ამბები

17:32 | 29.05.2012 | ნანახია 2130 - ჯერ

სანამ ტესტ-მატჩები დაიწყება

სანამ ბობოლა სარაგბო ქვეყნები ზაფხულის ტესტ-მატჩებში ჩაებმებიან, თვალი გადავავლოთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგს, რომელშიც აზიისა და სამხრეთ ამერიკის ტურნირების, ასევე, ერთა თასის გადადებული და ქვედა დივიზიონის მატჩების გამო, რამდენიმე ცვლილება მოხდა.
თავიდანვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 70,26 სარეიტინგო ქულით მე-15 ადგილს ინარჩუნებს და მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს 9 ივნისს თბილისში უკრაინის ნაკრების სავარაუდო ძლევა. სამაგიეროდ, მასზე იმოქმედებს 16 და 23 ივნისს ამერიკასა და კანადაში ამ ქვეყნის ნაკრებებთან გასამართი მატჩები. იმის გათვალისწინებით, რომ “ბორჯღალოსნები” ოკეანს გაღმა ძირითადი კი არა, ლამის მესამე შემადგენლობით გაემგზავრებიან, შესაძლოა, შედეგები უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს რაგბის კავშირსა და ნაკრების ხელმძღვანელობას რეიტინგზე მეტად ახალი მორაგბეების საქმეში ნახვა აინტერესებს და გულშემატკივარი ტურნეს გაგებით უნდა მოეკიდოს, ოღონდ ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში წასაგებად განწირული მიდიოდეს.
სარეიტინგო ცხრილს უწინდებურად მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია ლიდერობს, მას კიდევ ორი სამხრეთელი ბობოლა - ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მოყვებიან, ევროპელთაგან კი, საუკეთესო, მე-4 პოზიციაზე ინგლისის ნაკრებია.
განვლილ პერიოდში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სამხრეთ ამერიკის თასზე ურუგვაიმ, რომელმაც არგენტინის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, სხვებთან ერთად ტურნირის მასპინძელი ჩილე დაამარცხა და ოცეულში შევიდა. ის მე-19 საფეხურზეა, მის უკან კი, კიდევ ერთი ისეთი გუნდია, რომელსაც ზელანდიაში მსოფლიო თასზე არ უბურთავია - ესპანეთი. “ბორჯღალოსანთა” უახლოესი მეტოქე უკრაინა რეიტინგში მხოლოდ 30-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ბელგია, რომელიც ერთა თასზე სწორედ უკრაინას ჩაანაცვლებს, 23-ე საფეხურამდე აღზევდა და რეიტინგში პორტუგალია მოიტოვა უკან, რაც ამ გუნდების რეალურ ძალას, სავარაუდოდ, სულაც არ ასახავს.
 
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 28 მაისისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). სამხრეთ აფრიკა    84,34
4    (4). ინგლისი    83,62
5    (5). უელსი    83,32
6    (6). საფრანგეთი    81,91
7    (7). არგენტინა    80,28
8    (8). ირლანდია    79,85
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). სამოა    75,81
11    (11). იტალია    74,17
12    (12). შოტლანდია    73,86
13    (13). კანადა    72,92
14    (14). იაპონია    70,45
15    (15). საქართველო    70,26
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    63,81
19    (22). ურუგვაი    61,68
20    (19). ესპანეთი    61,63
21    (20). ნამიბია    61,24
22    (21). რუსეთი    61,07
23    (24). ბელგია    59,17
24    (23). ჩილე    58,32
25    (25). პორტუგალია    57,75
26    (26). სამხრეთ კორეა    56,72
27    (27). მაროკო    56,13
28    (29). ჰონკონგი    55,49
29    (28). პოლონეთი    55,19
30    (30). უკრაინა    53,95
31    (31). გერმანია    53,33
32    (32). ზიმბაბვე        52,40
33    ...
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078396