საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ის ნახევარფინალში, ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მინიმუმ ერთი მათგანი აღზევდება.
შეგახსენებთ, რომ ფედერალ 1-ის პლეი ოფის ფინალში გასული გუნდები ელიტარული დივიზიონის საგზურს იღებენ და ამ კუთხით ფინალური მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს. მეოთხედფინალში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი იბრძოდა და საპასუხო მატჩების შედეგად, წარმატებას სამივევ მიაღწია.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კონაურის “მასის” “კასტანესთან” პირველი მატჩი ფრედ, 23:23 ჰქონდა დასრულებული და საკუთარი კედლების იმედად იყო. მწვრთნელმა სუთიაშვილი და აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. შალვამ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა და ტაიმის ბოლოს გატანილი ლელოთი საკუთარ გუნდს ტაიმი მოაგებინა, აშვეთიამ კი, 63 წუთი ითამაშა და მაშინ შეცვალეს, როდესაც ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე პრაქტიკულად გარკვეული იყო.
საწყის 20 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 33-ე წუთზე სტუმრები სინბინით დაისაჯნენ, მეტობით მასპინძლებმა ისარგებლეს და სუთიაშვილმა 38-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. “კასტანემ” ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ “მასიმ” ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე მეორე ლელოც მიითვალა, რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი იყო და ტაიმი 17:6 დასრულდა. “მასიმ” უპირატესობა 50-ე წუთზე ჯარიმით გაზარდა, ხოლო 71-ეზე მისი ლიდერობა 17-ქულიანი გახდა. საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე, კაცნაკლულმა მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის გატანა შეძლეს, სულ ბოლოს კი, როდესაც დრო უკვე 7 წუთის “გაწითლებული” იყო, ლელო-გარდასახვა გაუშვეს, მაგრამ ეს აღარაფერს წყვეტდა - 26:13.
ნახევარფინალში “მასის” მეტოქე დავით ბოლღაშვილის “ლილი” იქნება, რომელმაც “ტიროსს” ორმატჩიანი დუელი მოუგო. “ლილმა” პირველ მატჩში, საკუთარ მოედანზე, მხოლოდ 5-ქულიანი ფორა მოიპოვა (28:23), მაგრამ საპასუხო მატჩში კვლავ იმარჯვა და ნახევარფინალს უწია. დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი ფრედ - 13:13 დასრულდა, 68-ე წუთზე “ლილი” ლელო-გარდასახვით 20:16 დაწინაურდა, 4 წუთში ლელო თავად გაუშვა, თუმცა გაუმართლა და რეალიზაცია მიზანს ასცდა, რამაც “ტიროსი” აიძულა, დასკვნით წუთებში ლელოზე ეთამაშა. “ლილმა” თავი კარგად დაიცვა და 78-ე წუთზე ლელო-გარდასახვა თავად მიითვალა, 27:21 იმარჯვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ბოლღაშვილი განაცხადში არც ამჯერად იყო.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენს” “ნევერთან” პირველ მატჩში 17-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული (32:15), მაგრამ ნახევარფინალში დიდი გაჭირვებით გააღწია. საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა მასპინძლებმა საწყის 20 წუთში ორი ლელო გაიტანეს და ორივე რეალიზაცია გამოიყენეს, 28-ე წუთზე ჯარიმით ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 39-ე წუთზე მესამე ლელო მიითვალეს და 22:0 დაწინაურდნენ. ზედ შესვენების წინ სტუმრებმა ერთი საპასუხო ჯარიმის გატანა შეძლეს და ტაიმი 19 ქულით დათმეს.
მეორე ნახევარი “ვალანს დაჟენმა” პირველზე უკეთ ჩაატარა, “ნევერს” ქულის აღების საშუალება არ მისცა. 73-ე წუთზე მასპინძლები სინბინის გამო კაცნაკლულები დარჩნენ და ამით “ვალანს დაჟენმა” კარგად ისარგბელა. 75-ე წუთზე სტუმრებმა გადამწყვეტი ლელო გაიტანეს, რეალიზაციაც გამოიყენეს და 10:22 მარცხის მიუხედავად, ჯამში გამარჯვებულები დარჩნენ. უნდა ითქვას, რომ რეფერიმ “ვალანს დაჟენი” სამჯერ დასაჯა სინბინით და ამ გუნდმა 30 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა. ერთ-ერთი დასჯილი მეორეხაზელი ნემსაძე იყო, რომელმაც ყვითელი ბარათი 54-ე წუთზე მიიღო, ისე კი, სრულად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა შერკინების შემკვრელმა ბასილაიამ.
ნახევარფინალში “ვალანს დაჟენის” მეტოქე “კოლომიე” იქნება, რომელმაც “მონტობანი” ორივე შეხვედრაში დაამარცხა - 18:14 და 18:10.
აქვე გეტყვით, რომ Top 14-ის საგზურისთვის გამართული პლეი ოფის ფინალში გავიდა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო”, რომელმაც “ლა როშელი” 16:14 დაამარცხა. ქართცველი ლეგიონერები ტრადიციულად განაცხადში არ იყვნენ. გადამწყვეტ ჯახში “პოს” მეტოქე “მონ დე მარსანი” იქნება, რომელმაც “დაქსს” 24:20 სძლია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია