ამბები

19:06 | 3.06.2012 | ნანახია 1660 - ჯერ

საფრანგეთმა დამატებით დროში გვაჯობა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ლიონში მიმდინარე ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე VIII ადგილი დაიკავა. დასკვნით მატჩში კახა ალანიას შეგირდები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და ძირითადი დროის ფრედ 12:12 დასრულების შემდეგ, დამატებით ტაიმში დამარცხდნენ.
ეს თამაში საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შესრულებით, ლიონის ეტაპზე. მატჩის დასაწყისში ბურთი ქართველთა 22-ის ხაზთან დაიკარგა, მაგრამ ინტენსიურ, დინამიურ თამაშში, რომელიც მთელი 3 წუთის განმავლობაში წამითაც არ შეწყვეტილა, ქართველებმა მეტოქეს საკუთარ 22-მდე დაახევინეს, იქ ალექსანდრე თოდუამ გადაცემა ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც შავლეგ მახარაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ცენტრიდან ცუდად შეიყვანა ბურთი და ის ფრანგმა საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა, მერე სწრაფად აიტანა ცენტრალურ ხაზთან, თავისუფალი გაითამაშა, ორი ფრანგი ერთი მცველის წინაშე დარჩა და ალამთან ლელო გავიდა, მაგრამ გარდასახვამ არ ივარგა და ტაიმი ალანიას შეგირდებმა 7:5 მოიგეს.
მე-9 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა უკვე მეტოქის ნახევარზე დაკარგა ბურთი და ფრანგმა ისეთი სიჩქარე აკრიფა, მას ვეღარავინ დაეწია. ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და მასპინძლები 12:7 დაწინაურდნენ.
საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებმა კარგი, დინამიური შეტევა განახორციელა, ჯარიმები სწრაფად თამაშდებოდა, შედეგად, ფრანგებმა დაცვა ვეღარ დააწყვეს, მახარაშვილმა მარჯვენა ფლანგზე თოდუა მოძებნა, მან წინ წაიწია და მახარაშვილს ბურთი დაუბრუნა, ეს უკანასკნელი კი, ჩათვლის მოედანში შეცურდა. ლელო მთლად ძელებსშუა არ გასულა, მაგრამ არეკნ-გარდასახვის გატანა არც ისე რთული იყო. სამწუხაროდ, მახარაშვილს დარტყმა გაუცუდდა.
რადგან მატჩის მოგების იმედი იყო, მოედანზე მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელმაც წინა დღეს ფეხი იტკინა და მოედანზე მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში გადიოდა. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ფრანგებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე მეტრში, ფლანგზე სივრცეც ჰქონდათ და მეტობაც, მაგრამ ნამეტანი მოინდომეს, აქაოდა მცველები ბოლომდე ვარბენინოთო, ბურთი კიდემდე სრულად ჩაათამაშეს და იქ მოიერიშეს წინ დაუვარდა.
დამატებითი დრო მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მსაჯმა 1,20 წუთზე გიორგი ფრუიძე გაასინბინა. კაცნაკლულმა ქართველებმა 1,20 წუთი გაძლეს, შემდეგ ფრანგი გაიქცა და გამარჯვების ლელო გაიტანა, რასაც გარდასახვა მოჰყვა და საფრანგეთმა 19:12 იმარჯვა.
ცოტა ხანში, გადამწყვეტი მატჩების დრო დადგება და ფინალში პორტუგალია ინგლისს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში პორტუგალიელებმა ესპანეთს 12:7 სძლიეს, ხოლო ინგლისმა უელსი 24:10 დაამარცხა.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ივა დავითაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

იტალია - უკრაინა 14:5
ჰოლანდია - გერმანია 24:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
რუსეთი - საქართველო 12:0 (5:0)
შოტლანდია - საფრანგეთი 21:12
თასის ნახევარფინალები
პორტუგალია - ესპანეთი 12:7
ინგლისის - უელსი 24:10
XI ადგილისთვის
უკრაინა - გერმანია 7:19
IX ადგილისთვის
იტალია - ჰოლანდია 14:21
VII ადგილისთვის
საქართველო - საფრანგეთი 12:19 დ.დ. (12:12) (7:5)
V ადგილისთვის
რუსეთი - შოტლანდია
III ადგილისთვის
ესპანეთი - უელსი
ფინალი
პორტუგალია - ინგლისი
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081137