საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე მეორე შეხვედრაც მოიგო. ჰოლანდიის 24:21 ძლევის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდებმა უკრაინას 19:5 აჯობეს.
მატჩის დებიუტში უკრაინის ნაკრებმა საკუთარი ნახევრიდან კარგად აიტანა ბურთი და ჩვენს 22-ამდე მივიდა, მაგრამ ქართველებმა დაცვაში იყოჩაღეს, მერე ბურთზე კონტროლი დაამყარეს, რამდენჯერმე შეცვალეს შეტევის მიმართულება და მარცხენა ფლანგზე ირაკლი გეგენავა გაიქცა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან არეკნი ზუსტად დაარტყა და მაყურებლებისგან ტაში დაიმსახურა.
მე-6 წუთი მიდიოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფლანგზე უპირატესობა მოიპოვა, დავით ჩიტიძე ორ მცველზე მივიდა, მას გიორგი კალმახელიძე წამოეშველა, ჩათვლის მოედნამდე 7-8 მეტრი რჩებოდა, მაგრამ გადაცემის გაკეთებისას ქართველი შებოჭეს და ბურთი წინ დააგდებინეს. საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა ბურთის დაბრუნება, კალმახელიძემ ისევ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, ამჯერად მას ჩიტიძე წამოეშველა და ზედ შესვენების წინ მეორე ლელო გაიტანა - 12:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელმა მორაგბემ ჩვენს 22-ში ფეხით შეაგორა ბურთი, მერე კიდევ ფეხით ითამაშა, კალმახელიძე და ირაკლი ღვინჯილია მას ვერ დაეწივნენ და ლელო მივიღეთ. განახლდა შეხვედრა და კალმახელიძე გაიჭრა სალელოვედ, მეტოქის 22-მდე განდაგან ირბინა, მერე შებოჭეს, გამოტანილი ბურთი კი, მეტოქემ ჩაჭრა, ოღონდ, წინ დაუვარდა. მატჩი განახლდა შერკინებიდან, ბურთი მერაბ კვირიკაშვილის მიუვიდა, ვინც ფინტებით 25 მეტრი ისე დაფარა, ხელი ვერავინ წაატანა და ლელო ძელებსშუა გავიდა, რასაზ ზუსტი გარდასახვა მოყვა. დარჩენილმა დრომ უკრაინელთა ნახევარზე ჩაიარა და საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრაში იმარჯვა.
პირველ მატჩში საქართველოსგან ძლეულმა ჰოლანდიამ შოტლანდიასთან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და 17:5 დაწინაურდა, მაგრამ მერე გატყდა და 17:19 დამარცხდა, არადა, ქართველებისგან უკვე ძლეული ნიდერლანდელების მოგება საქართველოს წისქვილზე დაასხამდა წყალს. კახა ალანიას შეგირდები ჯგუფური ეტაპის მესამე თამაშს ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთთან გამართავენ, რომელმაც პირველ მატჩში შოტლანდია 20:7 დაამარცხა, ამ წუთებში კი, ინგლისს ეთამაშებიან. ჩვენი და ესპანელების შერკინება თბილისის დროით 18:34 საათზე დაიწყება.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი
2 ივნისი
საფრანგეთი - გერმანია 31:14
რუსეთი - იტალია 22:12
პორტუგალია - უელსი 26:12
იტალია - გერმანია 7:0
საფრანგეთი - უელსი 17:28
პორტუგალია - რუსეთი
უელსი - გერმანია
პორტუგალია - იტალია
რუსეთი - საფრანგეთი
იტალია - უელსი
რუსეთი - გერმანია
პორტუგალია - საფრანგეთი
3 ივნისი
რუსეთი - უელსი
საფრანგეთი - იტალია
პორტუგალია - გერმანია
B ჯგუფი
2 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია 24:21 (19:14)
ესპანეთი - შოტლანდია 20:7
ინგლისი - უკრაინა 26:0
შოტლანდია - ჰოლანდია 19:17
საქართველო - უკრაინა 19:5 (12:0)
ინგლისი - ესპანეთი
უკრაინა - ჰოლანდია
ინგლისი - შოტლანდია
ესპანეთი - საქართველო
შოტლანდია - უკრაინა
ესპანეთი - ჰოლანდია
ინგლისი - საქართველო
3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა
საქართველო - შოტლანდია
ინგლისი - ჰოლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია