საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ჩემპიონ “ტულუზას” ჰუკერმა აქვსენტი გიორგაძემ ტრავმა მოიშუშა და თუ მწვრთნელი მოისურვებს, საფრანგეთის Top 14-ის ნახევარფინალში თავის ყოფილი გუნდის, “კასტრის” წინააღმდეგ ითამაშებს.
გიორგაძე “კასტრში” 2005 წლიდან თამაშობდა და 6 წლის განმავლობაში Top 14-ის 74 შეხვედრაში ოთხი ლელო გაიტანა. გარდა ამისა, მან ევროთასების 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი ლელო მიითვალა. “გლობუსა” საოცარი დისციპლინითაც გამოირჩეოდა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი. 2010 წლის მიწურულს გიორგაძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც “კასტრის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, 35 წლის სპორტსმენმა ფედერალ 2-ის “მაზამეს” მიაშურა.
გასული წლის მიწურულს “ტულუზას” სამხრეთაფრიკელმა ჰუკერმა გარი ბოთამ ტრავმა მიიღო და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონმა გიორგაძეს “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით უხმო, მაგრამ ახალი გუნდის მაისურით გამართულ მეორე მატჩში, ქართველმა პირველხაზელმა მუხლის მყესი გაიწყვიტა. ტულუზელებმა კიდევ ერთი ქართველი, ჯაბა ბრეგვაძე დაიმატეს, მაგრამ მარტის ბოლოს მანაც ტრავმა მიიღო.
გუნდის საბედნიეროდ, გადამწყვეტი მატჩებისთვის ორი ჰუკერი გამოჯანმრთელდა - ვილიამ სერვა და აქვსენტი გიორგაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლის კრისტოფერ ტოლოფუა მთავარ ბრძოლებს მარტო აღარ შეხვდება. “ტულუზასა” და “კასტრის” ნახევარფინალური მატჩი 2 ივნისს გაიმართება და ახლა უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია, შეიყვანს თუ არა გიორგაძეს გუნდის განაცხადში.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია