საფრანგეთის ჩემპიონმა, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”, 2011-12 წლის Top 14-ის ერთმატჩიან ნახევარფინალში, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 24:15 დაამარცხა და 9 ივნისს ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.
თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაძაბულობა ძალიან დიდი იყო და ლელოც ვერცერთმა გუნდმა გაიტანა. მათ, ქულების უმეტესობა ჯარიმებით აგროვეს და თითო-თითო არეკნი გაიტანეს. მასპინძლები მუდამ წინ იყვნენ და სტუმრები, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ სხვაობის შემცირებას ახერხებდნენ. არადა, პირველი ტაიმის მიწურულს, მათ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ლელოც უნდა გაეტანათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
“ტულუზა”, მე-12 წუთისთვის, ზელანდიელი ლუკ მაკალისტერის 2 ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც პიერ ბერნარმა მე-18 წუთზე ერთით უპასუხა. ორიოდე წუთში, ტულუზელმა ლიონელ ბუქსიმ არეკნი გაიტანა, კიდევ ორ წუთში ბერნარმა საპასუხო არეკნი მიითვალა, ხოლო 26-ე წუთზე, მანვე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.
მაკალისტერმა “ტულუზა” 29-ე წუთზე დააწინაურა, 32-ე და 36-ე წუთებზე კი, მასპინძელთა 2 მორაგბე სინბინით დაისაჯა და ისინი მოედანზე 6 წუთის განმავლობაში 2 კაცით ნაკლები დარჩნენ.
“კასტრმა” ამხელა უპირატესობითაც ვერ ისარგებლა. 37-ე წუთზე, მათ ჯარიმით წონასწორობა კი აღადგინეს, მაგრამ 39-ე წუთზე, ბუქსიმ საპასუხოდ დაჰკრა და ტაიმი “ტულუზამ” 15:12 მოიგო.
მე-2 ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა წონასწორობა უკანასკნელად აღადგინეს, 52-ე, 62-ე და 72-ე წუთებზე კი, მაკალისტერმა კიდევ 3 ზუსტი დარტყმა მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განაცხადში ვერცერთი ქართველი მოხვდა. ჯაბა ბრეგვაძე და ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმირებული არიან. ახლახანს მოიშუშა ტრავმა აქვსენტი გიორგაძემ და მწვრთნელმა მისი განაცხადში შეყვანა ვერ გარისკა.
ფინალში “ტულუზას” მეტოქე დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, ან დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” იქნება, რომლებიც მეორე ფინალისტის ვინაობას დღეს, ტულუზაში გაარკვევენ.
კოლელიშვილი ტრავმირებულია, ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაშია, “ტულონის” სასტარტო 15 კაცშია ქუბრიაშვილი, ჩილაჩავა სათადარიგოებში გამწესდა, ხოლო მიქაუტაძე განაცხადში არაა.
შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია