ამბები

11:01 | 29.05.2012 | ნანახია 4366 - ჯერ

მამუკა გორგოძე - მეოთხე ქართველი “ბარბაროსი”

საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშებს.
“ბარბაროსები” 1890 წელს დაარსდა და ამ გუნდს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. მის შემადგენლობაში, ან მის წინააღმდეგ თამაში კი, ყველა მორაგბისთვის უდიდესი პატივია. ეს კლუბი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს პერიოდულად კრებს და სანახაობრივ, ლაღ თამაშს აჩვენებს, მისი მოწინააღმდეგეები კი, მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები არიან.
გორგოძის დებიუტი ამ უძველეს, ტრადიციულ გუნდში 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ექნება. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, 2 ივნისს, 17:00 საათზე კი, “ბარბაროსების” მეტოქე უკვე უელსის ნაკრები იქნება. წლეულს გუნდმა ინგლისელთა წინააღმდეგ ითამაშა და თვალსასეირო მატჩში 26:57 დამარცხდა.
“გორგოძილა” მეოთხე ქართველია, რომელიც “ბარბაროსების” შავ-თეთრ მაისურს მოირგებს. პირველი ქართველი, რომელმაც ამ ზეიმში მიიღო მონაწილეობა, დავით ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც 2011 წლის მაის-ივნისში ინგლისისა და უელსის წინააღმდეგ ითამაშა. შარშან, მსოფლიო თასის შემდეგ, “ბარბაროსები” შოტლანდიასთან სათამაშოდ შეიკრიბნენ და ამჯერად შემადგენლობაში დავით კაჭარავა და გოდერძი შველიძე მოხვდნენ, ახლა კი, გორგოძის ჯერი დადგა, ვისი გუნდიც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და მამუკაც განტვირთვისთვის “ბარბაროსების” მაისურით გაირჯება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080945