ამბები

13:19 | 26.05.2012 | ნანახია 2284 - ჯერ

“კასტრმა” შური იძია - “მონპელიე” დისციპლინამ დააღალატა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ი, საჩემპიონო პლეი ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა და ნახევარფინალში გასულ “ტულუზასა” და “კლერმონს” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” შეუერთდა.
“კასტრი” იმ “მონპელიეს” მასპინძლობდა, რომელმაც შარშან საჩემპიონო რბოლიდან სწორედ ამ ეტაპზე გამოთიშა. ამჯერად კასტრელებმა უფრო მობილიზებულად ითამაშეს, მეტოქეს უდისციპლინობა არ აპატიეს, ცენტრალურ ხაზთან და მეტოქის ნახევარზე დანიშნული ყველა ჯარიმა 3 ქულად აქციეს და 31:15 იმარჯვეს. მასპინბძელთა რიგებში არ უთამაშია ტრავმირებულ ფეიქრიშვილს, სტუმრთა განაცხადში არ იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე და გიორგი ჟღენტი კი, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გორგოძემ შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა, ჟღენტი მწვრთნელმა 59-ე წუთზე შეცვალა.
“კასტრი” ჯარიმით მალევე, მე-2 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ სამიოდე წუთში მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. “მონპელიემ” შეუტია და ორჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ დამრტყმელმა ორივე შანსი გაანიავა, მე-15 წუთზე კი, მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. მე-18 წუთზე “კასტრმა” ლელო გაიტანა. პირველი იერიში “მონპელიემ” კი შეაჩერა და ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მოიერიშემ ბურთი ჩათვლის ხაზს იქით ვერ დაამიწა, მაგრამ 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ტიერი ლაკრამპმა გამოიტანა, ყველას შემოურბინა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა - 13:0.
“მონპელიე” გამოცოცხლდა და წესით, ლელოც უნდა გაეტანა, როდესაც მამუკა გორგოძემ მეტოქეს დაუფარა, თავისუფალი ბურთი აიტაცა და წინ გაიჭრა, მერე ტრენ-დიუკი მოძებნა, მაგრამ ის შებოჭეს და ძელებსშუა გასატანი ლელოს ნაცვლად, სტუმრები მხოლოდ ჯარიმით დაკმაყოფილდნენ. მალე “მონპელიე” დარჩა მოედანზე კაცნაკლული და “კასტრმა” ჯარიმა გამოიყენა, მაგრამ ამას სტუმრებმა კარგი იერიშით უაპუსახეს და 38-ე წუთზე მარცხენა ალამთან ლელო გავიდა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და თითქოს ტაიმი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა ჯარიმიდან ერთხელაც იხეირეს და 19:8 დაწინაურდნენ.
მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში “კასტრმა” კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა (25:8). “მონპელიე” განწირული ჩანდა, მაგრამ 62-ე წუთზე რეფერიმ “კასტრს” მაღალი ბოჭვისთვის ტეკორი გაუძევა და 68-ე წუთზე სტუმრებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანეს. 12 წუთში კაცნაკლულ მეტოქესთან 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სრულიად შესაძლებელი იყო, მაგრამ ამის ნაცვლად, დარჩენილ წუთებში “კასტრმა” კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა და 31:15 იმარჯვა. ახლა, 2 ივნისს, “კასტრს” ნახევარფინალი ქვეყნის ჩემპიონ “ტულუზასთან” ელის.
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პლეი ოფის მეორე მატჩი გაიმართება და მეოთხე ნახევარფინალისტი გამოვლინდება. დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ექვსეულში გასულ ერთადერთ “არაქართულ გუნდს”, “რასინგ მეტროს” მასპინძლობს. ქუბრიაშვილი, რომლის ტრავმაც, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა, სასტარტო შემადგენლობაშია, ჩილაჩავა მწვრთნელმა განაცხადში შეიყვანა, მიქაუტაძე კი, ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102261