ერთა თასი

13:39 | 29.02.2016 | ნანახია 3187 - ჯერ

„თავის დამკვიდრება ძალიან რთულია“

2016 წლის 27 თებერვალი მუდამ ემახსოვრება თბილისის „ლელო-სარასენსის“ მორაგბე ნოდარ ჭეიშვილს, რადგან ამ დღეს მან პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების კვართი.

„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთს „მიხეილ მესხზე“ 38:7 სძლიეს, 25 წლის მეორეხაზელი კი, შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, რომ ჭეიშვილი საფრანგეთის მესამე დივიზიონის, ფედერალ 1-ის კლუბ „ლა სეინში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდა მიმდინარე სეზონის წინ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან ეროვნულ გუნდში დებიუტზე worldrugby.ge-სთან ისაუბრა.

  • რამდენად მარტივი იყო თქვენთვის დებიუტი და რამდენად კარგად აითვისეთ გუნდის ახალი ტაქტიკა?
  • უკვე დიდი ხანია რაც ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ და ტაქტიკის ათვისება გამიადვილდა. დებიუტი ნამდვილად არ იყო ადვილი, ცოტა გამიჭირდა. პირველად ვითამაშე ამდენი ადამიანის წინაშე. ტრიბუნები სავსე იყო, ხალხისა და ნაკრების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. რაზმში მოხვედრა შეიძლება ადვილი იყოს, მაგრამ თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. კონკრეტულად ესპანეთთან ორიენტირებული ვიყავი მხოლოდ თამაშზე. მაყურებლების განწყობა ისეთი იყო, ემოციების მოთოკვა გამიადვილდა. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩავატარე.
  • ახალი ტაქტიკის ფონზე, ეს იყო მაქსიმუმი რაც ესპანელებთან ვაჩვენეთ?
  • რა თქმა უნდა იმაზე მეტი შეგვიძია, რაც ესპანეთთან ვაჩვენეთ. ჩვენ უფრო და უფრო ვიხვეწებით, თაობათა შორის ცვლა მიმდინარეობს და გადაწყობასაც დრო ჭირდება.
  • მომდევნო თამაში სოჭში, რუსეთთან გვაქვს. რას ელით ამ შეხვედრისგან?
  • თუ გუნდში ისევ დამიძახეს, თავის გამოჩენას მაქსიმალურად ვეცდები. მნიშვნელობა არ აქვს სტუმრად თამაშობ თუ სახლში - როდესაც მეტოქეზე გაცილებით ძლიერი ხარ, მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ითამაშო და ვფიქრობ, მიზნის მიღწევას უპრობლემოდ შევძლებთ.

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:40 | 29.02.2016
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა გაგიმარჯოს

0.094747