რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ზაფხულის ტესტებისთვის გამოყოფილი დღეები ჯერ არ დამდგარა, მაგრამ წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები საქმეში უკვე ჩაებნენ.
ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადება, “ბარბაროსებს” უმასპინძლა და მეტოქე სარეკორდო ანგარიშით, 57:26 გაანადგურა.
ინგლისელთა დამრიგებელი სტიუარტ ლანკასტერი საკუთარი შეგირდების შეტევაში თამაშით კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან გუნდს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა, როგორც კი შანსი ეძლეოდა, თამაშს კარგად შლიდა და რვა ლელოც გაიტანა, აი დაცვაში კი, ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა და სტუმრებისგან ოთხი ლელო მიიღო. მასპინძელთაგან ყველაზე მეტად თავი ფრთაზე მოთამაშე კრის ეშტონმა გამოიჩინა, რომელმაც “ბარბაროსებს” სამი ლელო გაუტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს, როდესაც ეშტონმა ლი დიქსონის კარგი თამაშით ისარგებლა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელმა მორიც ბოთამ, რომელიც ჩვეულად ბევრს შრომობდა, ნახევარი საათის თავზე “ბარბაროსთა” დაცვა გადათელა, მაგრამ ლელო ვერ გაიტანა, სამიოდე წუთში კი, ახალი ზელანდიის ნაკრებში 100 მატჩის ჩამტარებელმა მილს მულიაინამ საპასუხო ლელო მიითვალა, ხოლო სტივენ დონალდმა გარდასახვა გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ტაიმის დასკვნითი ნაწილი სრულად ინგლისელებისა იყო. თავი ჯერ დილან ჰარტლიმ გამოიჩინა, რომელმაც რვაკვირიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. მერე იმავე ჰარტლის მიერ წამოწყებული კომბინაცია ეშტონმა დააგვირგვინა და ინგლისმა ტაიმი 22:7 მოიგო.
ეშტონს მატჩის განახლებიდან ხუთი წუთი დასჭირდა ჰეთ-თრიკის შესასრულებლად, რაზეც დაცვასა თუ შეტევაში კარგად მობურთალმა მულიაინამ დუბლით უპასუხა. მე-60 წუთზე ინგლისელთა კაპიტან ფილ დოუსონის კარგი თამაშის შემდეგ, ფლანგზე დებიუტანტი კრისტიან უეიდი გაიქცა და 21 წლის მორაგბემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მაიკ ტინდოლმა, რომელიც “ბარბაროსების” ღირსებას იცავდა, სტუმართა მესამე ლელო სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ გაიტანა. მერე კვლავ ეშტონი გაიქცა ფლანგზე და ძელებსშუა ლელო შეცვლაზე შესულ რიჩარდ უიგლსუორთს გაატანინა. დასკვნით წუთებზე მასპინძელთა კიდევ ერთმა დებიუტანტმა ჯონათან ჯოზეფმა ორი ლელო მიითვალა, ამ შუალედში კი, თავი “ბარბაროსმა” ტაელემ გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია