ამბები

11:39 | 22.05.2012 | ნანახია 1958 - ჯერ

საღამოს ფინალისტებს ველით

საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონის გამოვლენამდე დარჩენილია სამი თამაში, რომელთაგან ორი, განმეორებითი ნახევარფინალები, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება და გამოვლინდება იმ ორი ფინალისტის ვინაობა, რომლებიც 27 მაისს თასისთვის თბილისში იბრძოლებენ.
ფინალში ერთი თბილისური გუნდი აუცილებლად მოხვდება. ტრადიციული მეტოქეები, “ლელო” და “ლოკომოტივი” ერთმანეთს “ავჭალაზე”, 18 საათზე შეებმებიან. პირველი მატჩის შემდეგ, ლელოელებმა ათქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ იმ შეხვედრის დასკვნითმა ათმა წუთმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა და ისიც ცხადყო, რომ საჭიროების შემთხვევაში “რკინიგზელებს” მობილიზება შეუძლიათ.
პირველმა მატჩმა “ლოკომოტივის” სათამაშო უპირატესობით კი ჩაიარა, მაგრამ ამ გუნდმა ამით სათანადოდ ვერ ისარგებლა. “ლელომ” მეტოქის შეცდომები კარგად გამოიყენა და ტაიმი 10:3 მოიგო, ხოლო 61-ე წუთზე, როდესაც მეორე ლელო გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტი იყო, ანგარიში 20:10 გახდა. დასკვნით წუთებში “ლოკომოტივმა” მობილიზება შეძლო და 70-ე წუთზე ზვიად მაისურაძის ლელოთი და ვახტანგ კავთიძის გარდასახვით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა. სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა, მაგრამ კავთიძის ჯარიმა ძელმა აისხლიტა. “ლოკომოტივმა” ხუთწუთიანი შეტევის შემდეგ, ძალისმიერ სტილში დაახლოებით ნახევარი მეტრით გადაკვეთა “ლელოს” ჩათვლის მოედნის ხაზი, მაგრამ რეფერიმ ერთი შეხედვით ასპროცენტიანი ლელო არ ჩათვალა და ახლა თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს მეტი მობილიზება მოუწევთ, რათა წელს ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი (“ლელოს” 6 თამაშიდან 6 მოგება აქვს), საჭირო სხვაობით წააქციონ.
მეორე ფინალისტი ერთი საათით ადრე გაირკვევა. ქუთაისში, “დინამოზე” “აია” ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელ “არმიას” მასპინძლობს და რთული ამოცანის შესრულებას აპირებს. ქუთათურებმა პირველი მატჩის დაახლოებით ნახევარი საათი კარგად იბრძოლეს, 25-ე წუთისთვის 12:10 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი 20:12 დათმეს. მეორე ნახევარში “აიამ” კი მოინდომა, მაგრამ “არმიამ” თავიც კარგად დაიცვა და უპირატესობაც გაზარდა. ჯამში არმიელებმა სამი ლელო გაიტანეს და 30:12 იმარჯვეს. უპირატესობა 18 ქულაა და მისი აღფოხვრა “აიას” ძლიერ გაუჭირდება, თუმცა, ეს გუნდი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა და იმას მაინც ეცდება, რომ არმიელებთან ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტოს.

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
22 მაისი. ნახევარფინალი. განმეორებითი მატჩები
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) (12:30 პირველი მატჩი)
თბილისი. “ავჭალა”. 18:00 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (20:10)
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097282