საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი შოტლანდიასთან 7:14 დათმო, “ბ” ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და V-VIII ადგილების ნახევარფინალში რუსეთს დაუპირისპირდება (თამაში თბილისის დროით 15:26 საათზე დაიწყება).
გრან პრის მეორე სათამაშო დღეს ლიონში მოიღრუბლა და ჯგუფური ეტაპის მატჩები წვიმის ფონზე დაიწყო. კახა ალანიას შეგირდებმა, ისევე, როგორც ესპანეთთან და ინგლისთან, თამაში შიშნარევმა დაიწყო. მორაგბეები ინიციატივას საკუთარ თავზე ვერ იღებდნენ და მეტოქის დაცვის ხაზსაც გასაღებს ვერ უძებნიდნენ. ცენტრში ინტენსიურმა ბურთაობამ საქართველოს ნაკრები მოქანცა, ხაზი დაირღვა და შოტლანდიამ მე-5 წუთზე ძელებსშუა ლელო გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს, ცენტრალურ ხაზთან ბურთი დაიკარგა და მე-2 ლელო ზედ შესვენების წინ, მარცხენა ალამთან გავიდა. შოტლანდიელმა ურთულესი პოზიციიდან არეკნი-გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 0:14.
მე-2 ტაიმი ქართველებმა უკეთ დაიწყეს. მე-9 წუთზე, გიორგი კალმახელიძე ორ მბოჭავს გაექცა, შოტლანდიელთა დაცვაში ღრიჭო გაჩნდა და ჩათვლის მოედნისკენ გაიქცა, გზად, დაზღვევაზე გადმოსული მეტოქეც ჩამოიშორა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, შავლეგ მახარაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა.
რადგან გამარჯვების შანსი გაჩნდა, ალანიამ მოედანზე მერაბ კვირიკაშვილი შეუშვა, რომელმაც წინა დღეს ესპანელთა წინააღმდეგ თამაშისას ფეხი იტკინა, მაგრამ სქოთებმა თავი კარგად დაიცვეს, დარჩენილი დრო საკუთარი ჩათვლის მოედნისგან მოშორებით გაატარეს, მერე ბურთი აუტში გაიტანეს და 14:7 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჯგუფის დასკვნითი ტურის პირველ მატჩში, უკრაინამ სენსაცია მოახდინა და ესპანეთს 2 გარდასახვით - 14:10 აჯობა. შედეგად, შოტლანდია და ესპანეთი ქულებით გათანაბრდნენ, მაგრამ სქოთებს გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსი მეტოქეზე 5-ით ნაკლები აღმოჩნდათ და თასის ნახევარფინალში ამის გამო ვერ გავიდნენ.
ამავე ჯგუფში, ინგლისს, რომელსაც პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა, ჰოლანდიასთან მატჩი აღარაფერს უწყვეტდა, ნიდერლანდები კი, თუნდაც მინიმალური ანგარიშით მოგებით საქართველოს ნაკრებს უკან იტოვებდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ბრიტანელებმა სპორტულ პრინციპს არ უღალატეს, მეტოქე დაამარცხეს და ქართველები V-VIII ადგილისთვის ბრძოლას შემორჩნენ.
პირველ ჯგუფში, რუსეთისა და უელსის დაპირისპირებაში უნდა გადაწყვეტილიყო, თუ ვინ ითამაშებდა თასის ნახევარფინალში. “დრაკონებს” ფრეც აძლევდა ხელს, რუსეთს მხოლოდ მოგება უნდოდა და მე-11 წუთისთვის იგებდა კიდეც, მაგრამ მერე ლელო გაუშვა, გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და მატჩი 14:14 დასრულდა.
პორტუგალიას პირველი ადგილის დასაკევბლად გერმანიის ძლევა სჭირდებოდა, ამოცანა წარმატებით გადაჭრა (12:0) და რუსეთი საქართველოსთან სათამაშოდ “გაწირა”.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ივა დავითაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი
2 ივნისი
საფრანგეთი - გერმანია 31:14
რუსეთი - იტალია 22:12
პორტუგალია - უელსი 26:12
იტალია - გერმანია 7:0
საფრანგეთი - უელსი 17:28
პორტუგალია - რუსეთი 21:12
უელსი - გერმანია 38:21
პორტუგალია - იტალია 21:10
რუსეთი - საფრანგეთი 17:7
იტალია - უელსი 12:19
რუსეთი - გერმანია 24:21
პორტუგალია - საფრანგეთი 0:31
3 ივნისი
რუსეთი - უელსი 14:14
საფრანგეთი - იტალია 15:0
პორტუგალია - გერმანია 12:0
1 | პორტუგალია | 5 | 4 | 0 | 1 | 80-65 | 13 |
2 | უელსი | 5 | 3 | 1 | 1 | 111-90 | 12 |
3 | რუსეთი | 5 | 3 | 1 | 1 | 89-75 | 12 |
4 | საფრანგეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 101-59 | 11 |
5 | იტალია | 5 | 1 | 0 | 4 | 41-77 | 7 |
6 | გერმანია | 5 | 0 | 0 | 5 | 56-112 | 5 |
B ჯგუფი
2 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია 24:21 (19:14)
ესპანეთი - შოტლანდია 20:7
ინგლისი - უკრაინა 26:0
შოტლანდია - ჰოლანდია 19:17
საქართველო - უკრაინა 19:5 (12:0)
ინგლისი - ესპანეთი 46:0
უკრაინა - ჰოლანდია 7:14
ინგლისი - შოტლანდია 31:19
ესპანეთი - საქართველო 21:0 (14:0)
შოტლანდია - უკრაინა 38:12
ესპანეთი - ჰოლანდია 36:5
ინგლისი - საქართველო 34:7 (12:7)
3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა 10:14
საქართველო - შოტლანდია 7:14 (0:14)
ინგლისი - ჰოლანდია 35:19
1 | ინგლისი | 5 | 5 | 0 | 0 | 172-45 | 15 |
2 | ესპანეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 87-72 | 11 |
3 | შოტლანდია | 5 | 3 | 0 | 2 | 97-87 | 11 |
4. | საქართველო | 5 | 2 | 0 | 3 | 57-95 | 9 |
5 | ჰოლანდია | 5 | 1 | 0 | 4 | 76-121 | 7 |
6. | უკრაინა | 5 | 1 | 0 | 4 | 38-107 | 7 |
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
იტალია - უკრაინა
ჰოლანდია - გერმანია
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
რუსეთი - საქართველო (15:26)
შოტლანდია - საფრანგეთი
თასის ნახევარფინალები
პორტუგალია - ესპანეთი
ინგლისის - უელსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია