ამბები

14:27 | 4.06.2012 | ნანახია 2239 - ჯერ

“ტულუზას” “ტულონი” შეუწყვილდა

9 ივნისს, 2012 წლის საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზას” დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” შეეცილება.
“ტულონმა” მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონი” დაძაბულ მატჩში ჯარიმების ხარჯზე 15:12 დაამარცხა. მატჩში, რომელსაც 35 ათასი მაყურებელი დაესწრო, კლერმონელები თითქმის მთელი 80 წუთის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ “ტულონი” დაცვაში კარგად იდგა და მოიერიშეებმა ვერ მოძებნეს ის ხვრელი, რომელიც მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდათ. ამასთან, “კლერმონი” შეტევისას ხშირად კარგავდა ბურთზე კონტროლს, მისი წაგება კი, უდისციპლინობამ განაპირობა.
ხუთჯერ მიიღო ინგლისელმა ჯონი უილკინსონმა ჯარიმის კარში დარტყმის შესაძლებლობა და ხუთივე ჯერზე ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. გადამწყვეტი 77-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ანგარიში 12:12 იყო და თითქოს ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, მაგრამ “კლერმონი” საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდა და ჯონიმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. თავის მხრივ, მორგან პარამ კარში ექვსი დარტყმა განახორციელა, მაგრამ ორჯერ ააცილა. მისი მხრიდან გადამწყვეტი ბოლო წუთზე შესრულებული ჯარიმა იყო, როდესაც ანგარიშის გათანაბრება 46 მეტრიდან სცადა, მაგრამ ბურთმა ძელებამდე ვერც კი მიაღწია.
ანგარიშში “კლერმონი” დაწინაურდა, რაზეც 22-ე წუთამდე “ტულონმა” ორი ჯარიმით უპასუხა, დასკვნით 10 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 9:6 დასრულდა. სიტუაცია უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც საათის თავზე უილკინსონმა ტულონელთა უპირატესობა 6-ქულიანი გახადა. მაგრამ პარამ ორიოდე წუთში ჩამორჩენა შეამცირა, 73-ეზე წონასწორობა აღადგინა და “კლერმონიც” დამატებითი დროისთვის მზადებას შეუდგა, მაგრამ...
ქართველ ლეგიონერთაგან “კლერმონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ზირაქაშვილი, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ის ბევრს მუშაობდა, თითქმის ყველგან ასწრებდა მისვლას, რაქებს კარგად წმენდდა და აქტიური იყო შეტევებში. რამდენჯერმე კარგი დარტყმით თანაგუნდელებს უპირატესობა შეუქმნა, მაგრამ რა მისი ბრალია, ამის გამოყენება რომ ვერ მოხერხდა?! ზირაქაშვილმა 66 წუთი ითამაშა. განაცხადში არ იყო ტრავმირებული კოლელიშვილი.
“ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და საუცხოოდ გაისარჯა დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც 70-ე წუთზე მხარი იტკინა, მაგრამ მოედანი მაინც არ დატოვა და ბოლომდე იბრძოლა. ქუბრიაშვილი კარგად იდგა შერკინებაში და გაუვალი იყო დაცვაში, შეტევაში კი, ამ გუნდს ისეთი შემოქმედებითი მორაგბეები ყავს, ქარველი პირველხაზელის ამ საქმეში ჩართვა საჭირო არაა. ამიტომ ქუბრიაშვილი უმეტესად შავი სამუშაოს შესრულებით შემოიფარგლება. განაცხადში იყო ლევან ჩილაჩავა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ქუბრიაშვილი უნდა შეეცვალა, მაგრამ საქმეში მისი ჩართვა საჭირო არ გახდა, ხოლო კოტე მიქაუტაძე განაცხადში ვერ მოხვდა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082455