საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა - თბილისის “არმიამ”, საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირის ფინალურ მატჩში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი - “ლოკომოტივი”, ბოლო წამზე გატანილი გარდასახვით დაამარცხა და ქვეყნის საუკეთესო გუნდად რჩება.
თამაში უაღრესად დრამატული გამოდგა და მისი ბედი მხოლოდ რეფერის მიერ დამატებულ წუთებზე გადაწყდა, მანამდე კი, ტრიბუნაზე შეკრებილმა 1700-მა მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. ტექნიკურად და შესრულების ოსტატობით, გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღებით, ეს თამაში იდეალურს ისევე ჩამოუვარდებოდა, როგორც სხვა ქართული კლუბების მიერ გამართული შეხვედრები, მაგრამ ამის ფონზეც კი აშკარა იყო, რომ გადამწყვეტ ჯახში ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი იდგა.
მატჩის დებიუტშივე, “არმიამ” ჩვეულ, ძალისმიერ სტილში მოთამაშე “ლოკომოტივს” ხისტი დაცვა დაუპირისპირა და მეტოქემ 10-მეტრიანი ზოლის გადალახვაც კი ვერ მოახერხა.
შემდგომში მომავალმა გამარჯვებულმა მოიხელთა ბურთი და მაღალ ტემპში, კომბინაციურად შეუტია, რასაც მეტოქის მხრიდან დაჯარიმება და ბახვა კობახიძის გატანილი ჯარიმა მოყვა.
ხუთიოდე წუთში უკვე “არმიამ” შეაჩერა “რკინიგზელთა” მიძალება ჯარიმის ხარჯზე და ვახტანგ კავთიძემ კარის გასწვრივ 15 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა.
ტაიმის შუაწელიდან, ტერიტორიულ უპირატესობას არმიელები დაეუფლნენ. კობახიძემ ჯერ 46 მეტრიდან სცადა, ჯარიმით, თანაგუნდელთა დაწინაურება, მაგრამ ბურთმა ძელი გარედან მოსინჯა. სამაგიეროდ, როდესაც “ლოკომოტივმა” ის საკუთარი 22-დან თამაშში შეიყვანა, რეფერიმ ხაზი არ გადაკვეთილაო და “არმიას” ბურთი დაუბრუნა. ბიძინა სამხარაძემ გამოტანალი ბურთი ფეხით შეაცურა მეტოქის ზურგს უკან, მას თამაზ მჭედლიძე მიჰყვა, მაგრამ მცველმა დაასწრო და ფეხით პირით ხაზს იქით მოიგერია. შემტევმა 5-მეტრა შერკინება მიიღო და ისევ ძალისმიერად მიეძალა, თამაში ჩათვლის მოედნის ხაზზე მიმდინარეობდა, მაგრამ “ლოკომოტივმა” თავი კარგად დაიცვა.
შესვენებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც კობახიძემ, ერთი შეხედვით დასარტყმელი ჯარიმა აუტში გაიტანა, მაგრამ როდესაც მორიგი უფლება კარის გასწვრივ 15 მეტრში მიიღო, მონაგარს 3 ქულა შემატა და ტაიმიც “არმიას” გამარჯვებით - 6:3 დასრულდა.
მე-2 ნახევარი კვლავ არმიელთა იერიშებით დაიწყო და კავთიძემ საკუთარ ნახევარზე, 22-ის ხაზთან გადაცემა ჩაჭრა, მაგრამ რეფერიმ ის თამაშგარედან თამაშისთვის დააჯარიმა. “არმიამ” არც ამ ეპიზოდში დაარტყა ბურთი კარში და მთელი მე-2 ნახევარი, ჯიქურ ცდილობდა ლელოს გატანას, მაგრამ მათი მოიერიშეები, ხშირ შემთხვევაში, თამაშს საკუთარ თავზე იღებდნენ, არადა, დროული გადაცემის შემთხვევაში, ლელო გარდაუვალი ჩანდა. ასე მოხდა 45-ე წუთზე, როდესაც ალექსანდრე ტუჩაშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ გადაცემა დააგვიანა, მეტოქის მკლავებში აღმოჩნდა და ჩახურვისთვის დაჯარიმდა.
48-ე წუთიდან, ტერიტორიულმა უპირატესობამ “ლოკომოტივის” მხარეს გადაინაცვლა. ბექა წიკლაურმა ანგარიშის გათანაბრება ცენტრში დანიშნული ჯარიმით სცადა და მიზანმა უმტყუნა, მაგრამ 22-დან შეყვანილი ბურთი მისი გუნდის ნადავლი გახდა, თამაში გაიშალა, წიკლაურმა დაახლოებით 25 მეტრიდან გატანილი არეკნით წონასწორობა აღადგინა.
განახლდა თამაში და კავთიძემ საკუთარი 22-დან ფეხით კარგად ითამაშა, ცენტრალურ ხაზთან ბურთი ლოკომოტიველთა ნადავლი გახდა, ისევ კავთიძემ, უკვე მეტოქის 22-ში შეაცურა ფეხით ბურთი და მას ტუჩაშვილმა დაასწრო, მაგრამ მცველს დამხმარე არ ჰყავდა, ჩახურვისთვის დაჯარიმდა და კავთიძემ ჯარიმით “რკინიგზელები” დააწინაურა.
ორიოდ წუთში, “ლოკომოტივმა” დაახლოებით 47 მეტრიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ წიკლაურს ეს შორეული სტანდარტიც გაუცუდდა.
