ამბები

21:41 | 4.06.2012 | ნანახია 2002 - ჯერ

“მასი” და სამი ქართველი “ელიტა 2”-ში

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, არჩილ კობაურისა და ვიქტორ დიდებულიძის “მასიმ”, ფედერალ 1-ის პლეი ოფის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, დავით ბოლღაშვილის “ლილი”, დაძაბულ ბრძოლაში, მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი დაამარცხა და მომავალი სეზონიდან მე-2 ელიტარულ დივიზიონში - Pro D2-ში ითამაშებს.
“მასის” პირველი თამაში მინიმალური სხვაობით ჰქონდა მოგებული (21:20) და გადამწყვეტ მატჩს, რადგან Pro D2-ის საგზურს ფინალში გასული ორივე გუნდი იღებს, 4500 მაყურებელი დაესწრო.
შერკინების მე-3 ხაზში შეუცვლელად ითამაშა სუთიაშვილმა, რომელიც გუნდის ლიდერია და ამ მატჩშიც ლამის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო.
სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს აშვეთია, რომლის გარჯამაც მასპინძლებს შერკინებაში დიდი უპირატესობა მოუტანა.
განაცხადში არ იყო კობაური, ხოლო დიდებულიძე ამ გუნდის მწვრთნელია და განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა.
“ლილის” განაცხადში არ იყო ბოლღაშვილი.
პირველ ტაიმში, “მასის” სამ ჯარიმას, სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს და მასპინძლებმა ტაიმი 9:3 მოიგეს.
მე-2 ნახევარში, სტუმრებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, მერე ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე, 4 ქულით დაწინაურდნენ.
“მასი” უფრო გააქტიურდა და 77-ე წუთზე ის ლელო გაიტანა, რომელმაც მას ასე ნანატრი, ელიტარული დივიზიონის საგზური მოუტანა, ზუსტმა რეალიზაციამ კი, მატჩის საბოლოო შედეგი - 16:13 დააფიქსირა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, იყო ბევრი ცრემლი და დიდი სიხარული, “მასის” მორაგბეებმა კი, ეს გამარჯვება ტრავმირებულ და რაგბიდან წასულ თანაგუნდელებს მიუძღვნეს.
“მასის” სეზონის ბოლო მატჩს “კოლომიერსთან” 10 ივნისს გამართავს, რომელმაც ორი შეხვედრის ჯამში, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენი” დაამარცხა.
სტუმრებს 7-ქულიანი დეფიციტი ჰქონდათ აღმოსაფხვრელი და პირველი ტაიმი კარგადაც დაიწყეს. მეტოქეებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, 35-ე წუთზე კი, “ვალანს დაჟენმა” ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და 2 მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაუშვა და ტაიმი მხოლოდ 13:9 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მთელი 20 წუთი მოედანზე კაცნაკლულებმა გაატარეს (სინბინი მე-15 და 25-ე წუთებზე), მაგრამ ტაბლოზე მაინც მათთვის სასარგებლო ანგარიში ციმციმებდა.
დაიწყო მე-2 ტაიმი და “ვალანს დაჟენმა” ხუთ წუთში 10 ქულა მიიღო - ჯერ ჯარიმა, ხოლო მერე ლელო-გარდასახვა გაუშვა.
61-ე წუთამდე სტუმრებმა 2 ჯარიმა გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს (19:19), მაგრამ დასკვნით ათ წუთში 2 ჯარიმა თავადაც მიიღეს და 19:25 დამარცხდნენ. ბასილაიამ, რომელიც ახალ სეზონს შოტლანდიურ გრანდ “ედინბურგში” დაიწყებს, სრულად ითამაშა, ხოლო ნემსაძე, ვინაც კარიერას Pro D2-ის “ტარბში” გააგრძელებს, განაცხადში არ იყო.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091246