“40-გვერდიანი ფერადი სარაგბო ჟურნალი ნამდვილად არის ის საჩუქარი, რომელსაც ასე ელოდა ჩვენი გულშემარკივარი”, - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ რამდენიმე დღის წინ და გუშინ, რაგბის პაბ “არსენალში” ამ ახალი სარაგბო, ფერადი ჟურნალ “რაგბის” პრეზენტაცია შედგა.
ჟურნალი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და თვეში ერთხელ გამოვა. მკითხველი განვლილი თვის ამბებთან ერთად, მომავალ გეგმებზეც მიიღებს ინფორმაციას. ინტერვიუებთან და საავტორო წერილებთან ერთად, დაინტერესებული პირები ამ ჟურნალის საშუალებით უამრავ ინფორმაციას მიიღებენ - როგორ და სად უყურონ თამაშებეს, მშობლებმა სახლთან ახლოს სად მიიყვანონ ბავშვები სარაგბო კლუბებში, გაეცნობიან ამ თამაშის წესებს და მათ განხილვებს, ყველა ნომერში იქნება მსოფლიოსა და ქართული რაგბის გამორჩეული ვარსკვლავების დიდი ფორმატის პოსტერი.
ჟურნალის გენერალური სპონსორია “საქართველოს ლატარიის კომპანიაა” და მან პირველ ნომერში ქართული რაგბის გულშემატკივრებს სიურპრიზი გაუკეთა. ჟურნალის თითოეულ ეგზემპლარს შეფუთვაში მოყვება ამ კომპანიის ერთი გადასაფხეკი ბილეთი, რომლის საშუალებითაც 3000 ლარის მოგებაა შესაძლებელი, ჟურნალის “რაგბის” ფასი კი, 3,50 ლარია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია