ამბები

16:18 | 26.05.2012 | ნანახია 2685 - ჯერ

ჩემპიონისა და ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ფინალი

ხვალ, 17 საათზე, “ავჭალაზე” ერთმანეთის პირისპირ ორი თბილისური გუნდი - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი “არმია” და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი”, საგაზაფხული ტურნირის გადამწვეტ მატჩში წარდგება.
ამ გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე თითო თამაში წააგეს და მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ ორრაუნდიან ნახევარფინალებში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს და ფინალს უწიეს. არმიელებმა ქუთაისის “აიასთან” პირველ მატჩში დიდი უპირატესობა მოიპოვეს (30:12), მერე ქუთაისში, წვიმაში 6:8 დამარცხდნენ და სეზონში მეორე მარცხი იწვნიეს, მაგრამ ჯამში ეს აღარაფერს წყვეტდა. “ლოკომოტივმა” “ლელოსთან” პირველი მატჩი 10:20 დათმო, მაგრამ მეორეში მეტოქე ძალისმიერად დაჩაგრა, 28:18 იმარჯვა და მეტოქეს გატანილი ლელოებით აჯობა - 4:2.
“არმია” სულ წელიწადნახევრის შექმნილი გუნდია და უკვე ბევრს მიაღწია, მაგრამ დროის სიმცირის გამო, ურთიერთშეხვედრების ისტორია დიდი სულაც არა აქვს. უკვე ვთქვით, რომ 2011 წლის საქართველოს ჩემპიონატში “არმიამ” იმარჯვა, რომელმაც ტიტული 2010 წლის გამარჯვებულ რკინიგზელებს ჩამოართვა, ხოლო “ლოკომოტივი” შარშან მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. გუნდები ერთმანეთს 2011 წელს სამ მატჩში დაუპირისპირდნენ, ორჯერ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე და ერთხელაც - საქართველოს თასის მეოთხედფინალში.
პირველი ჯახი თასის გათამაშებისა იყო და “არმიას” ოფიციალური დებიუტი სწორედ “ლოკომოტივის” წინააღმდეგ შედგა. მაშინ ამ გუნდში ის მორაგბეები არ ირიცხებოდნენ, რომლებიც ნიკო ჭავჭავაძის განკარგულებაში ახლა არიან, მაგრამ მებრძოლმა არმიელებმა სახელოვანი მეტოქე 11:9 მაინც დაამარცხეს. ერთი კვირის თავზე, “ლოკომოტივმა” “არმიასთან” რევანშის აღება მოახერხა და ჩემპიონატის პირველ ტურში 26:16 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში, უკვე გაძლიერებულმა, 23:6 იმარჯვა.
არმიელები წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე ფინალს თამაშობენ. აქამდე გამართული ორივე გადამწყვეტი მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა - ჩემპიონატის ფინალი “აიასთან” 29:22 და თასის ფინალი “ყოჩებთან” 26:16. “ლოკომოტივს” 1990 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახელით ჩემპიონატის ფინალში 13-ჯერ უთამაშია, ხოლო 2000 წლიდან, რაც “ლოკომოტივი” დაერქვა - 7-ჯერ. აღსანიშნავია, რომ ფინალში გასულმა რკინიგზელებმა შვიდივე თამაში მოიგეს და “ლოკომოტივის” სახელით ამდენჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, სულ კი, პირველობა ათჯერ იზეიმეს.
ეს წარსული წლების სტატისტიკაა და ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს გადამწყვეტ მომენტში მობილიზება და კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანება კარგად რომ შეუძლიათ, “ლელოსთან” ნახევარფინალშიც დამტკიცდა. იოლად “არმიაც” არაფერს დათმობს და ამით მოგებული მაყურებელი დარჩება, რომელსაც საინტერესო ფინალი ელის.

2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
27 მაისი. ფინალი. 17:00 საათი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089408