ამბები

12:06 | 29.05.2012 | ნანახია 7703 - ჯერ

სიზმარშიც ელანდებათ...

პირველი აპრილი რომ ყოფილიყო, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა გასაგები გახდებოდა, მაგრამ რადგან ეს ამბავი მაისის მიწურულს გახმაურდა...
მოკლედ, რუსული სარაგბო კლუბის, მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მისი ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას საფრანგეთის Top 14-ის საუკეთესო ლეგიონერ მამუკა გორგოძესთან მართავს და ეს ამბავი მედიელებმაც დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს. არადა, ელემენტარული ამბავია - გორგოძე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი კლუბები ეპატიჟებიან, ასეთ წინადადებაზე წამითაც კი არ დაფიქრდებოდა და ეს ყველასთვის ადვილად მისახვედრია.
მაგრამ რადგან “სპარტაკის” საიტზე ზუსტად ერთი წინადადება დაიდო - “საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერ მამუკა გორგოძესთან მოლაპარაკება დავიწყეთ”, - რუსულმა საინფორმაციო საიტებმაც სასწრაფოდ მოიძიეს “გორგოძილას” ბიოგრაფია და ვრცელი ინფორმაციები გამოაცხეს. ისე, “სპარტაკში” 14 ქართველი ირიცხება, ალბათ, რომელიმე, ან რამდენიმე მათგანი მამუკას მეგობარია და შესაძლოა, სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა და ეს ვინმეს მოლაპარაკება გონია.
რადგან “სპარტაკი” და მათი ქართველები ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ამ კლუბმა ვლადიმერ ბობროვისა და ნუგზარ ძაგნიძის სახელობის ტურნირი ჩაატარა - “საუკეთესო დარტყმა”. ყველამ არა, მაგრამ რუსეთის სუპერლიგის სამი კლუბის (“ენისეი”, “კრასნი იარი” და “სპარტაკი”) ცხრა მოთამაშემ მასში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვებული კი, 13 ქულით გოდერძი ჯოგლიძე გახდა, რომელმაც ქულით აჯობა უახლოეს მდევარს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090234