ამბები

17:13 | 5.06.2012 | ნანახია 1921 - ჯერ

სქოთებმა “კენგურუ” “მოინადირეს”

დადგა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ ივნისის ტესტ-მატჩებისთვის გამოყოფილი პერიოდი და პირველივე მატჩში შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა სენსაცია გამოაცხო, როდესაც მასპინძელი ავსტრალია ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 9:6 დაამარცხა.
ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპული ნაკრებები სათამაშოდ სამხრეთ ნახევარსფეროში მიდიან (ნოემბერში პირიქითაა) და ავსტრალიისა და შოტლანდიის დაპირისპირება ლამის ერთთვიანი მარათონის დასაწყისი იყო. ავსტრალიელებმა მეტოქის დასახვედრად პირველად ირჩიეს ქალაქი ნიუკასლი და ნიუკასლის საერთაშირსო სპორტულ ცენტრში, Hunter Stadium-ზე (ქართულად “მონადირის სტადიონი”) დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ეს თამაში ისტორიაში იმით შევა, რომ ნიუკასლი გახდა მეათე ავსტრალიური ქალაქი, რომელშიც “ვოლაბებმა” საშინაო თამაში ჩაატარეს.
ნიუკასლი გუნდებს საშინელი ამინდით დაუხვდა. ძლიერ წვიმას თან ძლიერი ქარიც ერთვოდა და ამან მატჩის მსვლელობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. პირველ ტაიმში ბუნებრივი პირობები სქოთების მხარეს იყო და მათ ეს კარგად გამოიყენეს. ავსტრალია კი ცდოლობდა ბურთზე კონტროლის დამყარებას და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას, მაგრამ ქარი ფეხით გადაკიდებულ ბურთს უკან უბრუნებდა და შოტლანდიამაც ტერიტორიული უპირატესობა კარგად გამოიყენა. კრეიგ ლეიდლოუს საწყის 40 წუთში სამჯერ მიეცა ჯარიმის შესრულების შესაძლებლობა, რომელთაგან ორი გამოიყენა და სტუმრები 6:0 დააწინაურა.
ყვითელი მაისურით პირველად მოთამაშე მიკ ჰარისმა, რომელიც ახალ ზელანდიაშია დაბადებული, პირადი სანაკრებო ანგარიში გახსნა და შესვენებამდე 7 წუთით ადრე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. ახლა ამინდი ავსტრალიის მხარეს იყო, უკვე შოტლანდიას უჭირდა ფეხით თამაში და მეტოქის წნეხის ქვეშ მოექცა, მაგრამ სქოთებმა კარგად დაიცვეს თავი და იმ ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც მასპინძლებმა ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა მოახერხეს, ვიდეორეფერიმ ბურთის დამიწება არ დააფიქსირა.
ეს 56-ე წუთზე მოხდა, როდესაც “ვოლაბებმა” მეტოქის 22-ში დანიშნული ჯარიმის კარში დარტყმა არ ისურვეს და მაყურებლის მოთხოვნით ლელოს გატანაზე ითამაშეს. ამის მერეც, ჯარიმის კარში დარტყმას მათ 5-მეტრა შერკინება არჩიეს, მაგრამ იერიში ვერ განავითარეს. სულ ბოლოს ევროპელებმა ავსტრალიელთა ნახევარზე გადასვლა შეძლეს და როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო, ავსტრალია შერკინებაში დაჯარიმდა. ლეიდლოუს 82-ე წუთზე ფეხი არ აუკანკალდა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და შოტლანდიას 9:6 მოაგებინა.
9 ივნისს ავსტრალია უელსის ნაკრებს უმასპინძლებს და იმავე დღეს საქმეში სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებიც ჩაებმებიან: ახალი ზელანდია ირლანდიას მასპინძლობს, სამხრეთ აფრიკა - ინგლისს, არგენტინა იტალიას დაუხვდება, ხოლო კანადა აშშ-ს ნაკრებს ეთამაშება. შეაგხსენებთ, რომ აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან “ბორჯღალოსნებს” ტესტ-მატჩები 16 და 23 ივნისს ელით. შოტლანდია ფიჯიზე გადაინაცვლებს და მასპინძელთა გუნდს 16 ივნისს დაუპირისპირდება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.128987