რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” 2012 წლის ფინალში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ქართული წარმოშობის მორაგბე დიმიტრი იაშვილმა, დავით ქუბრიაშვილის “ტულონის” ინგლისელ დამრტყმელ ჯონი უილკინსონს 7:6 აჯობა და თავის “ბიარიცს” თასი მოაგებინა.
ეს მარცხი დიდწილად მატჩის რეფერის და მისი ასისტენტების ნამუსზეცაა, რომლებმაც იაშვილის გადამწყვეტ დარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი მხრიდან აშკარა წესების დარღვევა არ დააფიქსირეს და ტულონელებს გასატან ჯარიმასთან ერთად, რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცეს. სებასტიან ტილუ-ბორდე, რაქიდან ფლანგზე ბურთის გაშლას ცდილობდა, როდესაც წაქცეულმა, თამაშგარეში გაწოლილმა იაშვილმა მას ფეხში ხელი გამოკრა და წონასწორობა დააკარგვინა. შედეგად, ბურთი აუტში გავიდა, რეფერიმ კი, ნაღდ სინბინზე რომ არაფერი ვთქვათ, აშკარა ჯარიმაც არ დანიშნა.
შედეგად, “ბიარიცმა” თავად წამოიწყო შეტევა, 74-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, იაშვილმაც 45 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა და საკუთარი გუნდი 21:18 დააწინაურა. დარჩენილ დროში “ტულონმა” მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყო და 22 მეტრის ხაზზე, ფლანგიდან მოკლე დარტყმებით კარის გასწვრივ გადაინაცვლა, მაგრამ მეტოქემ უშეცდომოდ დაიცვა თავი, მერე ტულონელები შეტევაში დაჯარიმდნენ და მატჩიც, რომელსაც 9376 მაყურებელი დაესწრო, მათი მარცხით დასრულდა.
ანგარიში იაშვილმა ჯარიმით მე-5 წუთზე გახსნა. უილკინსონს წონასწორობის აღდგენა მე-8 წუთზე შეეძლო, მაგრამ ეს დარტყმა გაუცუდდა, თუმცა, მე-12 წუთზე დარტყმული ჯარიმა ზუსტი აღმოჩნდა. 32-ე წუთამდე მათ კიდევ ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, “ბიარიცი” წინ გადიოდა და “ტულონი” ანგარიშის გათანაბრებას ახერხებდა, თუმცა, 36-ე წუთზე იაშვილმა ტაიმში მეოთხე დარტყმა გამოიყენა და “ბიარიცი” შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
“ტულონმა” წონასწორობა 44-ე წუთზე აღადგინა, მერე კი, 45-ე და 52-ე წუთებზე, რეფერიმ ორი ტულონელი მორაგბე გაასინბინა და “ბიარიცმაც” ორივე ჯარიმის გამოყენებით 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ორკაცნაკლულმა ტულონელებმა მეტოქეს უპირატესობის გაზრდის საშუალება არ მისცეს და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 15-ის წინააღმდეგ 14 კაცით თამაშობდნენ, ერთი საპასუხო ჯარიმის გატანა მოახეხეს, ხოლო 65-ე წუთზე, განუმეორებელმა უილკინსონმა 41 მეტრიდან გატანილი არეკნით წონასწორობა აღადგინა. მერე იყო რეფერის საბედისწერო შეცდომა და “ბიარიცის” ზეიმი.
ამრიგად, “ბიარიცმა”, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა, მომავალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასზე” თამაშის უფლება მოიპოვა, “ტულონი” კი, კვლავაც ევროპული ტიტულის გარეშე დარჩა და საფრანგეთის ჩემპიონობისთვბის ბრძოლაში, 26 მაისს მეოთხედფინალში “რასინგ მეტროს” დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ დავით ქუბრიაშვილმა ერთი კვირით ადრე მუხლი იტკინა და ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა ქართველი მორკინალი განაცხადში შეიყვანა, თუმცა, რადგან “ტულონი” შერკინებაში ისედაც დიდ უპირატესობას ფლობდა, აღარ გარისკა და ქუბრიაშვილი მოედანზე არ გაიყვანა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია