ამბები

13:17 | 2.06.2012 | ნანახია 2173 - ჯერ

გრან პრი გამარჯვებით დავიწყეთ

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა 2012 წლის ევროპის გრან პრის პირველ შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრები 24:21 დაამარცხა. მეტოქემ ქართველ მორაგბეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და კახა ალანიას შეგირდებს სრული მობილიზაცია დაჭირდათ მიზნის მისაღწევად.
არადა, ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. ბურთი თამაშში მერაბ კვირიკაშვილმა შეიყვანა, მეტოქეს წინ დაუვარდა, საქართველოს ნაკრებმა ბურთაობით მეტოქის დაცვა არია, 1:36 წუთზე კი, სანდრო თოდუამ ორი მცველი მიიზიდა, გიორგი კალმახელიძეს დროული გადაცემა გაუკეთა და მანაც ლელომდე 25 მეტრი ირბინა. განახლდა თუ არა თამაში, ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 40 მეტრში მერაბ კვირიკაშვილის ნადავლი გახდა, “მეკო” დაიძრა, ჰოლანდიელთა დაცვის ხაზში გაძვრა და ინდივიდუალური ლელო გაიტანა. მანვე ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და საქართველო 12:0 დაწინაურდა.
ჰოლანდიამ პირველი საპასუხო ლელო მალევე გაიტანა, როდესაც მეტოქე ორ მცველს დაუსხლტა, ცენტრთან ახლოს თანაგუნდელი მოძებნა და კალმახელიძე მას ვეღარ დაეწია, ხოლო მე-6 წუთზე, ცრუმოძრაობით მთელი საქართველოს ნაკრების ხაზი მოტყუვდა და ძელებსშუა მეორე ლელო გავუშვით. ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ მაშინ, როდესაც ტაიმისთვის განკუთვნილი 7 წუთი უკვე ამოწურული იყო, ირაკლი გეგენავა საკუთარი 22-იდან დაიძრა, ორჯერ გაექცა მცველებს ცრუმოძრაობით და ჰოლანდიას ძელებსშუა გატანილი ლელოთი უპასუხა, ხოლო გარდასახვის შემდეგ ტაიმი 19:14 დასრულდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო. ჩვენს 22-ში ჯერ ჰოლანდიას დაუვარდა ბურთი წინ, მაგრამ უპირატესობის მოპოვების მცდელობით, საქართველოს ნაკრებმა ბურთი მარცხენა ფლანგზე გაშალა, სადაც იდეაში გეგენავა უნდა გაქცეულიყო, თუმცა, მას ბურთი წინ დაუვარდა და 5-მეტრა შერკინება ჰოლანდიამ მიიღო. იქიდან გამოტანილი ბურთი მეტოქემ კარგად გაათამაშა, ხაზი გაიჭრა და ძელებსშუა მესამე ლელო გავიდა - 19:21.
მე-10 წუთზე კვირიკაშვილმა ჩვენი 22-ის ხაზთან ითამაშა კარგად, ორი ჰოლანდიელი ჩამოიშორა და ფლანგზე ბურთი გეგენავას გაატანა, რომელიც ორ მცველს კი გაექცა, მაგრამ მეორე დამცველმა მას წონასწორობა ოდნავ დააკარგინა, ქართველმაც გვერდით ხაზს ფეხი დაადგა და ლელო არ ჩაითვალა, თანაც, ირაკლიმ კოჭი ამოიბრუნა. მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე გიორგი ფრუიძე გაიჭრა კარგად, თუმცა, მიმყოლმა და პასმა დაიგვიანა, სამაგიეროდ, თუდუამ თამაში მარჯვნივ გადაიტანა, სადაც დიმიტრი გოგოლაძე ბოლო მცველს ეკვეთა და მასთან ერთად ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ქართველებმა დროის ამოწურვამდე ბურთი შეინარჩუნეს, მერე ის აუტში მოიგერიეს და 24:21 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 15:28 საათზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ელის.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი

2 ივნისი
საფრანგეთი - გერმანია 31:14
რუსეთი - იტალია 22:12
პორტუგალია - უელსი
იტალია - გერმანია
საფრანგეთი - უელსი
პორტუგალია - რუსეთი
უელსი - გერმანია
პორტუგალია - იტალია
რუსეთი - საფრანგეთი
იტალია - უელსი
რუსეთი - გერმანია
პორტუგალია - საფრანგეთი


3 ივნისი
რუსეთი - უელსი
საფრანგეთი - იტალია
პორტუგალია - გერმანია

B ჯგუფი
2 ივნისი

საქართველო - ჰოლანდია 24:21 (19:14)
ესპანეთი - შოტლანდია
ინგლისი - უკრაინა
შოტლანდია - ჰოლანდია
საქართველო - უკრაინა
ინგლისი - ესპანეთი
უკრაინა - ჰოლანდია
ინგლისი - შოტლანდია
ესპანეთი - საქართველო
შოტლანდია - უკრაინა
ესპანეთი - ჰოლანდია
ინგლისი - საქართველო


3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა
საქართველო - შოტლანდია
ინგლისი - ჰოლანდია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074021