ამბები

14:04 | 28.05.2012 | ნანახია 2501 - ჯერ

27 მაისს, პირველად, ქუთაისში!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ რაგბში კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა მოხდა. გუშინ, 27 მაისს ქუთაისში, "დინამოს” სტადიონზე საზეიმო ვითარებაში სტარტი აიღო საქართველოს პირველმა ჩემპიონატმა რაგბი-7-ში ქალთა შორის, რომელშიც 1995 წელს და უფრო გვიან დაბადებული გოგონებით დაკომპლექტებული გუნდები ასპარეზობენ. გათამაშებაში ექვსი გუნდი ჩაება: "იმერეთი” (ქუთაისი), "გურია” (ლანჩხუთი), "არწივები” (ოზურგეთი), "სადუა” (სენაკი), "ჯიხა” (ნოქალაქევი), "შტორმი” (ხელვაჩაური). ქუთაისური ტური პირველი იყო იმ ხუთიდან, რომელიც ჩემპიონატის რეგლამენტითაა გათვალისწინებული.
თამაშებს წინ უძღოდა ჩემპიონატის გახსნის ცერემონია. მისალმებების შემდეგ, მონაწილე გუნდების კაპიტნებმა სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს. ნიშანდობლივი გახლდათ ის ფაქტი, რომ ბურთი თამაშში სიმბოლურად შეიყვანეს 1967 წელს გამართული ვაჟ მორაგბეთა საქართველოს პირველი ჩემპიონატის მონაწილეებმა, ქუთაისური რაგბის პიონერებმა რამაზ სვანაძემ და ომარ მიქელთაძემ.
ჩემპიონატის ფავორიტად ქუთაისის `იმერეთი” (მწვრთნელები რამაზ სვანაძე, ალეკო ნიქაბაძე) შემთხვევით არ მოიაზრება. ეს გუნდი სხვებთან შედარებით ნავარჯიშები და გამოცდილია, თუმც პირველი ტურის თამაშებმა გვიჩვენა, რომ რიონისპირელებს უმაღლესი ტიტულის მოსაპოვებლად დიდი ოფლისღვრა მოუწევთ. მათი უმთავრესი კონკურენტი კი "გურია"(მწვრთნელები ავთანდილ ორმოცაძე, ანა კვაჭაძე) იქნება. ტურის კულმინაცია სწორედ "იმერეთის” და `გურიას’’ დაპირისპირება გახლდათ. უკიდურესად დაძაბულ პაექრობაში მასპინძლებს რამდენჯერმე მოუხდათ უმცირესობაში თამაში. ლანჩხუთელმა გოგონებმა დაწინაურება მოახერხეს, მაგრამ ქუთაისელებმა მალევე საპასუხო ლელო მიითვალეს და მატჩი ფრედ დასრულდა. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ხელვაჩაურის "შტორმმა” (მწვრთნელი ნათია ცინცქილაძე) და ნოქალაქევის "ჯიხამ” (მწვრთნელები დავით კილასონია, რევაზ სანიკიძე, ბესარიონ ბესელია). ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისთვის ეს გუნდები იბრძოლებენ.
რამაზ მაღლაფერიძე (რაგბის კავშირის ქალთა რაგბის კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში): "მართლაც რომ ისტორიული მოვლენის მოწმენი ვართ. ქვეყანაში პირველად ტარდება მორაგბე ქალთა ჩემპიონატი. საწყისი ტურის მასპინძლობის პატივი ქუთაისს ხვდა წილად. რაგბის კავშირის თხოვნით ყველა საორგანიზაციო საკითხი ქალაქის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მეშვეობით მოგვარდა, ანუ მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვების, მსაჯთა მომსახურების ხარჯები მთლიანად ტურის მასპინძლებმა გაიღეს. სხვადასხვა პრიზებით დაგვეხმარნენ კულტურისა და დასვენების პარკის დირექცია, "პრივატბანკი”, "ვი თი ბი” ბანკი, ბანკი "ამიგო”, ქართული სამზარეულო "ლაზიკა”. შემდეგ ჯერად გუნდები ივნისში სენაკში შეიკრიბებიან, მესამე ტური ბათუმშია დაგეგმილი, მეოთხე სავარაუდოდ ოზურგეთში გაიმართება, ხოლო დასკვნით ეტაპს ისევ ქუთაისი უმასპინძლებს”.
დავით კილასონია (სამეგრელოს რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე): "ყოველმხრივ მივესალმები ამ მშვენიერ წამოწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში გაურკვეველი მიზეზით არ მონაწილეობენ დედაქალაქელი მორაგბეები, შეჯიბრებას ინტერესი არ დაუკარგავს. ჩვენ ერთი გუნდით - "ჯიხათი” ვაპირებდით გამოსვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გუნდი გავყავით და "სადუას” სახელითაც ვთამაშობთ, აქ უფრო მცირე ასაკის გოგონები გვყავს. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, მონაწილეებმა მეტნაკლებად კარგი მომზადება გამოავლინეს, მაგრამ ეს ხომ დასაწყისია. მსურს მადლობა ვუთხრა ქუთაისელებს თბილი მასპინძლობისთვის. ტური მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული”.
ზვიად უნგიაძე (ოზურგეთის სარაგბო კლუბ "არწივების” პრეზიდენტი): "სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატზე მიწვევა ორიოდე კვირის წინ მივიღეთ და გუნდიც სახელდახელოდ ჩამოვაყალიბეთ. ყველა გოგონა სოფელ ქვედა ბახვის სკოლის მოსწავლეა. ჩვენი ვაჟთა გუნდის მწვრთნელმა გელა ფირცხალავამ ოთხი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო გოგონებთან. დღეს პირველად გავედით სათამაშოდ. სულ ერთი ლელო გავიტანეთ, მაგრამ არა უშავს, მომდევნო ტურებისთვის უკეთესად მოვემზადებით და იოლად თავს არავის დავაჩაგვრინებთ”.
იმერეთი – შტორმი        20:0
ჯიხა – სადუა                   20:5
არწივები – გურია           0:20
იმერეთი – არწივები     50:0
ჯიხა – შტორმი               0:15
გურია – სადუა               45:0
იმერეთი – სადუა         40:0
ჯიხა – გურია                 0:40
არწივები – შტორმი     0:20
არწივები – სადუა        5:0
გურია – შტორმი          20:0
ჯიხა – იმერეთი           5:20
იმერეთი – გურია        5:5
ჯიხა – არწივები           5:0
სადუა – შტორმი         0:40

 

მდგომარეობა პირველი ტურის შემდეგ

 

1  იმერეთი (ქუთაისი) 5 4 1 0 135-10 9
2 გურია (ლანჩხუთი) 5 4 1 0 130-5 9
3  შტორმი (ხელვაჩაური) 5 3 0 2 75-40 6
4 ჯიხა (ნოქალაქევი) 5 2 0 3 30-80 4
5 არწივები (ოზურგეთი) 5 1 0 4 5-95 2
6 სადუა (სენაკი) 5 0 0 5 5-150 0

 

 

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან სპეციალურად worldsport.ge-სთვის

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.187688