საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო გარდამავალი ტურნირის განმეორებითი მატჩი ქუთაისში გაიმართა. "აიამ“ ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს, თბილისის "არმიას“ უმასპინძლა. ქუთათურები რთული ამოცანის წინაშე იდგნენ. მათ პირველი შეხვედრა სტუმრად (12:30) ჰქონდათ წაგებული. ამიტომ ფინალში გასასვლელად, საპასუხო მატჩში 18 ქულის დეფიციტი უნდა "ამოექაჩათ“. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ რიონისპირელებს თავი არ დაუზოგავთ. ისინი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებს ტოლ-სწორად ებრძოლნენ და ამ კონკრეტულ შეხვედრაში გამარჯვებასაც მიაღწიეს, თუმცა ფინალში, ობიექტურად უფრო ძლიერი თბილისის „არმია“, სამართლიანად გავიდა.
სამწუხაროდ, შეხვედრას ცუდი ამინდი დაედარა. მთელი მატჩის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ატალახებულ მინდორზე რაგბისტები ფეხს ვერ იმაგრებდნენ. სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და სველი ბურთიც ხელიდან უსხლტდებოდათ. ამიტომ, შეცდომებიც ხშირი იყო, რაც დაბალ შედეგიანობაშიც აისახა.
პირველი ტაიმი "აიას“ სრული უპირატესობით წარიმართა. გაგა სინაურიძეს საკუთარი გუნდის დაწინაურება თავიდანვე მართებდა, მაგრამ კარგი პოზიციიდან საჯარიმოს გამოყენება ვერ მოახერხა.
ქუთათურებს მონდომება მალევე დაუფასდათ. რევიშვილმა არმიელთა 22-მეტრიან ხაზთან ახლოს მეტოქეს დაუფარა, თვითონვე იბრძოლა და ლელო დადო. გარდასახვა სინაურიძეს გაუცუდდა - 5:0.
ამის შემდეგ, თბილისელები გააქტიურდნენ და კობახიძის ზუსტი საჯარიმოს წყალობით სხვაობა შეამცირეს - 5:3.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ძირითადად, მასპინძლები უტევდნენ. ისინი რამდენჯერმე ჩათვლის მოედანთან 5-მეტრიან ზონაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ლელოში შეღწევა ვერცერთხელ ვერ მოახერხეს. ერთ მომენტში, ლევან გოგიამ შეტევის გაგრძელება ორიგინალურად სცადა და მარჯვენა ფრთიდან მარცხენაზე, აბრამიძეს ბურთი ფეხით გადაუკიდა. ქუთათურთა გარე სამმეოთხედელს ხელს აღარავინ უშლიდა და ალბათ, ლელოსაც გაიტანდა, მაგრამ სველი ბურთის ხელში შემაგრება ვერ მოახერხა.
მატჩის მეორე ნახევარიც იგივე სცენარით გაგრძელდა. შეხვედრის განახლებისთანავე, სინაურიძემ ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში 8:3 გახადა, თუმცა სულ მალე, კობახიძემ, ასევე საჯარიმოთი, 2 ბურთიანი სხვაობა აღადგინა - 8:6. ამის შემდეგ, მასპინძლები კიდევ ერთხელ მიეძალნენ და შეხვედრისთვის თითქმის მთელი დარჩენილი დრო, მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან გაატარეს. იგრძნეს რა ქუთათურებმა, რომ უპირატესობას საფუძვლიანად დაეუფლნენ, მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს დანიშნული ხელსაყრელი ჯარიმების დარტყმაზე უარი განაცხადეს და აქცენტი მთლიანად ლელოს დადებაზე გადაიტანეს. რამდენჯერმე მიზანთან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ არმიელებმა თავი მედგრად დაიცვეს და ქუთათურებს ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა აღარ მისცეს. პირიქით, მატჩის უკანასკნელ წუთებში, სტუმრებს შეეძლოთ ქუთაისიდან, სულაც გამარჯვებულნი დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ჩათვლის მოედანთან მისულებს, ბურთი წინ გაუვრდათ და შეხვედრის დროც ამოიწურა.
ამ თამაშში იყო ისეთი ეპიზოდი, რომელზეც თვალის დახუჭვა, ქართულ რაგბს სასიკეთოდ არ წაადგება. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირმა სასიამოვნო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მათი გადაწყვეტილებით, მთავარ არბიტრს მატჩის გაძღოლაში ახალგაზრა თანამსაჯები ეხმარებიან. ამით კარგი საქმე კეთდება. ასეთ პრინციპულ მატჩზე მომსახურებისას, თემიდის ახლგაზრდა მსახურნი გამოცდილებას იძენენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ. ამ ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ. ამიტომაა გასაკვირი, რომ არმიელთა კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად ხშირად ისმოდა მათი მისამართით გამოთქმული უცენზურო და შეურაცმყოფელი შეძახილები, რომ მატჩის მთავარ მსაჯს კომისრის მოხმობა დასჭირდა არმიელთა ხელმძღვანელობის დასაშოშმინებლად.
იმედია, შენიშვნას ყველა კლუბის მესვეურები გაითვალისწინებენ და თავიანთი კორექტული მოქმედებით ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა მსაჯებს პროფესიულ ზრდასა და დაოსტატებაში.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო გარდამავალი ტურნირი.
22 მაისი. ნახევარფინალი. განმეორებითი მატჩი.
ქუთაისი. "დინამო“ 17:00 საათი. 1000 მაყურებელი.
"აია“ (ქუთაისი) - "არმია“ (თბილისი) 8:6 (5:3) (12:30 პ.მ.)
"აია“: 15. ხამაშურიძე, 14. გოშაძე, 13. ძნელაძე (ფრუიძე 65), 12. კუხიანიძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. გოგია, 1. არაბიძე, 2. თხელიძე (მატკავა 41), 3. ტ.ჩხიკვაძე (წაქაძე 65), 4. ჯიმშიტაშვილი, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი (ცირეკიძე 68), 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.
ლელო: რევიშვილი
ჯარიმა: სინაურიძე
მწვრთნელი : ბესიკ ხამაშურიძე
"არმია“: 15. კობახიძე (ნუცუბიძე 76), 14. ტუჩაშვილი, 13. ი.ჩხიკვაძე, 12. ჯიმშელაძე, 11. გაბროშვილი, 10. ნინიძე, 9. სამხარაძე, 1. კაკოვინი (ხოსიტაშვილი 68), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 45), 3. დონაძე, 4. არჩუაშვილი (ჩიტიძე 45), 5. ცხადაძე (ბიწაძე 48), 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. თავართქილაძე (გაგოშვილი 65).
2 ჯარიმა: კობახიძე
მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე
მთ. მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა
თ/მ: სულხან ჩიხლაძე, ილია მჟავანაძე
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია