საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ქვეყნის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” ლიდერ მამუკა გორგოძეს, რომელიც Top 14-ის რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში წითელი ბარათით დაისაჯა, 10-დღიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
12 მაისს, რეგულარული პირველობის XXVI ტურში, ლიდერ “ტულუზასთან” მატჩის 28-ე წუთზე “გორგოძილა” თანაგუნდელს გამოესარჩლა და ჩხუბში ჩაება. ტულუზელთაგან მის წინააღმდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი იოან მაესტრი გამოვიდა და მცირეხნიანი ჩხუბის შემდეგ, რეფერიმ ორივე მათგანს წითელი ბარათი უჩვენა. ეს პირველი წითელი ბარათი იყო გორგოძესთვის, რომელიც ამ სეზონს თავისთვის უჩვეულოდ კორექტულად ატარებს და გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ მას პლეი ოფის პირველ ეტაპზე, “კასტრთან” 25 მაისს გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევდა.
მსაჯმა მატჩისშემდგომ მოხსენებაში ჩაწერა - მორაგბეები მოედნიდან “უდისციპლინობის” გამო გავაძევე და არა “უხეში ქმედებისთვისო”, რაც იმის მაუწყებელია, რომ საქმე საფრანგეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომისიას არ გადაეცემა და წითელით ბარათით დასჯილ მორაგბეებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული 10 დღის გამოტოვება მოუწევთ. “უხეშობის” შემთხვევაში, გორგოძეს მინიმუმ 20 დღით დასვენება მოუწევდა და “კასტრის” წინააღმდეგაც ვერ ითამაშებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. სასჯელის მოხდის პერიოდში, ანუ 22 მაისამდე არც “მონპელიეს” და არც საქართველოს ნაკრებს მატჩის ჩატარება არ უწევთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია