საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, “ბარბაროსების” ზოლიანი მაისურით მეორე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად მისი გუნდი კარდიფში, “მილენიუმზე” უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და მასპინძლებთან 21:30 დამარცხდა.
“ბარბაროსები” 1890 წელს დაარსდა და ამ გუნდს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. მის შემადგენლობაში, ან მის წინააღმდეგ თამაში კი, ყველა მორაგბისთვის უდიდესი პატივია. ეს კლუბი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს პერიოდულად კრებს და სანახაობრივ, ლაღ თამაშს აჩვენებს, მისი მოწინააღმდეგეები კი, მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები არიან.
დავით ქუბრიაშვილის, დავით კაჭარავას და გოდერძი შველიძის შემდეგ, 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მეოთხე მორაგბე გახდა, რომელმაც ამ ისტორიული კლუბის ღირსება დაიცვა. “ბარბაროსებში” გორგოძის დებიუტი 29 მაისს, ირლანდიის წინააღმდეგ შედგა და მაშინ მისმა გუნდმა 29:28 იმარჯვა. ამჯერად, გადაჭედილ “მილენიუმზე”, გორგოძეს პირველი ქართული “ბარბაროსული” ლელოს გატანა შეეძლო, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა.
31-ე წუთზე, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან წარმოქმნილ რაქში, მამუკამ ჩვეულ სტილში აიტაცა ბურთი და წინ წაიწია, მაგრამ მიზნამდე სულ რაღაც მეტრი დააკლდა. ამ იერიშის შემდეგ, “ბარბაროსებმა” მაინც შეძლეს ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა, თუმცა, ვიდეორეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა და “ბარბაროსების” სასარგებლოდ 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. იქიდან ბურთი შერკინების შემკვრელმა (8 ნომერი) გაიტანა და მერე შიგნით მამუკას შეუბრუნა, რომელმაც ორ მცველთან ჭიდილში ჩათვლის ხაზი გადაკვეთა. რეფერიმ ამჯერადაც ვიდეორეფერი მოითხოვა და იქ გამოჩნდა, რომ დამიწებამდე მამუკას ბურთი ხელიდან გაუსხლტა...
ამ იერიშს ლელო მაინც მოყვა და ტაიმი “ბარბაროსებმა” 14:13 მოიგეს, საათის თავზე კი, 21:16 დაწინაურდნენ, მაგრამ უელსი მაინც ძლიერი აღმოჩნდა. გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი ითამაშა. ის ჩვეულად კარგი იყო ბოჭვებისას, კარგად წმენდდა რაქს და აკავებდა მეტოქის მოლებს, როდესაც ბურთს მიიღებდა კი, ნაცად სტილში, ორ-სამ მეტოქეს ჯიქურ ეტაკებოდა და საკუთარ თანაგუნდელებს უპირატესობას უქმნიდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია