საფრანგეთის 2012 წლის ჩემპიონი ქართველი მორაგბე უცილობლად გახდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის პლეი ოფის პირველ ეტაპზე, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, ექვსეულის ერთადერთ “არაქართულ” გუნდს- “რასინგ მეტროს”, 0:13-ის შემდეგ, თამაში შემოუტრიალა და 17:13 გამარჯვებით, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამრიგად, საჩემპიონო რბოლას აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, ზემოთნახსენები “ტულონი” და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” შემორჩნენ.
ნახევარფინალში, 2 ივნისს, “ტულუზა” “კასტრს” უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო დღეს, “კლერმონი” “ტულონს” დაუხვდება და 9 ივნისს გასამართი ფინალური მატჩის მონაწილეებიც გაირკვევა. ცუდი ისაა, გიორგაძეს, ბრეგვაძესა და ფეიქრიშვილს ტრავმები რომ აწუხებთ და საკუთარ გუნდებს ამ უმნიშვნელოვანეს ჯახებში ვერ დაეხმარებიან.
უკვე იცით, რომ “კასტრმა” პლეი ოფში, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე” 31:15 დაამარცხა.
“ტულონს” “რასინგ მეტრო” რეგულარული პირველობის ორივე მატჩში ჰყავდა დამარცხებული და ახლაც იმედიანად იყო, მაგრამ თამაში მათთვის ძალიან ცუდად დაიწყო და ლამის ტაიმის მიწურულამდე უიღბლოდ წარიმართა. არეკნების ოსტატს, ინგლისელ ჯონ უილკინსონს, დარტყმა მე-15 წუთზე გაუფუჭდა, ორიოდე წუთში კი, სტუმრებმა ჯარიმით ანგარიში გახსნეს.
მასპინძლები სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ შეცდომებს უშვებდნენ, ბურთს ჰკარგავდნენ და მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება ეძლეოდათ. ამას ისიც დაერთო, რომ უილკინსონს დარტყმები არ წაუვიდა და 21-ე წუთზე ჯარიმიდან ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.
ამას, 28-ე წუთზე, “რასინგ მეტროს” სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა, რასაც ზედ ზუსტი გარდასახვაც დაერთო, ხოლო 33-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, სტუმრები უკვე 13:0 დაწინაურდნენ.
35-ე წუთზე, მასპინძლებმა კარგი იერიში განახორციელეს, ავსტრალიელმა მეტ გიტომ ხაზი გაჭრა და ინგლისელმა ერმიტეიჯმა ლელოც გაიტანა, მაგრამ რეფერიმ ის გააუქმა და “ტულონს” 15 მეტრში ჯარიმა დაუბრუნა. ამჯერად, უილკინსონის დარტყმული უნაკლო იყო და გუნდები შესვენებაზე ათქულიანი სხვაობით გავიდნენ – 3:13.
უილკინსონს მეტიც შეეძლო, მაგრამ შესვენებამდე წუთით ადრე ჯარიმა გააფუჭა და მას შემდეგ, რაც 51-ე წუთზე კიდევ ერთი არაზუსტი დარტყმა შეასრულა, ეს საქმე გიტომ გადაიბარა. სანამ ის, მე-60 და 63-ე წუთებზე, ჯარიმებით სხვაობას ოთხ ქულამდე დაიყვანდა (9:13), სტუმართა სამხრეთაფრიკელ ლეგიონერს - ფრანსუა სტეინს დარტყმა გაუცუდდა.
66-ე წუთზე “ტულონი” დაწინაურდა და ისე გამოვიდა, რომ მატჩის ბედი ექვს წუთში შემოატრიალა. დევიდ სმიტის კარგი გარღვევა, ლელოთი ერმიტეიჯმა დააგვირგვინა და მართალია, რეალიზაცია არაზუსტი იყო, ანგარიში 14:13 გახდა, რამაც მასპინძლები კარგ ხასიათზე დააყენა.
დასკვნით წუთებში, “რასინგ მეტრომ” მოინდომა და ორჯერ მიეცა უპირატესობის დაბრუნების შანსი, მაგრამ ჯერ არგენტინელ ჰერნანდესს (71-ე წუთზე), მერე კი, საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე, ჯონათან ვიშნევსკის გაუფუჭდათ ჯარიმები. სამაგიეროდ, უკანასკნელ წუთზე გიტოს დარტყმული იყო ზუსტი და “ტულონმა” 17:13 იმარჯვა.
ქართველი პირველხაზელი - დავით ქუბრიაშვილი, რომელიც მწვრთნელმა მცირე ტრავმის გამო “ჩელენჯ ქაფის” ფინალში დაასვენა, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიუხედავად რთული პოზიციისა, სრულად ითამაშა, რაც ამ მორაგბისთვის იშვიათი ამბავი სულაც არაა (ხშირად ირჯება შეუცვლელად). მისთვის ტრავმას თავი რომ შეეხსენებინა, განაცხადში იყო ლევან ჩილაჩავა, მაგრამ ახალგაზრდა პირველხაზელს თამაშში ჩართვა არ მოუწია, ხოლო კოტე მიქაუტაძე მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია