საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის პირველ, ლიონის ეტაპზე, მხოლოდ მე-8 ადგილი დაიკავა. კახა ალანიას შეგირდები, საწყისი 2 თამაშის მოგების შემდეგ, ზედიზედ 5-ჯერ დამარცხდნენ და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ არ ვთამაშობთ მსოფლიო სერიებზე.
7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და რაგბის ნაკლებადმცოდნე ქვეყნებიც ცდილობენ, რომ რაგბის ეს მიმართულება მეტ-ნაკლებად განავითარონ, ჩვენ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ადგილს ვტკეპნით. საქართველოს ნაკრებს აშკარად აკლია სისწრაფე, როგორც ფიზიკური, ასევე აზროვნების თვალსაზრისით. მორაგბეებს უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რის გამოც რთულ სიტუაციაში ვარდებიან და მერე ბურთს ისე იშორებენ, რომ ის მეტოქის ნადავლი ხდება, რომელიც ასეთ შანსს ხელიდან არ უშვებს.
ქართული 7-კაცას პრობლემაა ტექნიკური მხარეც. მორაგბეებს ხშირად უვარდებოდათ ბურთი წინ, რის გამოც მას მეტოქე ეუფლებოდა, ნაკლებად სრულდებოდა ფინტები, რის შემდეგაც რიცხობრივი უპირატესობა უნდა შეიქმნას, არაფრად ვარგოდა დერეფანი და აუტიდან ბურთის შემოტანა, არადა, ჯარიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მანძილის მოგებას სწორედ ბურთის აუტში გატანით ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, ბურთზე კონტროლს მოწინააღმდეგე ამყარებდა.
პირველ ორ მატჩში, საქართველოს ნაკრებს ისეთი მეტოქეები ჰყავდა, რომელთა დამარცხებაც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ჰოლანდიამ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მაგრადაც გვანერვიულა, მაგრამ მისი ძლევა მაინც მოხერხდა (24:21). უკრაინასთან გამარჯვება შედარებით იოლად მოვიდა, მაგრამ გუნდს არ უჩვენებია განსაკუთრებული თამაში. ქართველები პირველ ნომრად თამაშობდნენ და ამოცანა შეასრულეს, გამარჯვებები მოიპოვეს, აი ძლიერ მეტოქეებთან კი...
ესპანეთთან, ინგლისთან და შოტლანდიასთან, უკვე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს შეტევაში შემოქმედებითი თამაში უჭირდა. გუნდი პრაქტიკულად ვერ ახერხებდა ბურთის დაუფლებას და მეტოქის ნახევარზე გადასვლას, ხოლო სულ დაცვაში თამაში, ისეთი სხარტი მორაგბეების წინააღმდეგ, როგორებიც ამ გუნდებს ჰყავდათ, ადრე თუ გვიან შეცდომით რომ დასრულდებოდა, ყველასათვის ცნობილია. ასეც მოხდა და ეს მატჩები საქართველოს ნაკრებმა დათმო, თანაც, ამ სამ ჯახში მხოლოდ 2 ლელოს გატანა შეძლო.
აქ, გასაკვირი ერთი ამბავია - ინგლისის ნაკრებთან საქართველოს წარმატების შანსი რომ თითქმის არ ჰქონდა, ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ტაიმის მიწურულს, როდესაც ქართველი მორაგბეები 7:5-ს იგებდნენ და ტაიმის დასრულებას აღარაფერი უკლდა, მსაჯმა მეტრიანი წინპასი ისე გაატარა, წარბიც არ შეტოკებია და ისედაც ცუდ დღეში მყოს ქართველ მორაგბეებს, გული საბოლოოდ აუცრუა.
ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე რუსეთი იყო, რომელიც ხშირად მონაწილეობს მსოფლიო სერიებში და პლანეტაზე თუ არა, ევროპაში მაინც, 7-კაცა რაგბიში ანგარიშგასაწევი ძალაა. ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ იმას, რასაც ისინი აჩვენებდნენ, ნაკლებად ერქვა 7-კაცა რაგბი. სხვათა შორის, “არაშვიდკაცურ” თამაშში რუსეთიც აგვყვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის ქართველებთან მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და საბოლოოდ, მეტი კლასის ხარჯზე, გამარჯვება მათ დარჩათ.
აი, საფრანგეთის ნაკრებთან საქართველოს თამაში უკვე წააგავდა იმას, რასაც 7-კაცა ჰქვია. გუნდი შეტევასაც ცდილობდა, თავსაც კარგად იცავდა და ინტენსიური თამაშიც მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოვიდა. აქ უკვე ისე ჩანდა, ბიჭებს აღარ ეშინოდათ დიდი ანგარიშით მარცხისა და თამაშიც შედგა. შედეგად, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ფრანგებმა მხოლოდ დამატებით დროში, მას შემდეგ მოიგეს, რაც საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული დარჩა.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ლიონში სულ 11 ლელო გაიტანა, რითაც მხოლოდ უკრაინას აჯობა და გაუთანაბრდა იტალიას, რომელიც 7-კაცაში ჩვენზე უარეს დღეშია და საბოლოოდ, შესაბამისი ადგილიც დაიკავა. ქართველთა მონაგარმა 69 ქულა შეადგინა, რითაც ისევ უკრაინას აჯობა და იტალიას გაუთანაბრდა, ხოლო სხვებს (გერმანიასაც კი) ჩამორჩა. გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ უკრაინას აჯობა, ყვითელი ბარათი კი, ესპანეთთან ერთად, ყველაზე მეტად - ორჯერ დაიმსახურა.
ლიონის ეტაპის გამარჯვებული ინგლისი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ ჯახში გასული წლის გრან პრის მომგები პორტუგალია 26:14 დაამარცხა.
ესპანეთმა უელსს მე-3 ადგილისთვის მატჩში აჯობა (17:12), ხოლო რუსეთმა შოტლანდიას V ადგილი არ დაანება (19:7).
მე-9 ადგილზე, იტალიის ძლევით, ჰოლანდია, ხოლო ბოლოსწინა მე-11 საფეხურზე 12 უძლიერესს შორის წლეულს ამოსული გერმანია გავიდა.
შეგახსენებთ, რომ თითოეული ეტაპის შემდეგ, დაკავებული ადგილის მიხედვით, ყველა გუნდს შესაბამისი ქულა ეწერება, რის შედეგადაც დგება საერთო ცხრილი და ვინც მეტ ქულას მოაგროვებს, გამარჯვებულიც ის გახდება, ბოლო ორ ადგილზე გასული ნაკრები კი, საკუთარ ადგილს, მომავალ წელს, ქვედა დივიზიონის ორ გამარჯვებულს დაუთმობს. ევროპის გრან პრის მე-2 ეტაპს, 30 ივნისი-1 ივლისს, რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უმასპინძლებს.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონში: გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი), ივა დავითაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. 2-3 ივნისი. ლიონი (საფრანგეთი)
A ჯგუფი
2 ივნისი
საფრანგეთი - გერმანია 31:14
რუსეთი - იტალია 22:12
პორტუგალია - უელსი 26:12
იტალია - გერმანია 7:0
საფრანგეთი - უელსი 17:28
პორტუგალია - რუსეთი 21:12
უელსი - გერმანია 38:21
პორტუგალია - იტალია 21:10
რუსეთი - საფრანგეთი 17:7
იტალია - უელსი 12:19
რუსეთი - გერმანია 24:21
პორტუგალია - საფრანგეთი 0:31
3 ივნისი
რუსეთი - უელსი 14:14
საფრანგეთი - იტალია 15:0
პორტუგალია - გერმანია 12:0
1 | პორტუგალია | 5 | 4 | 0 | 1 | 80-65 | 13 |
2 | უელსი | 5 | 3 | 1 | 1 | 111-90 | 12 |
3 | რუსეთი | 5 | 3 | 1 | 1 | 89-75 | 12 |
4 | საფრანგეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 101-59 | 11 |
5 | იტალია | 5 | 1 | 0 | 4 | 41-77 | 7 |
6 | გერმანია | 5 | 0 | 0 | 5 | 56-112 | 5 |
B ჯგუფი
2 ივნისი
საქართველო - ჰოლანდია 24:21 (19:14)
ესპანეთი - შოტლანდია 20:7
ინგლისი - უკრაინა 26:0
შოტლანდია - ჰოლანდია 19:17
საქართველო - უკრაინა 19:5 (12:0)
ინგლისი - ესპანეთი 46:0
უკრაინა - ჰოლანდია 7:14
ინგლისი - შოტლანდია 31:19
ესპანეთი - საქართველო 21:0 (14:0)
შოტლანდია - უკრაინა 38:12
ესპანეთი - ჰოლანდია 36:5
ინგლისი - საქართველო 34:7 (12:7)
3 ივნისი
ესპანეთი - უკრაინა 10:14
საქართველო - შოტლანდია 7:14 (0:14)
ინგლისი - ჰოლანდია 35:19
1 | ინგლისი | 5 | 5 | 0 | 0 | 172-45 | 15 |
2 | ესპანეთი | 5 | 3 | 0 | 23 | 87-72 | 11 |
3 | შოტლანდია | 5 | 3 | 0 | 2 | 97-87 | 11 |
4 | საქართველო | 5 | 2 | 0 | 3 | 57-95 | 9 |
5 | ჰოლანდია | 5 | 1 | 0 | 4 | 76-121 | 7 |
6 | უკრაინა | 5 | 1 | 0 | 4 | 38-107 | 7 |
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
იტალია - უკრაინა 14:5
ჰოლანდია - გერმანია 24:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
რუსეთი - საქართველო 12:0 (5:0)
შოტლანდია - საფრანგეთი 21:12
თასის ნახევარფინალები
პორტუგალია - ესპანეთი 12:7
ინგლისის - უელსი 24:10
XI ადგილისთვის
უკრაინა - გერმანია 7:19
IX ადგილისთვის
იტალია - ჰოლანდია 14:21
VII ადგილისთვის
საქართველო - საფრანგეთი 12:19 დ.დ. (12:12) (7:5)
V ადგილისთვის
რუსეთი - შოტლანდია 19:7
III ადგილისთვის
ესპანეთი - უელსი 17:12
ფინალი
პორტუგალია - ინგლისი 14:26
მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 18
2. პორტუგალია - 16
3. ესპანეთი - 15
4. უელსი - 14
5. რუსეთი - 12
6. შოტლანდია - 10
7. საფრანგეთი - 8
8. საქართველო - 6
9. ჰოლანდია - 4
10. იტალია - 3
11. გერმანია - 2
12. უკრაინა - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია