ირლანდიურმა “ლენსტერმა”, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” ფინალურ მატჩში, ლონდონში, “თვიქნემზე”, მაყურებელთა სარეკორდო რაოდენობის თვალწინ, მეორე ირლანდიური კლუბი - “ოლსტერი” 42:14 გაანადგურა და ბოლო ოთხ წელიწადში თასი მესამედ მოიპოვა.
გარდა იმისა, რომ ამ თამაშს სარეკორდო რაოდენობის - 81774 მაყურებელი დაესწრო, კიდევ რამდენიმე რეკორდი დამყარდა. აქამდე, 4 წლის განმავლობაში, თასი სამჯერ არცერთ გუნდს მოუპოვებია, ზედიზედ ორჯერ კი, განვლილ 16 სეზონში, “ლენსტერამდე” “ჰაინეკენის” თასზე” მხოლოდ ინგლისურმა “ლესტერმა” იმარჯვა (2001 და 2002 წლებში); ლენსტერელთა მეორეხაზელი - 34 წლის ლეო კულენი, გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასი სამჯერ აღმართა; “ლენსტერმა” “ჰაინეკენის თასის ფინალებში ყველაზე მეტი - 42 ქულა მოაგროვა და 2001 წელს “ლესტერის” მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა (34); “ლენსტერმა” გაიტანა 5 ლელო და გააუმჯობესა “ბრივის” 1997 წლის მაჩვენებელი (4).
“ლენსტერი” ლონდონში ფავორიტის რანგით კი ჩავიდა, მაგრამ მატჩის დებიუტი “ოლსტერისა” იყო. საწყის 8 წუთში, მათ ბურთზე კონტროლი დაამყარეს, მე-7 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და სამხრეთაფრიკელმა რუან პიენაარმა ანგარიში გახსნა.
ამაზე “ჰაინეკენის თასის” მფლობელმა მძლავრი აფეთქებით უპასუხა და კარგი შეტევა მატჩის საუკეთესო მორაგბემ - შონ ობრაიენმა ლელოთი დააგვირგვინა, რასაც ჯონათან სექსტონმა ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა.
სწრაფი, გახსნილი თამაში გაჩაღდა და ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელიც დიდ სიამოვნებას იღებდა, მაგრამ 31-ე წუთამდე ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, მერე კი, ბრაიან ოდრისკოლმა ცენტრალურ ხაზთან ოლსტერელთა დაცვის ხაზი ერთხელაც გაჭრა, თანაგუნდელებს სივრცეები გაუთავისუფლა და კინ ჰილიმ მე-2 ლელო გაიტანა, სექსტონმა კი, რეალიზაცია კვლავ უნაკლოდ შეასრულა.
შესვენებამდე “ოლსტერმა” ერთი კარგი სალელოვე შეტევა განახორციელა და მეტოქის ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუახლოვდა. “ოლსტერის” მორაგბეებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ლელოზე თამაშის ნაცვლად, არეკნით 3 ქულის აღება გადაწყვიტეს და მომენტი გააფუჭეს.
ზედ შესვენების წინ სხვაობა მაინც შემცირდა, როდესაც პიენაარმა 55 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 6:14.
ამ პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ “ლენსტერი” მეტოქეს სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში სჯობდა. ამასთან, მოქმედ ჩემპიონებს გამოცდილებაც მეტი ჰქონდათ და “ოლსტერს” ძლიერ უნდა მოენდომებინა, მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ რომ შემოებრუნებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.
თამაშის განახლებიდან ოთხ წუთში, “ლენსტერმა” მეტოქის 22-ის ხაზთან კარგი მოლი დააყენა, დაახლოებით 20 მეტრი დაფარა და მცველებს ისღა დარჩენოდათ, განზრახ დაჯარიმებულიყვნენ, ამისათვის კი, საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და სექსტონმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
მალე პიენაარმა და სექსტონმა შორეული ჯარიმები გაცვალეს, მერე “ოსლტერმა” მძლავრად შეუტია, ფლანგების ხშირი ცვლით, მარცხენა ფლანგზე უპირატესობა მოიპოვა და დენ ტუოჰიმ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ რეალიზაცი არაზუსტი იყო. “ლენსტერმა” აღარ გარისკა და 72-ე წუთისთვის, სექსტონის 2 ჯარიმით უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა (30:14), თანაც, ამ დროისთვის “ოლსტერი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა და ცხადი გახდა, რომ ჩემპიონი თასს შეინარჩუნებდა.
“ლენსტერი” არ მოეშვა, დასკვნით წუთებში რიცხობრივი უპირატესობით სათანადოდ ისარგებლა, ვან დერ მერვემ და შეინ კრონინმა კიდევ 2 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთ-ერთი ფერგუს მაკფადენმა გარდასახა და “ლენსტერმა” 42:14 იმარჯვა.
ამრიგად, “ჰაინეკენის თასის” მფლობელმა, ტიტული მინიმუმ ერთი წლით შეინარჩუნა და თანაც ისე, რომ ტურნირზე ერთი თამაშიც არ წაუგია. ირლანდიელებმა ქულები მხოლოდ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ქართველების “მონპელიესთან” დაკარგეს, როდესაც მხოლოდ ფრეს დაყაბულდნენ, ნახევარფინალში კი, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, ბორდოში, იღბლის წყალობით დაამარცხეს - საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე, უესლი ფოფანამ ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება ვერ მოახერხა, წინ დაუვარდა...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია