ამბები

22:29 | 2.06.2012 | ნანახია 2936 - ჯერ

მსაჯი რაღად გვინდოდა?!

 

ის, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრები ინგლისისას დაამარცხებდა, მხოლოდ თეორიული ვარაუდი იყო, მაგრამ რაც მსაჯმა ჩაიდინა, უბრალოდ, უნამუსობაა და მეტი არაფერი. სპორტის ამ სახეობაში ჩვენ რომ გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ მაინცდამაინც ვერც ევროპის მმართველ ორგანიზაციას აქვს რაიმე დიდად დასაკვეხნი.
ევროპის გრან პრის პირველ, ლიონის ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა საწყისი ორი თამაში მოიგო - ჯერ დაძაბულ ბრძოლაში ჰოლანდია 24:21 გატეხა, მერე კი, უკრაინას 19:5 აჯობა. ესპანეთთან მატჩში უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ ვერა საქართველოს ნაკრები თასის ფინალში გასასვლელად ბრძოლის გაგრძელებას, გუნდმაც შიშნარევი რაგბი ითამაშა და ჯამში 0:21 შერცხვა, თანაც, გუნდის ლიდერი მერაბ კვირიკაშვილიც დაკარგა.
დასკვნით მატჩში, ლიდერ ინგლისთან სათამაშოდ, კახა ალანიამ მოედანზე სათადარიგო მორაგბეები შეუშვა, რითაც, ერთის მხრივ, ძირითად ბირთვს ხვალინდელი მატჩების წინ დასვენების საშუალება მისცა და მეორეს მხრივ, ახალბედებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მიეცათ. ლელო მე-2 წუთზე გავუშვით და არც თამაში გამოდიოდა, მაგრამ როცა გიორგი კალმახელიძემ და გიორგი ფრუიძემ მეტოქე შებოჭეს, მისი უმისამართოდ მოსროლილი ბურთი შავლეგ მახარაშვილის ნადავლი გახდა და მანაც ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გარდასახვით საქართველო დააწინაურა - 7:5.
ამ დროს მე-5 წუთი მიდიოდა, დარჩენილმა დრომ მეტოქის ნახევარზე ჩაიარა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა იერიშის გაგრძელების გზა რომ ვერ მოძებნეს, ბურთი უაზროდ მოიშორეს. ეს, ჩვენის მხრივ უპატიებელი შეცდომა იყო და არც გვეპატია, მაგრამ მსაჯის დიდი ხეშეწყობით. ინგლისელმა, უაზროდ მოშორებულ ბურთს ხელი წაჰკრა და თანაგუნდელს დაახლოებით მეტრიანი წინპასი გაუკეთა, რაც რეფერიმ ვერ “შენიშნა” და ტაიმის მოგების ნაცვლად, ძელებსშუა გაშვებული ლელოთი და მერე გარდასახვით, 7:12 ჩამოვრჩით.
ობიექტურად უფრო ძლიერმა ინგლისმა, მეორე ტაიმი თამაშ-თამაშში ჩაატარა, ბურთაობის ხალისი საქართველოს ნაკრებს უკვე დაკარგული ჰქონდა და ინგლისმა 34:7 იმარჯვა. FIRA-ს ბედოვლათობაზე საუბრისას, ყურადღება იმასაც მივაქციოთ, რომ 7:34 დასრულებულ მატჩში, მათ საკუთარ ოფიციალურ საიტზე 0:34 დაგვიწერეს და კაცმა არ იცის, მსგავსი იაღლიში კიდევ რამდენ თამაშში მოუვიდათ, არადა, თანაბარი ქულების დროს, უკეთეს ადგილზე ის გუნდი გადის, ვისაც გატანილ-გაშვებულ ქულათა უკეთესი სხვაობა აქვს. 
ერთი საინტერესო ამბავი A ჯგუფშიც მოხდა. მასპინძელი საფრანგეთი, უელსმა და რუსეთმა მაგრად კი გააპამპულეს, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი პორტუგალია, რომელსაც მანამდე სამივე თამაში ჰქონდა მოგებული, “მოულოდნელად”, მათთან უშანსოდ, 0:31 განადგურდა. ამით, საფრანგეთმა თასის ნახევარფინალში გასვლის მცირედი შანსი გაიჩინა, თანაც, კარგი ბურთების სხვაობით, პორტუგალია კი, ხვალ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში გერმანიას გადაურბენს და იქ აუცილებლად მოხვდება. 
ხვალინდელი სათამაშო დღე თბილისის დროით 12:00 საათზე იწყება, საქართველოს ნაკრები კი, რომელიც ამ დროისთვის ჯგუფში მეოთხე ადგუილზეა, მესამეადგილოსან შოტლანდიას 13:06 საათზე დაუპირისპირდება. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს მატჩი, საქართველო და შოტლანდია, დიდი ალბათობით, ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს გაიყოფენ და ნახევარფინალებში V-VIII ადგილებისათვის ბრძოლაში ჩაებმებიან.  
 
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
 
2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი
2 ივნისი
საფრანგეთი - გერმანია 31:14
რუსეთი - იტალია 22:12
პორტუგალია - უელსი 26:12
იტალია - გერმანია 7:0
საფრანგეთი - უელსი 17:28
პორტუგალია - რუსეთი 21:12
უელსი - გერმანია 38:21
პორტუგალია - იტალია 21:10
რუსეთი - საფრანგეთი 17:7
იტალია - უელსი 12:19
რუსეთი - გერმანია 24:21
პორტუგალია - საფრანგეთი 0:31
 
1. უელსი              4   3   0   1   97-76   10
2. რუსეთი           4   3   0 1    75-61   10
3. პორტუგალია  4   3  0   1   68-65    10
4. საფრანგეთი    4   2  0   2   86-59    8
5. იტალია            4   1  0   3   41-62     6
6. გერმანია          4   0  0   4   56-100   4
 
3 ივნისი
რუსეთი - უელსი 
საფრანგეთი - იტალია 
პორტუგალია - გერმანია 
 
B ჯგუფი
2 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია 24:21 (19:14)
ესპანეთი - შოტლანდია 20:7
ინგლისი - უკრაინა 26:0
შოტლანდია - ჰოლანდია 19:17
საქართველო - უკრაინა 19:5 (12:0)
ინგლისი - ესპანეთი 46:0
უკრაინა - ჰოლანდია 7:14
ინგლისი - შოტლანდია 31:19
ესპანეთი - საქართველო 21:0 (14:0)
შოტლანდია - უკრაინა 38:12
ესპანეთი - ჰოლანდია 36:5
ინგლისი - საქართველო 34:7 (12:7)
 
1. ინგლისი         4   0   0   137-26   12
2. ესპანეთი       4   3   0    1   77-58     10
3. შოტლანდია  4   2   0 2      83-80     8
4. საქართველო 4  2   0  2      50-81     8
5. ჰოლანდია     4   1   0  3     57-86     6
6. უკრაინა         4   0   4     24-97     4
 
3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა 
საქართველო - შოტლანდია (13:06 საათი)
ინგლისი - ჰოლანდია 
პლეი ოფები და ფინალები
 
ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075784