ამას მოჰყვა სამწუთიანი მონაკვეთი, როდესაც წიკლაურმა სამჯერ სცადა არეკნის გატანა - განაახლებდა “არმია” თამაშს საკუთარი 22-დან, დაარტყამდა წიკლაური არეკნს და მართალია, მიზანს ვერცერთხელ უწია (47, 55 და 40 მეტრიდან), მაგრამ მე-3 მცდელობაზე ნიკოლავამ ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა და ის საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, წინ დაუვარდა.
5-მეტრა შერკინებიდან “ლოკომოტივმა” ჯერ მოლი დააყენა, მერე მარჯვენა ფლანგზე გაშალა ბურთი, სადაც შემტევები მცველებზე მეტნი იყვნენ და პირველი ლელოს კონტურებიც გამოჩნდა, მაგრამ გიორგი კობერიძეს გადაცემის შესრულებისას, ის წინ დაუვარდა და “არმია” გადარჩა.
ნიკოლოზ ჭავჭავაძემ საფრთხე იგრძნო და ცვლილებებს მიმართა, რათა მეტოქის ძალისმიერი თამაში შეეჩერებინა და დასვენებული მორკინალებით მეტოქე წნეხის ქვეშ თავად მოექცია. თავიდან ამან შედეგი ვერ გამოიღო და პირიქით, 61-ე წუთზე, კავთიძემ 25 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში 12:6 გახადა.
მატჩის ბოლოს არმიელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რადგან ლოკომოტიველთა რიგებში თავი დაღლილობამ იჩინა და თემურ ბენდიაშვილს გუნდის გასაძლიერებლად ცვლილებები არ ჰქონდა.
“არმიამ” რამდენჯერმე მიიღო ისეთი ჯარიმის უფლება, კარში დარტყმა რომ შეიძლებოდა, მაგრამ ბურთი აუტში გაჰქონდა, ან სწრაფად ათამაშებდა და ლელოს გატანას ცდილობდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 75-ე წუთზე, “არმიამ” მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, სადაც 2 თავისუფალი მორაგბე იყო, მაგრამ დავით ჩიტიძემ გადაცემის ნაცვლად თავად სცადა შეტევა და “ლოკომოტივი”, რომელმაც გადაწყობა ვერ მოასწრო, გადარჩა.
შემდგომი იერიში მარცხენა ფლანგზე განვითარდა, აქ უკვე 4 არმიელი იყო მზად შეტევის დასაგვირგვინებლად, ამის გაკეთება ირაკლი ჩხიკვაძემ ითავა (არადა, პასის გაკეთება სჯობდა) და უკვე მეტოქის ჩათვლის მოედანში შესულს, ბურთი წინ დაუვარდა.
ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად, “არმია” მაინც არ გატყდა, ბოლომდე ჯიქურ უტია, რამდენიმე წუთი მეტოქის წითელ ზოლში გაატარა და ბოლოს, გიორგი კაკოვინმა იხეირა, რომელმაც დაუცველი ზონა შენიშნა, ბურთი რაქიდან აიტაცა და ის ლელოს ხაზს იქით, ზედ მარჯვენა ძელის გვერდით დაამიწა.
“არმიამ” ზეიმი დაიწყო, “ლოკომოტივს” იმის იმედი ჰქონდა, ნიკოლავას გარდასახვა გაუფუჭდებაო, მაგრამ ასე არ მოხდა და რეფერის სასტვენმაც “არმიას” 13:12 გამარჯვება და მისი მხრიდან საგაზაფხულო თასის მოგება დააფიქსირა.
2012 წლის საქართველოს მორაგბეთა საგაზაფხულო, გარდამავალი ტურნირი
27 მაისი. ფინალი. 1700 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:12 (6:3)
არმია: 15. ბ. კობახიძე (ს. ნიკოლავა 54), 14. ა. ტუჩაშვილი, 13. თ. მჭედლიძე, 12. ი. ჩხიკვაძე, 11. ვ. გაბროშვილი, 10. მ. ნინიძე, 9. ბ. სამხარაძე; 1. გ. კაკოვინი (ტ. დონაძე 58), 2. ბ. მეკოკიშვილი (შ. მამუკაშვილი 58), 3. გ. ხოსიტაშვილი (კაკოვინი 63), 4. დ. ჩიტიძე, 5. მ. ცხადაძე (მ. არჩუაშვილი 53), 6. გ. კალმახელიძე, 7. გ. თხილაიშვილი, 8. ხ. ბუჯიაშვილი.
1 ლელო: კაკოვინი
1 გარდასახვა: ნიკოლავა
2 ჯარიმა: კობახიძე
მწვრთნელი: ნ. ჭავჭავაძე
ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ს. ქავთარაძე, 12. გ. კობერიძე, 11. დ. ჟამუტაშვილი, 10. ვ. კავთიძე, 9. ი. ღვინჯილია; 1. დ. გასვიანი, 2. ლ. ზარიძე (ლ. გენებაშვილი 67), 3. გ. ვეფხვაძე, 4. ბ. გუჯარაიძე, 5. ლ. გუნიავა, 6. გ. ბერიშვილი (ლ. თავბერიძე 41), 7. ვ. ნადირაძე, 8. ზ. მაისურაძე.
3 ჯარიმა: კავთიძე
1 არეკნი: წიკლაური
მწვრთნელი: თ. ბენდიაშვილი
რეფერი: თენგიზ ჩავლეიშვილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია