ამბები

11:08 | 30.05.2012 | ნანახია 2299 - ჯერ

7-კაცა ლიონში გაძლიერებული წავიდა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2-3 ივნისს ევროპის “გრან პრის” პირველ ეტაპზე ითამაშებს.
მას შემდეგ, რაც 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის დამატება გადაწყდა, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ არსებული რეალობიდან გამომდინარე თავისი წევრი ქვეყნებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე იზრუნა და ტურნირის ჩატარების ფორმატი შეცვალა.
აქამდე ასე იყო: ევროპის მასშტაბით იმართებოდა შვიდი ეტაპი, რომელთაგან თითოში ათი ნაკრები მონაწილეობდა. ამასთან, ერთ გუნდს მაქსიმუმ ორ ეტაპზე ჰქონდა თამაშის უფლება. ბოლოს ყველა ეტაპზე გუნდების მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით, ქულები იკრიბებოდა, ვლინდებოდა 12 საუკეთესი ნაკრები და ისინი შუაგულ ზაფხულში დასკვნით ეტაპს თამაშობდნენ. დიდი ბრიტანეთის გუნდები და ირლანდია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ევროპის ჩემპიონატის ეტაპზე არ მონაწილეობდნენ.
შარშან სიტუაცია შეიცვალა. ევროპის ჩემპიონატს სახელი შეეცვალა - მის უმაღლეს, თორმეტგუნდა ჯგუფს “გრან პრი” დაერქვა და ოთხ ეტაპად გათამაშდა. ტურნირში ჩაერთვნენ საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და უელსი. წლეულს მხოლოდ სამი ეტაპი ჩატარდება - ლიონის, რუსეთისა და დანიის, მონაწილეებს კი, ევროპის ბობოლა სარაგბო ქვეყნებიდან შოტლანდიაც დაემატა.
თითოეული გუნდი თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით ჩასათვლელ ქულებს იღებს. საბოლოოდ, ეს ქულები შეიკრიბება და გამარჯვებულიც ის გახდება, ვისაც სამი ეტაპის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა აღმოაჩნდება, ხოლო ორი აუტსაიდერი “გრან პრის” დაემშვიდობება და გაისად მათ ადგილს ქვედა დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი დაიკავებს. შარშან საქართველოს ნაკრებმა ლიონის ეტაპზე მე-7 ადგილი დაიკავა, ოთხი ეტაპის ჯამში “გრან პრი” მე-6 საფეხურზე დაასრულა და უკან იტალია და უელსი მოიტოვა. 2011 წელს ევროპის საუკეთესო მოშვიდკაცე პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ერთი ქულით აჯობა ინგლისს.
“გრან პრისთვის” უკეთ მოსამზადებლად, 18-19 მაისს კახა ალანიამ ექსპერიმენტული შემადგენლობა რომის ტურნირზე წაიყვანა და ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში იტალიური “ვიჯილ დელ ფუოკო” 31:0 დაამარცხა, მსოფლიო სერიის ყველა ეტაპის მონაწილე კენიასთან კი, 0:38 დამარცხდა. მეორე დღეს, თასის მეოთხედფინალში არგენტინამ 28:0 გვაჯობა, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებს ფიჯელი და სამოელი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა “პასიფიკ აილენდმა” 26:21 მოუგო.
ახლა ალანიამ უფრო ძლიერ მორაგბეებს მოუყარა თავი. გუნდში ერთადერთი ლეგიონერია - საფრანგეთის ფედერალ 1-იდან მერაბ კვირიკაშვილი, ცნობილი მოშვიდკაცე. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის ახალზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი 7-კაცა რაგბის განიხილავს მოთამაშეთა ტექნიკური და ფიზიკური მომზადების საუკეთესო საშუალებად და 7-კაცა გუნდში “ბორჯღალოსანთა” წევრებიც მოხვდნენ.
ლიონში საქართველოს ნაკრები “ბ” ჯგუფში, ინგლისთან, ესპანეთთან, შოტლანდიასთან, უკრაინასა და ჰოლანდიასთან ითამაშებს, “ა” ჯგუფში კი, პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი და გერმანია მოხვდნენ. 2 ივნისს თითოეული გუნდი ჯგუფური ეტაპის ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, მომდევნო დღეს დარჩენილ ერთ შეხვედრას და პლეი ოფის დრო დადგება. ეტაპის თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი აგრძელებს, მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილების ნახევარფინალში ჩაებმებიან, ჯგუფის ნაბოლარები კი, IX-XII ადგილებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეოანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107439