ამბები

16:37 | 1.06.2012 | ნანახია 2329 - ჯერ

ყურაშვილის ჰეთ თრიკი

ქუთაისის “აიას” მესამეხაზელი, 29 წლის ბექა ყურაშვილი, საქართველოს საგაზაფხულო ტურნირის დასრულების შემდეგ რუსეთში გაემგზავრა და “ნოვოკუზნეცკის” შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა.
ქართველი ძმების - ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეების გუნდიდან წასვლის შემდეგ, ნოვოკუზნეცკელები ლიდერის გარეშე დარჩნენ და ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში მარცხიც განიცადეს, მაგრამ შემადგენლობაში ქუთაისელის გამოჩენის შემდეგ, “ფილის” შანსი არ დაუტოვეს, მეტოქე 71:7 გაანადგურეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ყურაშვილმა მატჩის პირველი ლელო გაიტანა, მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ იხეირა და ერთხელაც ლელო მისი გარჯის შედეგად გავიდა.
ამან “ნოვოკუზნეცკის” მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ შალუნოვი აღაფრთოვანა და მან ახალი ლიდერის მიმართ ქება-დიდება არ დაიშურა: “ამდენი წლის შემდეგ, პირველად ვაჩვენეთ შემოქმედებითი თამაში. ყურაშვილის გამოჩენით გუნდი დალაგდა. აქამდე, მესამე ხაზში ნერვიულობა შეიმჩნეოდა, რადგან იქ სულ ახალგაზრდა მორაგბეები იყვნენ. ბექას მოსვლით ძლიერი შევსება მივიღეთ. დღეს გატანილი ოთხი ლელო, სრულად მისი დამსახურებაა. გარდა ამისა, მან სამი საოცარი გადაცემა გაუკეთა კლიმენკოს, მაგრამ ის ამას არ ელოდა, თორემ კიდევ სამ ლელოს გავიტანდით”.
“ნოვოკუზნეცკისთვის” ეს პირველი მოგება იყო, სამი თამაშიდან 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდა.
ყველაზე ქართული რუსული გუნდი მოსკოვის “სპარტაკი”, სტუმრად “სლავასთან” 3:31 დამარცხდა და სამიდან სამი მარცხით და ნული ქულით, ბოლო, მე-10 ადგილზეა. სპარტაკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ შეუცვლელად ითამაშეს ერისთავმა, კვერნაძემ, მახარობლიძემ, თუთბერიძემ, ადანაიამ და გოგლიჩიძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ კვანთიძე, რომელიც 47-ე წუთზე შარაშენიძემ შეცვალა, ძაგნიძე, ვინაც 59-ე წუთზე კიკვაძემ შეცვალა, მაგრამ 18 წუთში ტრავმა მიიღო და თავადაც შესაცვლელი გახდა, მხოლოდ პირველი ტაიმი გაისარჯა მინაძე და 53-ე წუთიდან შეცვლაზე იბურთავა ჯოგლიძემ.
მსაჯმა ამ მატჩში ორი ქართველი მორაგბე მორაგბე დასაჯა - 66-ე წუთზე ერისთავი მეტოქის დაწიხვლისთვის წითელი ბარათით გააძევა, ხოლო ადანაია 70-ე წუთზე უხეში ბოჭვისთვის გაასინბინა. ნამატჩევს “სლავას” მწვრთნელმა ისიც თქვა, “სპარტაკი” რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე ბინძურ რაგბის თამაშობსო.
კრასნოიარსკის დერბიში, ქვეყნის ჩემპიონმა “ენისეიმ” “კრასნი იარი” 20:6 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 75 წუთი ითამაშა ვალერი ცნობილაძე, სტუმართა შორის 48-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა გრიგოლ ცნობილაძემ. “ენისეის” შემადგენლობაში არ უთამაშია რატი ურუშაძეს, შეხვედრას კი, 4000 მაყურებელი დაესწრო. “ენისეიმ” პრემიალური ქულა ვერ აიღო და 3 თამაშიდან 14 ქულით მე-2 ადგილზეა (პირველზე “ვვა-პოდმოსკოვიეა” 4 თამაშიდან ქულათა მაქსიმუმით - 20), ხოლო “კრასნი იარს” სამი თამაშის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-3 საფეხურზეა.
“ბულავასთან” 7:17 დამარცხდა კარლო მაღლაკელიძის “აგროუნივერსიტეტი”, რომელსაც ოთხი თამაშის შემდეგ 5 ქულა ქვს და მე-7 ადგილზეა. სტუმართა რიგებში 51 წუთი ითამაშა ქართული წარმოშობის, რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა პირველხაზელმა კარლო მაღლაკელიძემ. რუსეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები 4-5 ივნისსაა დანიშნული.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082447