერხა.
ქართველ ლეგიონერთაგან ამ მატჩში მხოლოდ სუთიაშვილმა და აშვეთიამ ითამაშეს. სუთიაშვილმა მეორე ხაზში 42 წუთი ითამაშა, ხოლო პირველხაზელმა აშვეთიამ მოედანზე 55 წუთი გაატარა. დავით ბოლღაშვილის “ლილმა”, საკუთარ მოედანზე, “ტიროსთან” მხოლოდ 5-ქულიანი ფორა მოიპოვა, ისიც, ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი. ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095005