ამბები

14:55 | 5.06.2012 | ნანახია 2691 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიო თასი ორი სენსაციით გაიხსნა

სამხრეთ აფრიკაში 2012 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის პირველ სათამაშო დღეს ორი სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა. თავიდან ყველაფერი “გეგმის მიხედვით” მიდიოდა, მაგრამ საღამოს ორივე მატჩი “დაგეგმილ სცენარს” ასცდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა.
20-წლამდელთა მსოფლიო თასი 2008 წლიდან იმართება და პირველი ორი წელი მასში პლანეტის 16 მოწინავე ნაკრები მონაწილეობდა, 2010 წლიდან კი, გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. გუნდები სამ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებულები. ჯგუფის გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისათვის ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებენ, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მესამეადგილოსანი V-VIII ადგილებისთვის თამაშობენ, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და ჯგუფის სამი ნაბოლარა IX-XII ადგილებისთვის იბრძვიან. დასკვნით დღეს ყველა ადგილი თამაშდება და ბოლო ადგილზე გასული გუნდი მომავალ წელს უძლიერესთა შორის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” (აქ საქართველოს ნაკრები თამაშობს) გამარჯვებულს უთმობს ადგილს.
აქამდე გამართულ ოთხ მსოფლიო თასზე გამარჯვება ოთხივეჯერ ახალმა ზელანდიამ მოიპოვა, თანაც ისე, რომ 20 ჩატარებული თამაშიდან ერთიც არ წაუგია. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოქმედებს ქულათა დარიცხვის პრემიალური სისტემა. გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე 2-ად ფასობს, ხოლო ოთხი და მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები სხვაობით მარცხი ერთი პრემიალური ქულის ტოლფასია.
წლევანდელი ტურნირის A ჯგუფში მოულოდნელობები არ ყოფილა. მუდმივმა ჩემპიონმა “ოლ ბლექსმა” შარშან თბილისის “ალაფის” მომგებ სამოას შანსი არ დაუტოვა და 63:0 გაანადგურა. ზელანდიელებმა ჯარიმით გახსნეს ანგარიში, მეორე დარტყმა გაუცუდდათ, მერე აიშვეს და ზედიზედ 10 ლელო გაიტანეს. მილფორდ კერესომას ანგარიშზე სამი ლელოა. სამოას ქულის აღება ერთადერთხელ, მე-8 წუთზე შეეძლო, როდესაც 0:3 აგებდა, მაგრამ არეკნი არაზუსტი აღმოჩნდა.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში უელსმა ფიჯი მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, არადა, შესვენებაზე გასვლისას ფიჯელები 12:3 იგებდნენ - მათ ორ ლელოსა და ერთ გარდასახვას ევროპელებმა მხოლოდ ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს. მეორე ტაიმში უელსი სერიოზულად მოეკიდა საქმეს და ორი ჯარიმის საპასუხოდ ექვსი ლელო გაიტანა. ჯამში “დრაკონებმა” 44:18 იმარჯვეს მეორე ტურში შეეცდებიან დაუმარცხებელი ზელანდიელების შეჩერებას.
B ჯგუფის პირველ მატჩში იტალიამ ინგლისს ჯარიმის საპასუხოდ მე-10 წუთზე ლელო გაუტანა და 5:3 დაწინაურდა, მაგრამ მერე მეტოქისგან 9 უპასუხო ლელო მიიღო. 8 გარდასახვა ზუსტი იყო და ინგლისელებმა 64:5 იმარჯვეს. პირველი სენსაციის მონაწილე მასპინძელთა და ირლანდიელთა ნაკრებები იყვნენ. სამხრეთაფრიკელები ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე პასუხად ორი ჯარიმა, ლელო და გარდასახვა მიიღეს - 3:13. 53-ე წუთზე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, 2 წუთში არეკნი მიიღეს, თუმცა, 64-ე წუთამდე ორი ჯარიმა გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს. 67-ე წუთზე ირლანდიელები ლელო-გარდასახვით წინ გაიჭრნენ, აფრიკელებმა მოინდომეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე, მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა შეძლეს და 19:23 დამარცხდნენ.
C ჯგუფში ავსტრალიამ შოტლანდიასთან თავიდანვე სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი და პრემიის მომტანი 4 ლელო უკვე მე-17 წუთისთვის გაიტანა. ჯამში ავსტრალიელებმა 11 ლელო მიითვალეს, შოტლანდიამ მხოლოდ ორი და “კენგურუებმა” 67:12 იმარჯვეს. საფრანგეთმა არგენტინის ძლევა პრაგმატულად გადაწყვიტა და ჯარიმები კარში ურტყა, სამხრეთამერიკელებმა კი, უფრო სანახაობრივი რაგბი ითამაშეს და შედეგსაც მიაღწიეს. ფრანგებმა 28-ე წუთამდე ხუთი ჯარიმა გამოიყენეს, ეს იყო და ეს. არგენტინელებმა შესვენებამდე მხოლოდ ერთი ლელოს გატანა შეძლეს, მეორე ნახევარში ლელო-გარდასახვას ორი ჯარიმა შემატეს და 18:15 იმარჯვეს.

2012 წლის მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეთა შორის
სამხრეთ აფრიკა. 4-22 ივნისი. I ტური
A ჯგუფი

უელსი - ფიჯი 44:18
ახალი ზელანდია - სამოა 63:0
 

1 ახალი ზელანდია 1 1 0 0 63-0 5
2 უელსი 1 1 0 0 44-18 5
3 ფიჯი 1 0 0 1 18-44 0
4 სამოა 1 0 0 1 0-63 0



8 ივნისი
ფიჯი - სამოა
ახალი ზელანდია - უელსი
12 ივნისი
უელსი - სამოა
ახალი ზელანდია - ფიჯი

B ჯგუფი
ინგლისი - იტალია 64:5
სამხრეთ აფრიკა - ირლანდია 19:23
 

1  ინგლისი 1 1 0 0 64-5 5
2  ირლანდია 1 1 0 0 23-19 4
3 სამხრეთ აფრიკა 1 0 0 1 19-23 1
4  იტალია 1 0 0 1 5-64 0


8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - იტალია
ინგლისი - ირლანდია
12 ივნისი
ირლანდია - იტალია
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი

C ჯგუფი
ავსტრალია - შოტლანდია 67:12
საფრანგეთი - არგენტინა 15:18
 

1  ავსტრალია 1 1 0 0 67-12 5
2 არგენტინა 1 1 0 0 18-15 4
3  საფრანგეთი 1 0 0 1 15-18 1
4  შოტლანდია 1 0 0 1 12-67 0


8 ივნისი
ავსტრალია - არგენტინა
საფრანგეთი - შოტლანდია
12 ივნისი
არგენტინა - შოტლანდია
საფრანგეთი - ავსტრალია

17 ივნისი. ნახევარფინალები
22 ივნისი. ფინალები
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.156365