შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ” მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ფედერალ 1-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე, პირველ მატჩში “მასიმ” დავით ბოლღაშვილის “ლილი” სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ერთი კვირის შემდეგ საკუთარი მოედნის უპირატესობაც ექნება.
უაღრესად დაძაბული მატჩის ბედი სტუმრებმა დასკვნით 20 წუთში თავის სასარგებლოდ შემოაბრუნეს, გამარჯვება კი, სულაც რეფერის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი ჯარიმით მოიპოვეს. “ლილის” განაცხადში ვერ მოხვდა ბოლღაშვილი, ისევე, როგორც “მასისაში” - კობაური. აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა, ხოლო სუთიაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და მას შემდეგ მისმა გუნდმა თამაშის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა და სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხა.
რეგულარულ პირველობაში ეს გუნდები ერთ ჯგუფში თამაშობდნენ და ერთმანეთის შესაძლებლობებიც კარგად იცოდნენ. “ლილს” პირველ, საშინაო შეხვედრაში, “მასი” მხოლოდ ჯარიმებით, 6:3 ყავდა დამარცხებული, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარად წარიმართა. 3000 მაყურებლის წინაშე გუნდებმა მთელი ნახევარი საათი უშედეგოდ ითამაშეს, მერე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ 5 წუთში საპასუხო ლელო, ხოლო ზედ შესვენების წინ ჯარიმა მიიღეს და ტაიმიც “მასიმ” მოიგო - 8:7.
მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში “ლილმა” მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო მოგვიანებით ჯარიმა გამოიყენა და 17:8 დაწინაურდა. ამის შემდეგ სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 62-ე წუთზე მეორე საპასუხო ლელო გაიტანეს, თანაც, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო. 76-ე წუთზე მათ უკვე ჯარიმა გაიტანეს და დაწინაურდნენ, მაგრამ უკანასკნელ წუთზე გაშვებული ჯარიმით მეტოქეს ისევ ორი ქულით ჩამორჩნენ. რეფერის მიერ დამატებული მე-4 წუთი მიდიოდა, როდესაც “მასიმ” თავის წილი კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა და ორი მატჩის ჯამში 21:20 დაწინაურდა. ეს დიდი უპირატესობა არაა, მაგრამ რეგულარულ პირველობაში “მასის” საკუთარ მოედანზე თამაში არ წაუგია, “ლილი” კი, 30:21 დაამარცხა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა” “კოლომიეს” უმასპინძლა და 15:22 დამარცხდა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, ოღონდ ეგაა, ნემსაძემ 10 წუთი სინბინში გაატარა. პირველი ტაიმის დასაწყისში და დასასრულში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, შუალედში “კოლომიემ” ლელო-გარდასახვაც გაიტანა და ტაიმი 13:6 მოიგო.
55-ე წუთისთვის “ვალანს დაჟენმა” კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 59-ეზე კი, რეფერიმ ნემსაძე გაასინბინა და კაცნაკლული დარჩა. “კოლომიემ” უპირატესობა 67-ე წუთზე გატანილ ჯარიმაში ასახა, რაზეც მასპინძლებმა 70-ეზე ჯარიმითვე უპასუხეს, მაგრამ დარჩენილ დროში ორი ჯარიმა გაუშვეს და 2 ივნისს სტუმრად 7 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.
აქვე გეტყვით, რომ Pro D2-ში Top 14-ის საგზურისთვის გამართული პლეი ოფის ფინალში ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის “პო” “მონ-დე-მარსანმა” 29:20 დაამარცხა და “ელიტა 1” გაინაღდა, ქართველი მორაგბეები კი, უწინდებურად განაცხადში არ იყვნენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია