საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის განმეორებით მატჩში, “ლოკომოტივმა” შერკინების უპირატესობით, ამჯერად კარგად ისარგებლა, “ლელოს” სამი უპასუხო ლელო გაუტანა, 28:18 იმარჯვა და პირველი ჯახის შემდეგ, მასთან ათქულიანი ჩამორჩენა გააბათილა.
აქ, საქმეში დებულება ჩაერთო, რომლის თანახმადაც, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, ვისაც ურთიერთშეხვედრებში მეტი ლელო ექნებოდა გატანილი. ამ კომპონენტში, “ლოკომოტივმა” “ლელოს”, ორი მატჩის ჯამში 4:2 აჯობა (1:2 და 3:0) და ფინალში “არმიას” დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ქუთაისში “აიასთან” 6:8 განცდილი მარცხის მიუხედავად, ფინალში თამაშის უფლება მეტოქეზე ერთი საათით ადრე მოიპოვა.
თბილისში, ავჭალაში გამართული ჯახის პირველსავე წუთზე ცხადი გახდა, რომ “ლოკომოტივი” მიზნის მიღწევას ნაცად სტილში, ძალისმიერი თამაშით ეცდებოდა. “ლელო”, რომლის შემადგენლობაშიც ტრავმამოშუშებული ლაშა ხმალაძე დაბრუნდა, თამაშის გაშლას ცდილობდა და ქულების მოგროვებას ირაკლი ყიასაშვილის დარტყმებით გეგმავდა, რომელმაც იმ დღეს ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ანგარიში სწორედ ყიასაშვილმა გახსნა, რომელმაც მე-6 წუთზე ჯარიმა გაიტანა, სამიოდე წუთში, ვახტანგ კავთიძემ ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, თუმცა, მე-13 წუთზე ყიასაშვილმა კვლავ ლელოელები დააწინაურა. “რკინგზელებმა” მალევე მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ მის კარში დარტყმაზე უარი თქვეს, ბურთი აუტში გაიტანეს და არც შემცდარან. მათ დერეფანი მოიგეს, რამდენიმე დარტყმის შემდეგ კავთიძემ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გივი ბერიშვილის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა, ბლოკი დააფიქსირა.
დაახლოებით ათი წუთით, “ლელომ” თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხა. ის მოედნის მთელი პერიმეტრის გამოყენებით ცდოლობდა მიზნის მიღწევას და სწრაფი გარემარბების იმედად იყო, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე, “ლოკომოტივმა” შეუტია, ზედ კარის გასწვრივ, 15-17 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ ნაღდ სამ ქულას ლელოზე თამაში არჩია და რადგან შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, შერკინება ირჩია. “რკინიგზელებმა” მეტოქე დაძრეს, რამდენიმე მეტრი გაიარეს, მერე შერკინებას ზვიად მაისურაძე მოეხსნა და ჩათვლის მოედანს 3-4 მეტრამდე მიუახლოვდა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი, მაისურაძემვე, გასვიანის დახმარებით, ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. კავთიძეს გარდასახვა გაუცუდდა.
ლელო 28-ე წუთზე გავიდა, 30-ეზე კი, ყიასაშვილმა კარის გასწვრივ 38 მეტრიდან ჯარიმით “ლელო” ისევ წინ გაიყვანა. 33-ე წუთზე “ლოკომოტივმა” კიდევ ერთი კარგი ძალისმიერი შეტევა წამოიწყო, “ლელოს” 22-ში მოლი ააგორა და ლევან ზარიძემ შეხვედრის მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ, ამჯერად რეალიზაციაც გამოიყენა. შესვენებამდე დარჩენილ დროში, “ლელომ” მეტოქის ნახევარზე გადასვლა ორჯერ მოახერხა და ერთხელ, 35-ე წუთზე, ყიასაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა, მეორედ კი, ფლანგზე ბოლომდე გაქცევა ვერ მოახერხა და ტაიმი 12:15 დასრულდა.
თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც ყიასაშვილმა მეხუთე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. 47-ე წუთზე, “ლოკომოტივმა” კარგი შეტევა წამოწიყო, საქმეში უკანა ხაზი ჩაერთო და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ “ლელომ” სწრაფი იერიშის შეჩერება მოახერხა და მერე, ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, შემტევებს ბურთი წინ დაუვარდათ. ლელო მაინც გავიდა. “ლოკომოტივის” შერკინებამ მეტოქეს საკუთარი შერკინებიდან ბურთის გატანის საშუალება არ მისცა, გადმოვარდნილს კი, ირაკლი ღვინჯილია დაეუფლა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. კავთიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
დარჩენილმა ნახევარმა საათმა უკიდურესად დაძაბულად ჩაიარა. ათი ქულით გამარჯვების შემთხვევაში, ფინალში “ლოკომოტივი” გადიოდა და 53-ე წუთზე, კავთიძემ ჯარიმით ანგარიში 25:15 გახადა. ყიასაშვილმა საპასუხო ჯარიმის გატანა სამიოდე წუთში მოახერხა, მაგრამ მალე, ჯარიმა უკვე კავთიძემ გამოიყენა. დარჩენილ 20 წუთში უპირატესობა კვლავ “ლოკომოტივის” მხარეს იყო. “ლელო” კი ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. “რკინიგზელებს” ანგარიშის შეცვლაც შეეძლოთ, მაგრამ კავთიძის დარტყმული ჯარიმა ერთხელ ძელმა აისხლიტა, მეორედ კი, ძელსაც აცდა. მაგრამ ანგარიში მისი გუნდისთვის მისაღები იყო და საფინალო სასტვენის შემდეგ, “ლოკომოტივმა”, რომელსაც ფინალში “არმია” ელოდება, მაგრად გაიხარა.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
22 მაისი. ნახევარფინალი. განმეორებითი მატჩები
ქუთაისი. “დინამო”
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 8:6 (12:30 პირველი მატჩი)
თბილისი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 18:28 (12:15) (20:10 პ.მ.)
ლელო: 15. ი. ყიასაშვილი, 14. ზ. ზაალიშვილი, 13. ა. თოდუა, 12. რ. ხუციშვილი, 11. თ. ცერცვაძე (ი. გეგენავა 50), 10. ლ .ხამალაძე, 9. გ. კაჭარავა; 1. ბ. გოგიშვილი (გ. სანიკიძე 40), 2. მ. ორაგველიძე (დ. ხიდეშელი 20), 3. მ. სუჯაშვილი, 4. ნ. ჭეიშვილი, 5. ლ. აზალაძე, 6. ვ. კვერნაძე (ს. ქოიავა 48), 7. ბ. კოლელიშვილი, 8. გ. ჭყოიძე.
6 ჯარიმა: ყიასაშვილი
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. დ. ჭურღულია, 12. ი. გოგიშვილი (გ. კობერიძე 39), 11. ს. ქავთარაძე, 10. ვ. კავთიძე, 9. ი. ღვინჯილია; 1. დ. გასვიანი, 2. ლ. ზარიძე (ლ. გენებაშვილი 74), 3. გ. ვეფხვაძე, 4. გ. ნიშნიანიძე (ლ. გუნიავა 63), 5. ბ. გუჯარაიძე (გ. გეგია 70), 6. გ. ბერიშვილი, 7. ვ. ნადირაძე, 8. ზ. მაისურაძე.
3 ლელო: მაისურაძე, ზარიძე, ღვინჯილია
2 გარდასახვა: კავთიძე
3 ჯარიმა: კავთიძე
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი
ფინალი. 27 მაისი
არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია