საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში გადამწყვეტი, საჩემპიონო პლეი ოფების დრო დადგა, სადაც რეგულარული პირველობის ექვსი საუკეთესო კლუბი ჩაებმება და მათგან ხუთში, ქართველი ლეგიონერები თამაშობენ.
დებულების თანახმად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე რეგულარული პირველობის პირველ-მეორეადგილოსანი გუნდები - აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, ასევე, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონი” ისვენებენ. მათთან ნახევარფინალში ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე” და უქართველებო “რასინგ მეტრო” იბრძოლებენ.
დღეს ერთმატჩიანი პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, “კასტრი” “მონპელიეს” ტულუზაში მასპინძლის რანგში დაუხვდება. კასტრელებს ზედიზედ ოთხი თამაშია, არ წაუგიათ და ახლაც მოგების იმედად არიან, მაშინ, როდესაც “მონპელიემ”, ორი კვირის წინ თავისი ბოლო მატჩი მომავალი ჯახის ადგილზე “ტულუზასთან” დათმო (13:20). აღსანიშნავია, რომ გასული ჩემპიონატის პლეი ოფის ამ ეტაპზე, “მონპელიემ” “კასტრი” 18:17 დაამარცხა. წელს “კასტრმა” მომავალ მეტოქეს ორივე თამაში მოუგო - მონპელიეშე 21:16 და შინ - 27:18.
მომავალ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს “კასტრის” პირველხაზელი ფეიქრიშვილი, რომელიც ტრავმირებულია. მწვრთნელმა “მონპელიეს” განაცხადში არ შეიყვანა ნარიაშვილი და შველიძე, ხოლო გორგოძე და ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალში “ტულუზას” შეხვდება.
ხვალ “რასინგ მეტროს” უმასპინძლებს დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”. ქართველი პირველხაზელი, რომელმაც გასულ კვირას “ჩელენჯ ქაფის” ფინალში ტრავმის გამო არ ითამაშა, გაფართოებულ 25-კაციან შემადგენლობაშია და სავარაუდოდ, მომავალი ჯახისთვის, რომელიც 26 მაისს 23 საათზე დაიწყება, განაცხადში იქნება. ტულონელებმა რეგულარულ ჩემპიონატში “რასინგ მეტროს” სტუმრად 16:9, შინ კი, 32:20 მოუგეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია